2021 წლის 1-ელ აგვისტოს და 13 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სავარაუდო უკანონო ფარული მოსმენა-მიყურადების და თვალთვალის შედეგად მიღებული ფარული ჩანაწერები გავრცელდა - სხვადასხვა მედიასაშუალებებს მიაწოდეს ვებსაიტის ბმული, რომელზეც ათასობით დოკუმენტი იყო განთავსებული: ტექსტური ფაილები, ვიდეო და აუდიოჩანაწერები, ფოტომასალა. ეს იყო სატელეფონო საუბრების შინაარსები, მიმოწერები სოციალურ ქსელებში, შეხვედრები, პოლიტიკური განწყობები. სავარაუდოდ, ამ ყველაფერს სუს-ი წლების განმავლობაში აგროვებდა და აარქივებდა.
გამოქვეყნებულ დაახლოებით 58 000-მდე ფაილში, რომელშიც ძირითადად სასულიერო პირებზე თვალთვალი იყო გაშიფრული, ჟურნალისტებიც მოხვდნენ - ფაილებში მათი კერძო კომუნიკაციის და პირადი ცხოვრების შესახებ დეტალურად დამუშავებული ინფორმაცია აღმოჩნდა. ჩანაწერების ავთენტურობა ბევრმა ადამიანმა, მათ შორის, ჟურნალისტებმაც დაადასტურეს. მედიის წარმომადგენლების კომუნიკაციის დიდი ნაწილი ყოველდღიურ, ნაკლებად მნიშვნელოვან თემებს შეეხება - ჟურნალისტები და პროდიუსერები სტუმრებს გადაცემებში ეპატიჟებიან, ათანხმებენ ინტერვიუებს, აზუსტებენ ინფორმაციას...
პროკურატურამ მედიის მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება იმავე წლის 14 სექტემბერს დაიწყო (კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, რაც გულისხმობს კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერას, ან მიყურადებას, ასევე, კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის ან კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ გამოყენებას).
ცოტა მოგვიანებით, გიორგი გაჩეჩილაძემ, იმავე “უცნობმა” თავის გადაცემაში "უცნობის კიდობანი" გაასაჯაროვა აუდიოჩანაწერები, რომელშიც “მთავარი არხის” გადაცემა Post Factum-ის ჟურნალისტების და პროდიუსერის გადაცემის დაგეგმვის პროცესია ასახული. მათი საუბარი, სავარაუდოდ, 2021 წლის ნოემბრის დასაწყისში ჩაიწერეს (სწორედ ამ დროს არის გასული ის რეპორტაჟი, რომლის შესახებაც ისინი მსჯელობენ). სიუჟეტი სუს-დან გამოჟონილ ფაილებს შეეხებოდა, კონკრეტულად კი იმას, როგორ იყენებს ხელისუფლება ნასამართლევ ადამიანებს არჩევნების დროს ხმების მოსაგროვებლად.
2022 წელს ე.წ. სუს-ის კრებსების საქმეზე ჟურნალისტებმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს სარჩელით მიმართეს. ამასთანავე, 10 ჟურნალისტის უკანონო მოსმენა-მიყურადების საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა მედიაომბუდსმენმაც.
2021 წლის 29 სექტემბერს "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ წარმოადგინა მედიაგარემოს შეფასების ანგარიში. მასში მოყვანილი ცალკეული მაგალითები აღწერს იმ ძირითად ტენდენციებს და გამოწვევებს, რომლის წინაშეც ქართული მედია დგას.
"ქვეყანაში უკანონო მოსმენები გრძელდება, მათ შორის კრიტიკული მედიის ჟურნალისტების წინააღმდეგ და ამას ტოტალური ხასიათი აქვს. საჯაროდ გავრცელდა ფაილები, რომელიც, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფარულ მოსმენებს ასახავს. საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის, ასევე ჟურნალისტებისა და მედია კომპანიების მიერ მოწოდებული მონაცემების შედეგად, მინიმუმ, 10 მედიასაშუალების 55 ჟურნალისტი ადასტურებს, რომ სუს-ის ფაილებში არსებული ინფორმაცია ნამდვილია და მსგავსი შინაარსის კომუნიკაციას ჰქონდა ადგილი.
