ავტორი:

"ის ოლიგარქია, რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა - ის ვერ წარმოიდგენს, რომ რუსეთი დამარცხდება" - რას ამბობს პრეზიდენტი ბიძინა ივანიშვილზე და როდის ჰქონდა მასთან ბოლო კომუნიკაცია?

"ის ოლიგარქია, რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა - ის ვერ წარმოიდგენს, რომ რუსეთი დამარცხდება" - რას ამბობს პრეზიდენტი ბიძინა ივანიშვილზე და როდის ჰქონდა მასთან ბოლო კომუნიკაცია?

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია.

როგორც ზურაბიშვილმა, le monde-თან ინტერვიუში განაცხადა, ივანიშვილი მათ რიგებშია, "ვინც ვერ წარმოიდგენს, რომ რუსეთი დამარცხდება".

"ის ოლიგარქია, რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა. ასე რომ, მენტალიტეტზე გავლენას ახდენს ის, რაც მან წარსულში გამოცადა. დღეს მსოფლიო ორად იყოფა. ის მათ რიგებშია, ვინც ვერ წარმოიდგენს, რომ რუსეთი დამარცხდება, ამიტომაც ცდილობს წინასწარ მოერგოს რუსეთის გამარჯვებას, რომელიც შესაძლოა, კიდევ უფრო აგრესიული იყოს. მისი გავლენით, ხელისუფლებაში მყოფი, ევროპაში განათლებამიღებული ახალგაზრდები აჩვენებენ სისუსტესა და მაამებლურ პოზიციას რუსეთის მიმართ. ეს ახალი გეოპოლიტიკური მოცემულობის ცუდი აღქმაა.

მეორე ნაწილი, განსაკუთრებით, ახალგაზრდები, ფიქრობენ, რომ რუსეთი ვეღარასოდეს იქნება ის, რაც ადრე იყო. ის მრავალი კუთხით უკვე დამარცხდა - სამხედრო თვალსაზრისით და პრესტიჟის მხრივაც: მან ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში შესვლა მოახდინა და მალე დააჩქარებს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას. ეს ყველაფერი რუსეთის „წყალობით“ მოხდება, რადგან ჩვენი დღის წესრიგი ასე სწრაფ ტემპზე არ იყო გათვლილი. ამ რუსეთმა წააგო“,- განაცხადა ზურაბიშვილმა ინტერვიუში.

ამასთან, კითხვაზე, როგორ ესმის ევროპული კომისიის რეკომენდაცია "დეოლიგარქიზაციაზე", სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ დღეს ქართულ პოლიტიკაში, ივანიშვილის გარდა, სხვა ოლიგარქი არ არის და "პასუხი დეოლიგარქიზაციაზე, მომავალ არჩევნებშია“.

"მე არ ვიცი, როგორია მისი რეალური ჩარევა ქვეყნის ეკონომიკურ საკითხებში. ეს ყველაფერი აბსოლუტურად არაა გამჭვირვალე. ცხადია, მას დომინანტური გავლენა აქვს არსებულ მმართველებზე. დღეს ქართულ პოლიტიკაში, ივანიშვილის გარდა, სხვა ოლიგარქი არ არის.

პასუხი დეოლიგარქიზაციაზე, ვფიქრობ, მომავალ არჩევნებშია. ოცდაათი წელია ჩვენ ხელისუფლების ერთპარტიულ სისტემაში ვართ. დეოლიგარქიზაცია ნიშნავს, რომ რაც შეიძლება თავისუფალი არჩევნები გვჭირდება, რეალური კოალიციით, პროევროპული ფრონტით“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, თუ როდის ჰქონდა ბოლო კომუნიკაცია ყოფილ პრემიერთან, სალომე ზურაბიშვილი პასუხობს:

"ორწელიწადნახევარი, სამი წელია მასთან არანაირი კონტაქტი არ მქონია. საგარეო პოლიტიკის გარდა, სხვა საუბარი მასთან არასდროს მქონია. როდესაც ევროკავშირში მოგზაურობიდან დავბრუნდი, მივედი ჩემი მოსაზრების გასაზიარებლად, თუ რა უნდა გაგვეკეთებინა. ეს უფრო მონოლოგი იყო, ვიდრე რეალური დიალოგი. არავინ იცის, ის რას ფიქრობს".

როგორც ზურაბიშვილი ამბობს, იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება ივანიშვილის გარეშე ვერ მოხდებოდა და ამაში „ქართულ ოცნებას“ წარმატებისთვის რომ მიეღწია, "უკიდურესად ნეგატიური როლი ექნებოდა ევროპულ გადაწყვეტილებებზე“.

"მან [ბიძინა ივანიშვილმა] ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩემი, როგორც პროევროპულის, ქვეყნის პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენაში [2018 წელს], თუმცა არ უთამაშია დადებითი როლი ევროკავშირისაკენ ჩვენი გზის დაჩქარებაში, რომელიც უკრაინამ წამოიწყო. შესაძლოა, მან უარყოფითი როლი ითამაშა, თუ ჩავთვლით, რომ ის შთააგონებს მმართველ პირებს, როდესაც ისინი ცუდ გადაწყვეტილებებს იღებენ. მაგალითად, როგორიცაა ჩემი იმპიჩმენტი, რომელიც მის გარეშე ვერ მოხდებოდა და ამაში წარმატებისათვის რომ მიეღწიათ, მას უკიდურესად ნეგატიური როლი ექნებოდა ევროპულ გადაწყვეტილებებზე“,- აცხადებს ზურაბიშვილი.

კითხვაზე - ხელისუფლებაში სწორედ ივანიშვილის წყალობით მოვიდა და რაში სდებს ახლა ის ბრალს ზურაბიშვილს, პრეზიდენტი ამბობს, რომ ივანიშვილი, ალბათ, იმაში ადანაშაულებს, რომ მის ხელში არაა.

„დომინანტი პარტიის მხარდაჭერის გარეშე ნათელია, რომ როგორც დამოუკიდებელ კანდიდატს არ მქონდა ბერკეტები, რომ ვყოფილიყავი არჩეული. რაშიც მადანაშაულებს, ალბათ ისაა, რომ მის ხელში არ ვარ, როგორც „ქართული ოცნების“ წევრი მმართველები.