ავტორი:

"მუქარა მუდმივად არის - შესაძლოა, სხვა რამ იპოვონ, მაგრამ მოგზაურობას არ შევწყვეტ" - სალომე ზურაბიშვილი

"მუქარა მუდმივად არის - შესაძლოა, სხვა რამ იპოვონ, მაგრამ მოგზაურობას არ შევწყვეტ" - სალომე ზურაბიშვილი

მუქარა მუდმივად არის - შესაძლოა, სხვა რამ იპოვონ, მაგრამ კითხვაც არ უნდა იმას, რომ მე არ შევწყვეტ მოგზაურობას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Le Monde-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, შეუძლია თუ არა თავისუფლად მოგზაურობა მას შემდეგ, რაც მისი იმპიჩმენტის მცდელობა მარცხით დასრულდა.

ზურაბიშვილის თქმით, აღნიშნული საქმე დღეს დახურულია.

"მე საკონსტიტუციო სასამართლოში შევეწინააღმდეგე ამ ბრალდებას, მიუხედავად იმისა, რომ თავად ის სხვა ინსტიტუციების მსგავსად, ნაკლებად დამოუკიდებელია. დღეს ეს დახურული საქმეა. მუქარა მუდმივად არის. შესაძლოა, სხვა რამ იპოვონ, მაგრამ კითხვაც არ უნდა იმას, რომ მე არ შევწყვეტ მოგზაურობას“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

კიდევ ერთი კითხვა შეეხებოდა იმას, რომ სალომე ზურაბიშვილმა რუსეთის შეჭრის შემდეგ, უკრაინისადმი მხარდაჭერა გამოხატა, მაგრამ არასდროს წასულა კიევში.

კითხვაზე, რატომ არ გააკეთა ეს, პრეზიდენტი განმარტავს, რომ გადაწყვიტა, საკუთარი თავი დამატებითი თავდასხმების ქვეშ არ ჩაეგდო ისეთ ადგილებში წასვლით, რომელიც ევროინტეგრაციას პირდაპირ არ უკავშირდება.

"რამდენჯერმე მიმიწვიეს კიევში, მაგრამ ჩემი დადანაშაულების [იმპიჩმენტი პროცედურა] გამო, მე მოქმედების შემდეგი კურსი დავისახე: არ ჩავსულიყავი სხვა დედაქალაქებში, გარდა - პარიზის, ბერლინის, ბრიუსელისა, თუ ბალტიის ქვეყნებისა, ამ პერიოდიდან დეკემბრამდე, როცა ევროპული გადაწყვეტილება იქნება [27 ქვეყანა მიიღებს ოფიციალურ გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსზე] და შესაბამისად, საკუთარი თავი დამატებითი თავდასხმების ქვეშ არ ჩამეგდო ისეთ ადგილებში წასვლით, რომელიც პირდაპირ არ უკავშირდება [ევროინტეგრაციას, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის ბედი ჩვენსას უკავშირდება]“,- აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

კითხვას იმის შესახებ, რომ იმპიჩმენტის პროცედურა წარუმატებლად დასრულდა და ახლა რა უშლის ხელს კიევში წასვლისთვის, პრეზიდენტი მოკლედ პასუხობს: "ვნახავთ“. ამავე სიტყვით პასუხობს ჩაკითხვას, "გამორიცხული არაა?“.

კიდევ ერთ კითხვაზე, თუ რატომ არ წავიდა კიევში იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებამდე, სალომე ზურაბიშვილი განმარტავს, რომ "ეს [იმპიჩმენტი] დიდი ხანია მზადდებოდა“.

"მე ვიცოდი საკითხები, რომელიც საზოგადოებისათვის არაა ასე ცნობილი“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.