ავტორი:

რამ გამოიწვია ერევნის უნივერსიტეტში აფეთქება, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა - საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი (ფოტოები)

რამ გამოიწვია ერევნის უნივერსიტეტში აფეთქება, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა - საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი (ფოტოები)

დღეს, 17 ნოემბერს, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში აფეთქება მოხდა. სომხური მედიის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა სამი ადამიანი.

დაშავებულების შორის ერთ-ერთი არის პოლიციელი, რომელიც აფეთქების შემდეგ სამაშველო ღონისძიებებში მონაწილეობდა. სამართალდამცველთა განცხადებით, მან ჩაისუნთქა დიდი ოდენობით კვამლი, რის გამოც ცუდად გახდა და მისი ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო.

რაც შეეხება აფეთქების შედეგად დაღუპულს, "არმენპრესის" ინფორმაციით, ის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომელია. დანარჩენი დაშავებულებიც ასევე უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომლები არიან.

მედიის ცნობით, აფეთქება უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტის შენობის სარდაფში მოხდა. პოლიციის თქმით, ამ ოთახში განთავსებული იყო ე.წ. სატუმბი დანადგარი და ასევე იყო გამოყოფილი გასახდელი სივრცე თანამშრომლებისთვის. მიმდებარე ოთახში კი არის ქიმიური მასალების საცავი, რომელიც არ დაზიანებულა. სამართალდამცველთა ინფორმაციით, ამ დროისთვის უკვე დაათვალიერეს და შეამოწმეს ტერიტორია ქიმიკოსებმა და სხვა სპეციალისტებმა და დადგინდა, რომ ჰაერში არ გაფრქვეულა სახიფათო ნივთიერებები.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ჰოსპიტალიზებული სამი დაზარალებულიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა.

უნივერსიტეტის სპიკერმა ქნარ მისაკიანმა განაცხადა, რომ შენობაში ჯერ გაჩნდა ხანძარი, რასაც მოჰყვა აფეთქება. მისი თქმით, ხანძარი სავარაუდოდ, ძაბვის მერყეობამ გამოიწვია. მისივე ცნობით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი არ ყოფილა ადგილზე შენახული ქიმიური მასალები. ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.