ავტორი:

ასობით მიწისძვრის შედეგად ირღვევა ბეტონის გზები, სახლების კედლები... დედამიწის ზედაპირზე გაჩენილი ბზარებიდან კი ორთქლი ამოდის - ისლანდია კვლავ ვულკანის ამოფრქვევის მოლოდინშია

ასობით მიწისძვრის შედეგად ირღვევა ბეტონის გზები, სახლების კედლები... დედამიწის ზედაპირზე გაჩენილი ბზარებიდან კი ორთქლი ამოდის - ისლანდია კვლავ ვულკანის ამოფრქვევის მოლოდინშია

ისლანდია კვლავ ვულკან Fagradalsfjall-ის ამოფრქვევის მოლოდინშია. მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოდან, სამხრეთ-დასავლეთით ისლანდიის დედაქალაქის, რეიკიავიკის მიმდებარე რეგიონში მიწისძვრების აქტივობის ზრდა შეინიშნება. ვულკანი Fagradalsfjall ისლანდიაში, რეიკიანესის ნახევარკუნძულზე, დედაქალაქიდან 32 კილომეტრში მდებარეობს.

მოსალოდნელი საშიშროების გამო, ქალაქი გრინდავიკი, რომელიც პირდაპირ მაგმაზე მდებარეობს, უკვე 11 ნოემბერს სრულად იყო ევაკუირებული, თუმცა, როგორც nbcnews -ი იუწყება, ისლანდიის ევაკუირებულ ზონაში ადგილობრივებს - ოჯახიდან თითო ადამიანს უფლება მიეცათ შევიდნენ თავიანთ სახლებში, რათა შეაგროვონ პირველადი მოხმარების ნივთები და დატოვონ ტერიტორია. როგორც ოფიციალური პირები აცხადებენ, ვულკანის ამოფრქვევა გარდაუვალია და მიწისძვრები კვლავ დიდი სიხშირით ხდება.

ქალაქი გრინდავიკი განკითხვის დღეზე გადაღებული ფილმის სცენებს დაემსგავსა, სადაც უზარმაზარი ბზარები არღვევს ბეტონის გზებს, სახლების კედლებს... დედამიწის ზედაპირზე გაჩენილი ბზარებიდან კი ორთქლი ამოდის.

ქალაქი, რომელშიც, დაახლოებით, 4000-მდე მოსახლე ცხოვრობს, რამდენიმე დღის წინ სრულად დაიცალა.

აღსანიშნავია, რომ 2010 წელს, ისლანდიაში, ვულკან Eyjafjallajökull-ზე დიდი ამოფრქვევების სერიამ წარმოქმნა ფერფლის უზარმაზარი ღრუბელი, რომელმაც დაფარა ლამის მთელი ევროპის ტერიტორია, რამაც გამოიწვია საჰაერო მიმოსვლის მნიშვნელოვანი შეფერხება.

"მაგმა უკვე აღარ არის დიდ სიღრმეში, ამიტომ მის ამოფრქვევას ძალიან მალე ველოდებით, რამდენიმე საათში ან სულ მცირე რამდენიმე დღეში", - განაცხადა ვიდირ რეინისონმა, ისლანდიის სამოქალაქო დაცვისა და საგანგებო სიტუაციების მართვის ხელმძღვანელმა.

ისლანდია ერთ-ერთი ყველაზე გეოგრაფიულად აქტიური რეგიონია მსოფლიოში, მის ტერიტორიაზე დაახლოებით 30 აქტიური ვულკანია. წყარო