ავტორი:

"ამინდი შეიცვალა, სითბოს აღარ უნდა ველოდოთ" - საქართველოს რამდენიმე რეგიონში მოთოვა: როგორია უახლოესი დღეების პროგნოზი

"ამინდი შეიცვალა, სითბოს აღარ უნდა ველოდოთ" - საქართველოს რამდენიმე რეგიონში მოთოვა: როგორია უახლოესი დღეების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 ნოემბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, წვიმა, ზოგან ძლიერი (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში), მაღალმთიან რეგიონებში თოვლი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5-ბალიანი შტორმული ღელვა.

სინოპტიკოსების პროგნოზით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან და გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრო-მეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსი სვეტლანა ნიორაძე:

- ამინდი უკვე შეიცვალა, რაც მოსალოდნელი იყო და ამის შესახებ გაფრთხილებაც გვქონდა გავრცელებული... დასავლეთ საქართველოში მოვიდა თოვლი, მაგრამ ხვალ 18 ნოემბერს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 19 ნოემბერსაც შეიძლება ზოგან იყოს მცირე ნალექი და 20 ნოემბრიდან ამინდი ისევ უარესდება... 20 და 21 ნოემბერს მთელ საქართველოში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი.

ხულო

თბილისში 20 და 21 ნოემბერს შესაძლებელია მცირე წვიმა, უფრო მეტად კი ქარი... თბილისში დღესაც მთელი დღე ქარია, ხვალ და ზეგ უნალექო ამინდი... დღეს ნავარაუდევია 15 გრადუსი, ხვალ - 13 გრადუსი და ღამე 5-6 გრადუსი, საკმაოდ სიცივეა...

- თბილ ამინდებს აღარ უნდა ველოდოთ?

- აღარ, უკვე ნოემბრის მეორე ნახევარია... ნოემბერი ფაქტობრივად ზამთრის თვედ ითვლება. გვეყოს ის სითბოები, რომლითაც შემოდგომამ გვანებივრა. თბილისში 21 ნოემბრიდან კიდევ უფრო აცივდება.

ხულო, ქვედა თხილვანა - ფოტო: თეიმურაზ ქამადაძე

დასავლეთ საქართველოში დღეს დღის ბოლომდე ნალექი შენარჩუნდება, შემდეგ თანდათან შემცირდება... დღეს თოვლია მაღალმთიან აჭარაში, ბახმაროსა და მესტიაში. მესტიაში თოვლის საფარი ოთხ სანტიმეტრს აღწევს.

ცნობისთვის, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ცოტა ხნის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185-კმ192 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

მათივე ინფორმაციით, საავტომობილო გზის კმ140-185 (მესტია-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

საავტომობილო გზის კმ30-კმ140(ჯვარი-მესტია) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.