ავტორი:

ინტერნეტსენსაციად ქცეული "მის ნეპალი", რომელსაც სილამაზის სტანდარტების შეცვლა სურს - "აქ ვარ როგორც პუტკუნა ქალი, რომელიც სტანდარტებს არ მისდევს... მიყვარს საკუთარი თავი"

ინტერნეტსენსაციად ქცეული "მის ნეპალი", რომელსაც სილამაზის სტანდარტების შეცვლა სურს - "აქ ვარ როგორც პუტკუნა ქალი, რომელიც სტანდარტებს არ მისდევს... მიყვარს საკუთარი თავი"

წლევანდელი "მის ნეპალი" და ინტერნეტსენსაცია 23 წლის ჯეინ დიპიკა გარეტია. გოგონას გადაწყვეტილი აქვს, რომ "მის სამყაროს" კონკურსის მოძველებული სილამაზის სტანდარტები შეცვალოს და სხვეულის პოზიტიურობის დამცველია. ჯეინმა თავისი ბუნებრივი სილამაზით და შთამაგონებელი განცხადებებით დაიპყრო ჟიურის და მაყურებლების გულები და "მის ნეპალის" ტიტულიც მოიპოვა. ახლა ის "მის სამყაროს" ტიტულისთვისაც იბრძოლებს.

"როგორც პუტკუნა ქალი, რომელიც სილამაზის გარკვეულ სტანდარტებს არ მისდევს, აქ იმისთვის ვარ, რომ ყველანაირი ქალი წარმოვადგინო. ვფიქრობ, სილამაზის გაწერილი სტანდარტი არ არსებობს და ყველა ქალი ბუნებრივადაა ლამაზი",- თქვა მან ჟურნალ HOLA!-ს ესპანურ გამოცემასთან.

გარეტი ინტერვიუში იმასაც განიხილავს, როგორ ამაყობს, რომ თავისი კომპლექსების დაძლევა შეძლო: "ვფიქრობ, წარმატება თითოეული ადამიანისთვის განსხვავებული მნიშვნელობისაა. ჩემთვის ამ სცენაზე დგომა და ჩემი სიმართლის თქმა ძალიან მნიშვნელოვანია. რამდენიმე წლის წინ დაბალი თვითშეფასება მქონდა, ახლა უკვე მიყვარს საკუთარი თავი და ეს ჩემთვის წარმატებაა".

ჯეინ დიპიკა გარეტი აშშ-ში დაიბადა. 2020 წელს მან ბლოგერობა დაიწყო. ჯეინს მრავალმხრივი ინტერესი აქვს და არაერთი პროფესიით უმუშავია - ყოფილა მედდა, პედაგოგი და ინფლუენსერი. გარეტს პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი (PCOS) აქვს და ის ფსიქიკური ჯანმრთელობის, სხეულის პოზიტივის და ჰორმონალური ჯანმრთელობის დამცველია.

საკვერცხის პოლიკისტოზური სინდრომი ისეთი პათოლოგიური მდგომარეობაა, როდესაც ქალს ორგანიზმში მომატებული რაოდენობით აღენიშნება მამაკაცის სასქესო ჰორმონი, ანდროგენი. ეს სინდრომი საკმაოდ ხშირია და ქალების 10%-ს აღენიშნება. ამ დარღვევის უხშირეს სიმპტომებს მიეკუთვნება არარეგულარული მენსტრუალური ციკლი, თმის ზრდა ქალისთვის უჩვეულო ადგილებში, თავზე თმის ცვენა, აკნე, სხვადასხვა სახის მეტაბოლური დარღვევები, წონის მატება და წონის დაკლების სირთულე.

ის, რომ ჯეინი პლუს ზომის მოდელია, მას ხან ქების, ხან კი კრიტიკის ობიექტად აქცევს. გარეტი სილამაზის კონკურსებში ფესვგადგმული სტერეოტიპების გამოწვევით სხეულის პოზიტიურობის მოძრაობის წამყვანი ფიგურა ხდება. გარეტის გაბედულება ინდუსტრიაში უფრო ინკლუზიური და მისაღები სივრცის შექმნას უწყობს ხელს.

16 ნოემბერს გამართულ წინასწარ შეჯიბრში 23 წლის ჯეინი ხალხის ფავორიტებს შორის იყო. სცენაზე მისმა გამოჩენამ ხალხში აჟიოტაჟი გამოიწვია: "ის ნამდვილად იმსახურებს ტაშს! როგორი თავდაჯერებული ქალია", -წერდა X-ზე ერთ-ერთი მომხმარებელი.

პლანეტის უდიდესი სილამაზის კონკურსის დასკვნითი ცერემონია 18 ნოემბერს ელ სალვადორში გაიმართება.

წყარო: marca

მოამზადა: ანა სიბოშვილმა