ავტორი:

"ჩემი სისხლის სამართლის საქმე იმდენად სასაცილოა... ეს ქვეყანა კი არა, წამების ოთახია" - რუსი მხატვრისთვის მისჯილი 7-წლიანი პატიმრობა და ბოლო სიტყვა სასამართლოზე

"ჩემი სისხლის სამართლის საქმე იმდენად სასაცილოა... ეს ქვეყანა კი არა, წამების ოთახია" -  რუსი მხატვრისთვის მისჯილი 7-წლიანი პატიმრობა და ბოლო სიტყვა სასამართლოზე

სანქტ-პეტერბურგის სასამართლომ მხატვარ საშა სკოჩილენკოს შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ქალს ბრალად ედებოდა რუსული არმიის შესახებ "ყალბი ამბების“ გავრცელება. საშა 2022 წლის მარტში დააკავეს, უკრაინაში ომის დაწყებიდან ერთ თვეში. მიზეზი მაღაზიაში პროდუქტებზე ფასის ეტიკეტის ომის საწინააღმდეგო ლოზუნგებით ჩანაცვლება გახდა.

სანქტ-პეტერბურგის ვასილეოსტროვსკის სასამართლომ მხატვარი დამნაშავედ ცნო რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 207.3 მუხლით (შეიარაღებული ძალების გამოყენების შესახებ შეგნებულად ცრუ ინფორმაციის საჯაროდ გავრცელება) და მიესაჯა შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის კოლონიაში.

საშა სკოჩილენკოს საქმე წელიწადნახევარი გაგრძელდა და მთელი ამ ხნის განმავლობაში ის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდა, სადაც მისი ჯანმრთელობა მკვეთრად გაუარესდა, მას არ ჰქონდა საჭირო საკვები და სამეციდინო მომსახურება.

სასამართლო სხდომებზე სკოჩილენკოს არ აძლევდნენ უფლებას დარბაზში მიეღო საკვები, წყალი ან წამალი. დაცვის მხარემ პროცესზე არაერთხელ განაცხადა, რომ ქალი სასამართლოში დილით ადრე მიიყვანეს და ამის გამო მთელი დღე ვერაფერს ჭამდა.

"საშას რამდენიმე სერიოზული ქრონიკული დაავადება აქვს. მას სჭირდება შესვენებები წყლის დასალევად, წამლების მისაღებად, საჭმელად, ტუალეტში გასასვლელად და კარდიოსტიმულატორის ელემენტების გამოსაცვლელად“, - ამბობდა სკოჩილენკოს დამცველი.

საშა რამდენიმე ქრონიკული დაავადების დიაგნოზი დაუსვეს. მას ბავშვობიდან აწუხებს ცელიაკია - გლუტენის აუტანლობა, წინასწარი დაკავების იზოლატორში კი სპეციალური დიეტა სჭირდება, რასაც სისტემა ვერ უზრუნველყოფს. სკოჩილენკოს ასევე აქვს გულის დეფექტი, რამაც შეიძლება მისი სიკვდილიც კი გამოიწვიოს.

თუმცა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, სასამართლო უარს ამბობს შინაპატიმრობაში სკოჩილენკოს გადაყვანაზე იმ საბაბით, რომ მისი ნათესავები საზღვარგარეთ ცხოვრობენ და შეუძლია მათთან გაიქცეს.

  • იგივე ბრალდება და სხვადასხვა სასჯელი

სკოჩილენკოს წინააღმდეგ პოლიციაში განცხადება 72 წლის პენსიონერმა შეიტანა, რომელიც "უკიდურესად აღშფოთებული" იყო მხატვრის მიერ გაკეთებული წარწერით "რუსეთის არმიამ დაბომბა სკოლის შენობა".

სკოჩილენკო არ არის ერთადერთი ბრალდებული "ყალბი ამბების" გავრცელებაში, ანალოგიური ბრალდება წაუყენეს სმოლენსკელ ბიზნესმენს ვლადიმერ ზავიალოვს, რომელმაც ასევე შეცვალა რამდენიმე ფასის ნიშანი მაღაზიაში ომის საწინააღმდეგო წარწერით. თუმცა იგივე ბრალდებაზე კაცმა ექვსი თვე შინაპატიმრობაში გაატარა. პროკურატურამ მის წინააღმდეგ ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა, მაგრამ ზავიალოვმა რუსეთიდან გაქცევა განაჩენამდე რამდენიმე დღით ადრე შეძლო.

სკოჩილენკო პირველი იყო, ვინც მსგავსი ქმედებებისთვის დააკავეს. ამის შემდეგ, ეკატერინბურგში, ტულასა და ყაზანში ასევე დააკავეს რამდენიმე ადამიანი, ვინც ომის საწინააღმდეგო წარწერებით მაღაზიებში ფასები შეცვალა, მაგრამ ყველა ამ შემთხვევებშიც "დამნაშავეები“ ჯარიმებით გადარჩნენ.

  • სკოჩილენკოს ბოლო სიტყვა სასამართლოზე

"ჩემი სისხლის სამართლის საქმე იმდენად უცნაური და სასაცილოა, რომ ხანდახან მეჩვენება: შევალ სასამართლო დარბაზში და ციდან უცებ დაეშვება კონფეტების წვიმა, ყველა ფეხზე წამოდგება და იყვირებს: ეს ხუმრობაა, ეს არის ხუმრობა!"

"ჩემი გამომძიებლებისა და პროკურორების წყალობით, ჩემს მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ მიაღწია ათასობით ადამიანამდე რუსეთსა და მთელ მსოფლიოში. მე რომ არ დაგეპატიმრებინეთ, ერთი ბებია, მოლარე და მაღაზია "პერეკრიოსტოკის" დაცვის თანამშრომელი გაიგებდა ამ ინფორმაციას".

სკოჩილენკომ გაიხსენა, რომ ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ აჯანყების საქმე დაიხურა, მიუხედავად იმისა, რომ "უზარმაზარი ზიანი" მიადგა ქვეყანას. "ჩემი ქმედებით არავინ დაშავებულა და წელიწადნახევარზე მეტია, პატიმრობაში ვარ - მკვლელებთან, ქურდებთან, არასრულწლოვანთა გაუპატიურებისთვის ბრალდებულებთან და პროსტიტუციის ორგანიზატორებთან ერთად. ეგრეთ წოდებული ზიანი, თითქოს ჩემს მიერ მიყენებული ზარალი შეედრება ამ დანაშაულებს...

მიუხედავად იმისა, რომ გისოსებს მიღმა ვარ, შენზე თავისუფალი ვარ. მე შემიძლია საკუთარი გადაწყვეტილებების მიღება, შემიძლია ვთქვა, რასაც ვფიქრობ, შემიძლია დავანებო სამსახურს თავი. მე არ მყავს მტერი, არ მეშინია ფულის ან თუნდაც სახლის გარეშე დარჩენის“, - მიმართა მან მოსამართლეს და სთხოვა, გონივრულად გამოეყენებინა თავისი ძალაუფლება ადამიანის ბედის გადაწყვეტისას.

წყარო