ავტორი:

"სალომე ზურაბიშვილი ბოლომდე ჩაერთო "ნაცების“ "მესიჯბოქსში“ - ბიძინა ივანიშვილმა განსაკუთრებული როლი ითამაშა მის გაპრეზიდენტებაში" - მამუკა მდინარაძე

"სალომე ზურაბიშვილი ბოლომდე ჩაერთო "ნაცების“ "მესიჯბოქსში“ - ბიძინა ივანიშვილმა განსაკუთრებული როლი ითამაშა მის გაპრეზიდენტებაში" - მამუკა მდინარაძე

სალომე ზურაბიშვილის განცხადება ჰგავს გაბოროტებული ადამიანის განცხადებას, განსაკუთრებით ბიძინა ივანიშვილის მიმართ, ვინც განსაკუთრებული როლი ითამაშა მის გაპრეზიდენტებაში - თუ სააკაშვილს შეიწყალებს, ყველა იმ უბედურების თანამოზიარე იქნება, რაც ქვეყანაში ტრიალებდა, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი ჩაერთო "ნაციონალური მოძრაობის“ "მესიჯბოქსში“ ივანიშვილთან დაკავშირებით, რომელმაც მნიშვნელოვანი, გადამწყვეტი და განსაკუთრებული როლი ითამაშა მის გაპრეზიდენტებაში.

"ეს არის გზავნილი ქალბატონი სალომეს მხრიდან, რომ ის ჩაერთო ბოლომდე "ნაცების“ მესიჯბოქსში. სალომე ზურაბიშვილის განცხადება ჰგავს გაბოროტებული ადამიანის განცხადებას, განსაკუთრებით იმ ადამიანის მიმართ, ვინც განსაკუთრებული როლი ითამაშა მის გაპრეზიდენტებაში. მე მგონია, რომ ცოტა უხერხულობა მაინც ამ დროს უნდა აკავებდეს ადამიანს, რადგან მე პირადად ადამიანს რომ ვიცნობ, განცხადებებში რაც არ უნდა მინდოდეს მისი გაკრიტიკება, ცოტა რბილად ვაკრიტიკებ ხოლმე, ეს ადამიანური მომენტია და სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებაში ბიძინა ივანიშვილმა ითამაშა ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი. მიუხედავად ამისა, "ნაცებს“ რაც აქვთ ყველაზე მდაბიო "მესიჯბოქსი“ პოლიტიკიდან გასულ ბიძინა ივანიშვილზე, ამ გაბოროტებულ "მესიჯბოქსში“ ჩაერთო სალომე ზურაბიშვილი.

როცა სალომე ზურაბიშვილი ერთვება ბოლომდე "ნაცების“ "მესიჯბოქსში“, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს არის გაბოროტებული საუბარი იმ ადამიანის წინააღმდეგ "ნაცების“ "მესიჯბოქსის“ კვალდაკვალ, რომელმაც მის გაპრეზიდენტებაში მნიშვნელოვანი, გადამწყვეტი და განსაკუთრებული როლი ითამაშა“, - განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, რომ არა მიმდინარე საქმეები სააკაშვილის წინააღმდეგ, შესაძლოა, ზურაბიშვილს ის უკვე შეწყალებული ჰყოლოდა და თუ ის ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, მდინარაძის აზრით, ის "ყველა იმ უბედურების თანამოზიარე გახდება, რაც ქვეყანაში ტრიალებდა“.

"შემოაგდეს ეს (შეწყალების) თემა. სალომე ზურაბიშვილის თავში რა ფიქრი ტრიალებს, ამას ხომ ვერ განვსაზღვრავთ ვერავინ და უნდა დავიწყოთ მკითხაობა, იზამს თუ არ იზამს, ამიტომ არასერიოზული პასუხი გამოდის. უბრალოდ, ვარაუდი შეიძლება გამოვთქვა - რომ არა სხვა მიმდინარე საქმე, შეიძლება შეწყალებულიც ჰყავდეს. არ ვიცი, რას იზამს და როგორ იზამს, მაგრამ თუ ის ამას გადაწყვეტს, კარგად უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული, რომ ის იქნება თანამონაწილე და იმ პასუხისმგებლობის გამზიარებელი, რასაც ჰქვია ახალგაზრდების დახოცვა ქუჩაში, გაუპატიურება, წამება, ღირსების აყრა, უფლებების გაუქმება, ტელევიზიების მიტაცება, ბიზნესის რეკეტი, რაც ტრიალებდა უბედურება ამ ქვეყანაში - ამის თანამოზიარე და თანამონაწილე იქნება,“ - განაცხადა მდინარაძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია, რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა. როგორც ზურაბიშვილმა, le monde-თან ინტერვიუში განაცხადა, ივანიშვილი მათ რიგებშია, "ვინც ვერ წარმოიდგენს, რომ რუსეთი დამარცხდება“.

"მე არ ვიცი, როგორია მისი რეალური ჩარევა ქვეყნის ეკონომიკურ საკითხებში. ეს ყველაფერი აბსოლუტურად არაა გამჭვირვალე. ცხადია, მას დომინანტური გავლენა აქვს არსებულ მმართველებზე. დღეს ქართულ პოლიტიკაში, ივანიშვილის გარდა, სხვა ოლიგარქი არ არის. პასუხი დეოლიგარქიზაციაზე, ვფიქრობ, მომავალ არჩევნებშია",- განაცხადა ზურაბიშვილმა.

რაც შეეხება სააკაშვილის შეწყალების საკითხს, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მის მიმართ ორი ახალი სასამართლო პროცესია. გარდა ამისა, ზურაბიშვილის თქმით, სააკაშვილი ამბობს, რომ უკეთაა და საარჩევნო კამპანიაში ჩართვას აპირებს.