კვლავაც გრძელდება პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები კრიტიკული მედიის წინააღმდეგ, მათ შორის, ტელევიზიის მფლობელებზე, ხელმძღვანელობასა თუ ოჯახის წევრებზე ზეწოლის მიზნით. გრძელდება სოციალურ ქსელებში დეზინფორმაციული კამპანია, რომელიც საზოგადოებრივი აზრის მანიპულირების გზით პოლიტიკური ოპონენტების, სამოქალაქო სექტორისა და ჟურნალისტების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად“, - ვკითხულობთ ანგარიშში.
იმხანად ომბუდსმენი ნინო ლომჯარია საქართველოს პარლამენტის უფლებების დაცვის კომიტეტის სხდომაზე 2021 წლის ანგარიშის გაცნობისას, უკანონო ფარულ მოსმენებსაც შეეხო და შემაშფოთებელი უწოდა იმ საფრთხის შემცველ და მტრულ გარემოს, რომელშიც ჟურნალისტებს, სამოქალაქო აქტივისტებსა თუ უფლებადამცველებს უწევდათ საქმიანობა:
"გაიზარდა კრიტიკული მედიასაშუალების წარმომადგენელთა მიმართ ფიზიკური თავდასხმის შემთხვევები. ჩვეულ პრაქტიკად ჩამოყალიბდა პოლიტიკური თანამდებობის პირთა მხრიდან ჟურნალისტებისადმი ცინიკური და აგდებული დამოკიდებულება, სახელმწიფო უწყებების ღონისძიებზე მათი დაუშვებლობა და დისკრედიტაციისკენ მიმართული განცხადებები. საგანგაშოა თვალთვალის და მიყურადების ფაქტების არსებობაც და, სავარაუდოდ, სუს-დან ინფორმაციის ყველაზე მასიური გაჟონვა, დიდი ალბათობით, სწორედ იმას ადასტურებს, რომ ქვეყანაში ადამიანებს უკანონოდ უსმენენ. ეს კი ტოტალური კონტროლის საფრთხეს აჩენს.
ძალიან მაღალია ალბათობა, რომ უკანონო მოსმენები და პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის შეგროვება ხდება - ფაქტებიც ცხადყოფს, რომ ეს ინფორმაციები არათუ გროვდება, არამედ სახელმწიფო უწყებები იყენებენ ადამიანების დევნისა თუ ზეწოლისთვის. მოსმენები, ზოგადად, სახიფათო პრაქტიკაა და უნდა შეწყდეს.
ეს ფაქტი არაა ჯერ დაზუსტებული, თუმცა მათი ერთობლიობა ნამდვილად გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ძალიან მაღალია ალბათობა, რომ უკანონო მოსმენები და პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის შეგროვება ხდება. არა მხოლოდ წინასაარჩევნოდ, ზოგადად არის უკიდურესად სახიფათო პრაქტიკა და ასეთი რამ არ შეიძლება ხდებოდეს დემოკრატიულ ქვეყნებში. ეს არის ადამიანის უფლებების უკიდურესად უხეში დარღვევა და ადამიანის პირად ცხოვრებაში უხეშად ჩარევა. ამაზე რეაგირებაა განსახორციელებელი. ასეთი პრაქტიკა უნდა შეწყდეს“.
საერთაშორისო ორგანიზაციამ "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ჟურნალისტების ფარულ მიყურადებას "ძალიან შემაშფოთებელი“ ფაქტი უწოდა და ხელისუფლებას გამჭვირვალე და დამოუკიდებელი გამოძიებისკენ მოუწოდა.
მართალია, ე.წ. სუს-ის კრებსების საქმეზე გამოძიება დაიწყო, თუმცა, როგორც ჩემი რესპოდენტი კოლეგები მეუბნებიან, პროკურატურა მხოლოდ მათი გამოკითხვით შემოიფარგლა და საქმე ამაზე წინ არ წასულა.
"სუს - ის ფაილების" სახელით გავრცელებული ჩანაწერების საქმეზე პროკურატურამ რამდენიმე მათგანი დაზარალებულად ცნო, რომელთა შორისაა "რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტი ეკა ქევანიშვილი. როგორც ჟურნალისტი მეუბნება, მისი საუბრებიდან ფაილებში იყო რამდენიმე ეპიზოდი.
