ავტორი:

აფხაზეთის მკვიდრს, რომლის მანქანიდანაც საქართველოს დროშა იყო გადმოკიდებული, ბოდიში მოახდევინეს - როგორ იქცა ყარაჩაი-ჩერქეზეთში გადაღებული ვიდეო სკანდალად?

აფხაზეთის მკვიდრს, რომლის მანქანიდანაც საქართველოს დროშა იყო გადმოკიდებული, ბოდიში მოახდევინეს - როგორ იქცა ყარაჩაი-ჩერქეზეთში გადაღებული ვიდეო სკანდალად?

სოციალურ ქსელებში გავრცელდა ყარაჩაი-ჩერქეზეთში გადაღებული ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ მანქანიდან, რომელსაც ე.წ. აფხაზური ნომრები აქვს, საქართველოს დროშაა გადმოკიდებული. ვიდეოკადრებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და საბოლოოდ სკანდალად იქცა.

ამის მერე კიდევ ერთი ვიდეო გავრცელდა, რომელშიც ახალგაზრდა კაცი, რომელსაც რუსული წყაროები აფხაზეთის მკვიდრად მოიხსენიებენ და რომელსაც ეკუთვნის მანქანა, ბოდიშს იხდის. მისი თქმით, ინციდენტი შემთხვევით მოხდა და მან დროშის შესახებ არ იცოდა. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ბიჭი წინასწარ გამზადებულ ტექსტს ჰყვება, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ახალგაზრდას ბოდიშის მოხდა აიძულეს.

მისმა "თავის მართლებამ“ საბოლოოდ პოლიტიკური ელფერიც შეიძინა, რადგან ბიჭი აცხადებს, რომ საქართველო აფხაზეთისთვის "არამეგობრული“ ქვეყანაა".

"ინტერნაციონალურ ქორწილში ვიმყოფებოდი, ერთ-ერთი სტუმარი ჩაჯდა ჩემს მანქანაში. როგორც გაირკვა, მან ამოიღო ქართული დროშა და ფანჯარაში გამოკიდა. ყოველგვარი ეჭვის გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ მთლიანად საყოფაცხოვრებო სიტუაცია იყო. ვიცი, რომ საქართველო ჩვენი აფხაზეთისთვის არამეგობრული ქვეყანაა, რომელმაც დღემდე არ მოაწერა ხელი მშვიდობიან შეთანხმებას. მე არ მივაქციე იმ მომენტს ყურადღება, როცა ჩემს მანქანაში ჩაჯდა ხალხი, ვისაც საქართველოს დროშა ჰქონდა. ბოდიშს ვუხდი ყველას, ვისაც უსიამოვნება მოვუტანე, პირველ რიგში მამას და ძმურ აფხაზ ერს“, - ამბობს ბიჭი. წყარო

  • მოამზადა ანრი კურტანიძემ