ავტორი:

"მას მარსზე 100 ადამიანის გადაყვანა შეეძლება" - მარსზე სამოგზაუროდ შექმნილ ხომალდს მასკის SpaceX დღეს საცდელად გაუშვებს

"მას მარსზე 100 ადამიანის გადაყვანა შეეძლება" - მარსზე სამოგზაუროდ შექმნილ ხომალდს მასკის SpaceX დღეს  საცდელად გაუშვებს

დღეს ილონ მასკის SpaceX მარსზე ადამიანების მოგზაურობისთვის შექმნილ ხომალდს საცდელად გაუშვებს. ეს უკვე მეორე საცდელი გაშვება იქნება.

ხომალდის, სახელად Starship-ის აფრენა ტეხასის შტატში მდებარე SpaceX-ის ბაზიდან იგეგმება, პროცესზე დაკვირვება კი პირდაპირი ტრანსლაციის საშუალებით იქნება შესაძლებელი.

რაკეტის გაშვება ადგილობრივი დროით, დილის 8 საათიდან 10 საათამდე გაგრძელდება (ჩვენი დროით 17:00-19:00 საათებში).

კომპანიის წარმომადგენლებმა ადგილობრივები უკვე გააფრთხილეს, რომ რაკეტის აფრენისას ხმაური იქნება და არ უნდა შეშინდნენ. როგორც ცნობილია, SpaceX-ის ვებტრანსლაცია ჩვენი დროით 16:30 საათზე დაიწყება.

"როგორც ყველა ასეთი ცდის შემთხვევაში ხდება, განრიგი დინამიურია და სავარაუდოდ, შეიცვლება, ასე რომ, სიახლეებისთვის ჩვენს X-ის ანგარიშს თვალყური ადევნეთ",- წერია კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

მათ ისიც განმარტეს, რომ Starship-ის ფრენის პირველმა ცდამ, რომელიც მიმდინარე წლის 20 აპრილს ჩატარდა, ბევრი რამ ასწავლათ. (შეგახსენებთ, რომ 20 აპრილს ჩატარებული ცდის დროს მასკის რაკეტა აფეთქდა).

"ჩვენ მრავალჯერადი გამოყენების სატრანსპორტო სისტემის შესაქმნელად ვმუშაობთ, რომელსაც შეეძლება როგორც ეკიპაჟის, ისე ტვირთის გადატანა. ეს მარსზე და მის ფარგლებს გარეთ მოგზაურობაში დაეხმარება", - აცხადებენ SpaceX-ში.

Starship-ის პირველი რაკეტის აფეთქების შემდეგ, აშშ-ის ფედერალურმა საავიაციო ასოციაციამ მასკს 63 სავალდებულო ცვლილების შეტანა მოსთხოვა, სანამ ის მათგან რაკეტის ხელახლა გაშვების უფლებას მიიღებდა.

ილონის ბიოგრაფიის ავტორის, უოლტერ აიზაკსონის თქმით, Starship არის ყველაზე ძლიერი რაკეტა, რაც კი ოდესმე შექმნილა: "ის მარსზე 100 ადამიანის გადასაყვანადაა შექმნილი",- წერს აიზაკსონი X-ზე.

მაყურებელს ფრენის ყურება SpaceX-ის ვებსაიტსა და SpaceX-ის X-ის ანგარიშზე შეუძლია.

წყარო: thesun

მოამზადა: ანა სიბოშვილმა