"ჟურნალისტების საქმე არასამთავრობო ორგანიზაცია "მედიაომბუდსმენმა“ აიღო და ჩვენს უფლებებს კონკრეტულად ნათია კაპანაძე იცავდა. ჩვენ ერთხელ ვიყავით პროკურატურაში გამოკითხვაზე და მხოლოდ ის ვიცი, რომ საქმის გამოძიება მიდის, მეტი არაფერი. მას მერე არც არავინ დამკავშირებია და საქმეში სიახლე არაფერი გვაქვს.“
არასამთავრობო ორგანიზაცია "მედიაომბუდსმენის" ხელმძღვანელის ნათია კაპანაძის თქმით, ჟურნალისტებისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება პროკურატურამ მას შემდეგ დაიწყო, რაც სტრასბურგში სარჩელი გაიგზავნა.
"ჩვენ პირველ ეტაპზე ვერ მივაღწიეთ, რომ მინიმუმ პროკურატურას ეპასუხა და სასამართლო დაგვერწმუნებინა, როგორ დაირღვა ჟურნალისტების უფლებები. სტრასბურგში სარჩელის გაგზავნის შემდეგ, პროკურატურამ ჟურნალისტების დაბარება დაიწყო და დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა... დღეისთვის ორგანიზაცია აწარმოებს 14 მედიასაშუალების 41 ჟურნალისტის საქმეს, რომლებიც მიყურადების მსხვერპლი გახდნენ ჟურნალისტური საქმიანობის პროცესში. ეს მოსმენები არ შეეხებოდა მხოლოდ სასულიერო პირებს, ხშირ შემთხვევებში დაფიქსირებულია კომუნიკაცია საჯარო პირებთან, ან რედაქციის შიგნით, კოლეგებთან. ეს გვარწმუნებს, რომ ჟურნალისტებს უსმენდნენ", - ამბობს ნათია კაპანაძე.
უკანონო მოსმენების საქმეზე ჟურნალისტების საჩივრის სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნის შემდეგ, პროკურატურამ "ფორმულას“ წამყვანი თამარ ჩიხლაძე გამოკითხვაზე დაიბარა და დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა.
"ვიდრე დაზარალებულის სტატუსს ოფიციალურად მომანიჭებდნენ, ერთადერთხელ დამკითხეს და ამის შემდეგ პროცესი გაყინულია, აღარაფერი ვიცით. საქმე ევროსასამართლოში გვაქვს გაგზავნილი. იცოდნენ, რომ სტრასბურგისთვის უნდა მიგვემართა და მანამდე დაგვკითხეს, დაგვასწრეს და რაღაც სიმულაცია შექმნეს, ვითომ საქმეს იძიებდნენ. ამის შემდეგ აბსოლუტურად აღარაფერია...
ფაილებში მოხვდა ჩემი სატელეფონო საუბრის ჩანაწერი ნატა ფერაძესთან (სამოქალაქო უფლებებისა და გარემოს დამცველი) და ოჯახის მეგობარ სასულიერო პირებთან. დიალოგები აბსოლუტური სიზუსტით იყო გაშიფრული. მაშინ სუს-ის კრებსებზე რაც გამოჩნდა, იყო წარმოუდგენელი მასშტაბის მიყურადების სურათი - დავინახეთ, რომ გაშიფრული იყო, აბსოლუტურად, რუტინული დიალოგებიც, რომლებიც არ შეიძლება იყოს სახელმწიფოს ინტერესში. თავისთავად უკანონობაა, როდესაც ყველა მოსმენა განხორციელებულია საკანონმდებლო პროცედურის დაცვის გარეშე. წარმოუდგენელია ის დეტალები, რაც აქვთ გაშიფრული, მაგალითად, როგორ ათანხმებენ ჩემი კოლეგები სტუმარს, სასულიერო პირს, ესეც კი მოხვედრილია კრებსებში, რაც თვალთვალის მასშტაბს გვიჩვენებს. თანაც, ფაილებში, რომლებიც სასულიერო პირებს ეხებათ, ჩვენ, ჟურნალისტები გავლით ვართ მოხვედრილი და წარმომიდგენია, რა ხდება სხვა თემატურ ფაილებში, რაც მაღალი ალბათობით, ცალკე იქნება ჟურნალისტებზე, ცალკე - პედაგოგებზე და ყველა საჯარო მოსამსახურეზე.
