ავტორი:

"კილომეტრობით დანაღმული ველი გადაიარეს და იერიში მტრის იმ პოზიციაზე მიიტანეს, რომელსაც 2014 წლიდან ამაგრებდნენ" - მორიგი გმირობის ამბავი ქართველებზე, რომლებიც უკრაინის ომს შეეწირნენ

"კილომეტრობით დანაღმული ველი გადაიარეს და იერიში მტრის იმ პოზიციაზე მიიტანეს, რომელსაც 2014 წლიდან ამაგრებდნენ" - მორიგი გმირობის ამბავი ქართველებზე, რომლებიც უკრაინის ომს შეეწირნენ
  • ფოტო: რამაზ ფეტელავა და ბექა ლომაშვილი

"ჩემი "ფეტო" დაიღუპა მტრის სანგარში, მტრის პირისპირ დაიღუპა. ისე როგორც მას ეკადრებოდა, ნამდვილ ქართველ ჯარისკაცს, რომელიც 19 წელი ყველგან ერთგულად ემსახურა სამშობლოს, სადაც კი მისი ქვეყნის ინტერესებს სჭირდებოდა და ბოლოს უკრაინაში აღესრულა, მის დაუძინებელ მტერთან ბრძოლაში ერთიანი საქართველოსთვის... მის გვერდით დაიღუპა ბექა ლომაშვილი, მამით ჰერი, დედით გუდამაყრელი, საუკეთესო ვაჟკაცი, მცოდნე, ერთგული ქვეყნისა და თანამებრძოლების... წვანან ახლა ვალმოხდილები გვერდიგვერდ ცივ მიწაზე, ერთიანი საქართველოსთვის ბრძოლაში დაცემულები" - ამ ემოციური პოსტით გამოეხმაურა "ქართული ლეგიონის" უხუცესი მებრძოლი, არჩილ ხოფერია დონეცკის მიმართულებაზე, შეტევითი ოპერაციის დროს რამაზ ფეტელავასა და ბექა ლომაშვილის დაღუპვას.

"დიდი ტრაგედია დატრიალდა მეომარ ქართველთა შორის. ორი ღირსეული ადამიანი, ორი ზეპროფესიონალი გამოეცალა ჩვენს რიგებს“ - ამის შესახებ კი მათივე თანამებრძოლმა თორნიკე გოგუაძემ დაწერა, საკუთარი ფეისბუქის გვერდზე.

ბატონ არჩილს, წუხელ სწორედ იმ მომენტში დავუკავშირდი, როდესაც ლეგიონერები ბრძოლის ველზე გმირულად დაცემული თანამებრძოლების გამოსაყვანად, ოპერაციისთვის ემზადებოდნენ. "უნდა შევიდეთ, თუ გამოვედი, დაგელაპარაკები" - მითხრა ბატონმა არჩილმა.

"სამწუხაროდ, ბიჭები ვერ გამოვიყვანეთ, მაგრამ ჯერ არაფერი დასრულებულა... ამ ოპერაციაზე მეტს ვერაფერს გეტყვით" - აღნიშნა საუბრის დასაწყისშივე ჯარისკაცის მამამ.

არჩილ ხოფერია:

- რამაზ ფეტელავასა და ბექა ლომაშვილთან ერთად 8 თვე ვიყავი ლეგიონის ბაზაზე. რამაზმა 19 წელი იმსახურა, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. ერთი წელი ჰქონდა დარჩენილი პენსიაში გასვლამდე. მიატოვა ამდენი წლის ნაშენები კარიერა და დადგა მტრის პირისპირ. ბექა ლომაშვილიც მსახურობდა ქართულ არმიაში, შემდეგ ფრანგულ ლეგიონში გადავიდა, მაგრამ ომის დაწყებისთანავე მანაც მიატოვა კარიერა და შემოუერთდა ლეგიონერებს, რათა ებრძოლა ჩვენს მტერთან.

ბექა ლომაშვილი

- როგორი ადამიანები იყვნენ, რა იყო მათი მიზნები და ამოცანები?

- ყველას, ვინც ამ ომში იბრძვის, ან გვეხმარება, ერთი ამოცანა და მიზანი აქვს - დავასუსტოთ მტერი ბრძოლის ველზე და მივაღწიოთ მთავარ მიზანს - გავამთლიანოთ საქართველო.

- ომი ძალიან გაიწელა დროში, ყველა ველოდით კონტრშეტევას, რომელიც ვერ შედგა. როგორი იყო რამაზ ფეტელავასა და ბექა ლომაშვილის განწყობები, როგორია თქვენი განწყობა, ხომ არ შეინიშნება მებრძოლებში "ომით გადაღლა"?