ეს არის ტოტალური კონტროლის სურვილი და ამის მოტივაცია, რა თქმა უნდა, არის ის, რომ იქნებ და იპოვონ რაღაც ისეთი, რაც შეიძლება შემდგომში შანტაჟის საფუძველი აღმოჩნდეს. სასულიერო პირებზე აშკარად ჩანს, რომ ეს ყველაფერი მომავალში მათი კომპრომეტირებისთვის კეთდება. სახელმწიფოს ნება ჩანს დამოკიდებულებაში. ჩვენ რომ ამ კრებსების შემდეგ გვენახა დაინტერესება და გამოძიება, გახსნილი საქმე, ვინმე დაკითხული, ან დაკავებული, მაშინ შეიძლება გვეთქვა, რომ სახელმწიფომ ისწავლა, ან გადააფასა რამე. მათი მხრიდან არის სრული უმოქმედობა, როგორც ვიცი, ჩემი მეგობრების საქმეზეც არ არის პროგრესი. როგორც ჩანს, აბსოლუტურად, სიმულაციური პროცესი იყო, როცა მედიის წარმომადგენლები ერთმანეთის მიყოლებით დაგვიბარეს გამოკითხვებზე პროკურატურაში. ესეც იმიტომ, რომ მაშინ ჩვენ ყველამ განვაცხადეთ, რომ სტრასბურგს მივმართავდით. ეს სიმულაციური პროცესი კი თითქოს დასწრების ეფექტით შეიქმნა, აი, გამოძიებას ვაწარმოებთო, სინამდვილეში კი არაფერი კეთდება. დარწმუნებული ვარ, რომ მიყურადება-თვალთვალის მსხვერპლია არა მარტო კრიტიკული, არამედ სახელისუფლებო მედიის წარმომადგენლებიც. მასშტაბი აჩვენებს სწორედ იმას, რომ უსმენენ ყველას. სახელმწიფო როცა ამ უკანონო იაღარს იყენებს, ეს იარაღი მიმართულია ყველასკენ. ამ ჩანაწერებში ჩვენი რუტინული პროცესი იყო გაშიფრული და ამ პროცესის მიღმა იყო ჩემი ჩანაწერი. პრინციპში, დაზარალებულები რომ ვართ, ეს უკვე აღიარებაა იმისა, რომ სახელმწიფო უკანონოდ გვისმენდა. ეროვნულ დონეზე რაიმე ძვრა თუ არ იქნა, ცხადია, ბრძოლას სტრასბურგში გავაგრძელებთ“, - ამბობს თამარ ჩიხლაძე.
ტელეკომპანია "მთავარის“ ჟურნალისტი გიორგი გვიშიანი, რომლის სატელეფონო საუბრების ჩანაწერებიც კრებსებში მოხვდა, იმხანად ორ საქმეზე გამოიკითხა, თუმცა ამბობს, რომ გამოძიება წინ არ წასულა და არც აქვს იმედი, რომ დამნაშავეები დაისჯებიან. ჟურნალისტი დარწმუნებულია, რომ სუს-ი არა მარტო კრიტიკული, არამედ სახელისუფლებო მედიის წარმომადგენლებსაც უსმენს და არავინ იცის, მათ წინააღმდეგ კომპრომატებს როდის გამოიყენებენ.
"ფაილების საქმეზე ქალაქის პროკურატურაში 2021 წელს გამოვიკითხე და მაშინ მითხრეს, რომ ვარ დაზარალებული. მას მერე აღარავინ დამკავშირებია. ჩვენი ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილია, ის მახლდა დაკითხვაზე, მას მერე ბევრჯერ შევხვდი და არასდროს უხსენებია ეს საკითხი. ფაილებში რაც აღმოვაჩინე, ჩემთან დაკავშირებით იყო 2 შემთხვევა და ორივეს ნამდვილობას ვადასტურებ. ერთ შემთხვევაში ვესაუბრებოდი ქალბატონ თეა გოდოლაძეს (დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი), თუ სწორად მახსოვს, ნამახვანჰესზე ვაკეთებდი რეპორტაჟს და ინტერვიუს ვუთანხმებდი. ფაილებში ეს სატელეფონო საუბარი მოხვდა. მეორე იყო ჩემს კოლეგა ემა გოგოხიასთან საუბარი - მაშინ ვამზადებდით რეპორტაჟს ასეთ თემაზე (რომელიც აღარ მომზადებულა): სამეგრელოში ადამიანს გარდაეცვალა შვილი და მან მისი შვილის სახელზე საკუთარი მიწა ეკლესიას აჩუქა იმ პირობით, რომ იქ ტაძარი აეშენებინათ. თუმცა იმ ადამიანებმა ეს ტერიტორია რომელიღაც კომპანიას მიჰყიდეს და იქ ეკლესიის ნაცვლად, მაღალი დაცვის გადამცემი ხაზი ჩადგეს, რასაც მჩუქებელი აპროტესტებდა. ამ თემაზე ვსაუბრობდით მე და ემა და ეს საუბარი მოხვდა კრებსებში. ასევე, ამას ერთვოდა ჩემი ფოტო, ტელეფონის ნომერი და ყველა მონაცემი, ანუ ახლდა ინფორმაცია ჩემს შესახებ.
როგორც ჩანს, ჟურნალისტებს საშიშად გვთვლიან, თუმცა რატომ გვთვლიან, ამას ვერ ვხვდები, პირადად ჩემი ნამუშევრები და საქმისადმი დამოკიდებულება ისედაც ჩანს. აქ ერთადრთი ახსნა ისაა, ჩვენ ყველაფერი ვიცით, შეგვიძლია თქვენზე ყველაფერი გავიგოთ, მოგისმინოთ და გვიფრთხილდითო. რაღაც ვარიანტში, ეს დაშინების მეთოდია, რომ თუ რამე და ფეხი გადაგიბრუნდა, იცოდე, რომ ჩვენი თვალთახედვის არეში ხარ. რომ გითხრათ, დიდად მეშინია ამ საკითხის-მეთქი, არაა ასე, თუმცა ადამიანები ვართ, ჩვენი ცხოვრება გვაქვს და ნამდვილად არაა სასიამოვნო მასში ხელის ფათური. ჩვენი რეპორტაჟები კრიტიკულია და, შესაბამისად, ჩვენ უფრო დიდი ინტერესის საგანს წარმოვადგენთ, ვიდრე სახელისუფლებო მედიის წარმომადგენლები, თუმცა დარწმუნებული ვარ, ყველას უსმენენ და არ არსებობს ზღვარი, როდის დაიწყებენ მოქმედებას. აგერ, გაბრაზდა "იმედის“ ჟურნალისტი, ყელში ამოუვიდა, რაც იქ ხდება, წამოვიდა სამსახურიდან და ფაქტია, წინ დაუდებენ რაღაცეებს. ამათ ყველაზე აქვთ კომპრომატი. მთავარი ისაა, რომ თითქმის 2 წელი გავიდა და არაფერია, ფაქტია, რომ ეს სუს-მა გააკეთა, მაგრამ კანონმდებლობა ისეა მოწყობილი, პროკურატურა სუს-ის თანამშრომელს ვერ დაკითხავს. ამ ხელისუფლების და ასეთი ფორმაციის პირობებში, ამ საქმის გამოძიების და დამნაშავის დასჯის შანსი არაა. გახსოვთ ალბათ კიდევ ერთი საქმე - იმავე პერიოდში "უცნობის“ ეთერში გავიდა აუდიო ჩანაწერი, "პოსტ ფაქტუმის“ დაგეგმვას რომ ეხებოდა. ფაილების საქმე მიმდინარე მაინც არის, ეს რომ მოვიკითხეთ, აბსოლუტურად, გაჩერებულია, ვინაიდან "უცნობმა" განაცხადა, წყაროს არ დავასახელებო და მათაც უთხრეს - კეთილი და დავიშალეთო. საერთოდ არ ჩანს რაიმე ტიპის საგამოძიებო სამუშაოები თუ ჩაატარეს. შეეძლოთ მოეპოვებინათ მტკიცებულებები - ვის, სად და რატომ შეხვდა "უცნობი“ (ვინც მას ჩანაწერი გადასცა), ამოეღოთ კამერების ჩანაწერები და სხვა საგამოძიებო მოქმედებები ჩაეტარებინათ, მაგრამ ამის ნება არ იყო. გამოძიება არ იძვრის... ფაილების საქმეს რაც შეეხება, ალბათ როდესაც ქვეყანაში სუს-ი ჩამოიშლება, მერე შეიძლება კიდევ სხვა ბევრი საქმეც გამოაშკარავდეს, ასე ვუყურებ ამ საქმეს, მაგრამ უახლოეს მომავალში ამას არ ველი...“