- როგორ წარმოგიდგენიათ, ომით გადაღლილი კაცი, ფეხით და მხოლოდ ავტომატით შეიარაღებული გადაივლის კილომეტრობით დანაღმულ ველს და მიიტანს იერიშს მტრის იმ პოზიციაზე, რომელსაც 2014 წლიდან ამაგრებდნენ, რომელიც მთლიანად ჩაბეტონებულია და რომლის უკანაც დგას რეაქტიული არტილერია?! ეს გააკეთეს რამაზ ფეტელავამ და ბექა ლომაშვილმა, სხვებთან ერთად. და ეს გააკეთეს მაშინ, როდესაც თავზე დრონები დასტრიალებდათ. მტერთან პირისპირ ბრძოლაში დაიღუპნენ. ისინი იყვნენ ნაღდი ქართველი მეობრები, შეუპოვრები და თავიანთი საქმის უბადლო პროფესიონალები. როგორ შეიძლება იმ საქმეში გადაღლა, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის ერთიანობა, ჩვენი ქვეყნის მომავალი?! ამ საქმეში რა თქმა უნდა, არ დაღლილან რამაზი და ბექა, და არც სხვები, ვინც ახლა აქ, ან რეზერვში არიან. ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე, მანამდე სანამ ჩვენ ფეხზე ვდგავართ.

რამაზ ფეტელავა

- საზოგადების ნაწილი ამ დრომდე სვამს კითხვას, რატომ იღუპებიან გამორჩეული ქართველები სხვის ომში?

- ჩვენი სახელმწიფოებრიობის ისტორიაში ქართველებს ხშირად უწევდათ ბრძოლა სხვადასხვა მიწებზე, სხვადასხვა კოალიციებში. დიახ, როდესაც არ გვყოფნიდა ძალა იმისთვის, რომ შური გვეძია, ან დაგვესუსტებინა მტერი, საკუთარი თავის, ერის, რწმენის გადასარჩენად სხვადასხვა კოალიციებში ვიბრძოდით. დღესაც იგივე ხდება და თუ მოსკოვთან, ქერჩთან, ყირიმის ნახევარკუნძულთან მებრძოლ ქართველებს მიიჩნევდნენ გმირებად, სამამულო ომის მონაწილეებსაც კი უწოდებდნენ (სხვათა შორის, ჩემი ბაბუის ძმა, არჩილ, ვალერის ძე ხოფერია მეორე მსოფლიო ომში იბრძოდა და დაიკარგა) ამ დროის ქართველ მეომრებზე სხვაგვარად რატომ ფიქრობენ? ქართველები ყველგან და ყოველთვის საკუთარი სახლისა და სამშობლოსთვის იბრძოდნენ. დღესაც ქართველი იბრძვიან მოსისხლე მტრის წინააღმდეგ, რომელმაც გაგვიუქმა სახელმწიფოებრიობა, გვერეკებოდა მის ომებში, გვართმევდა ენას, ცდილობდა ჩვენს ასიმილაციას და შემდეგ, როდესაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, ყველა ხერხით ცდილობდა, ჩვენს დაბრუნებას იმპერიაში... როდესაც იმპერიაში ვერ დაგვაბრუნა, საკუთარი პროქსი ძალებზე დაყრდნობით წაგვართვა ორი ყველაზე მნიშვნელოვანი რეგიონი - შიდა ქართლი და აფხაზეთი, სახლებიდან გამოყარა ათასობით ჩვენი მოქალაქე, გადაწყვა ბაღ-ბოსტნები და გააშენა საკუთარი სამხედრო ბაზები, ახლა ცდილობს საბოლოოდ ჩამოგვაშოროს ეს რეგიონები. ათასობით ნაწამებ და გაუპატიურებულ ადამიანზე აღარაფერს ვიტყვი. აი, ამ ურდოს ახლა უკრაინაში ვებრძვით ქართველები, რათა აქ შევძლოთ დასუსტება და ჩვენთან ვეღარ შეძლოს ომის წარმოება. დღეს ქართველი ბიჭები სამშობლოდან შორს, სამშობლოსთვის იბრძვიან. გავა დრო და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა.

თორნიკე გოგიაძე:

- ბექა ერთი წლის წინ გავიცანი, როცა საფრანგეთის ლეგიონი მიატოვა და ჩვენს რიგებს შემოუერთდა. მაღალი, წარმოსადეგი ბიჭი იყო, გონიერი და მუდამ ანთებული თვალებით. ბევრს არ ლაპარაკობდა, ყურადღებით უსმენდა ყველას, ვისაც კი ოდესმე ფრონტი უნახავს და მერე საათობით ჩაფიქრებული სახე ჰქონდა. აანალიზებდა მოსმენილსა და გაგონილს. ბევრს ვარჯიშობდა. ორძელზე აწევაში ან სირბილში ვეჯიბრებოდით ხოლმე ერთმანეთს და მერე ბევრსაც ვლაპარაკობდით. რამაზ ფეტელავაც ბექასთან ერთად გავიცანი. ყველანი ფეტოს ვეძახდით. ქართული ჯარის სერჟანტი იყო. ჭეშმარიტად ძლიერი პიროვნება და სამხედრო საქმის უბადლო მცოდნე იყო.

19 წელი იმსახურა არმიაში და არ არსებობდა საკითხი, რაზეც საუბარი, ან რისი ახსნაც არ შეეძლო. ვერასდროს შეამჩნევდი, რომ სამხედრო წოდებით ჩვენზე მაღლა იდგა, რომ რამით გამოირჩეოდა ჩვენგან, არასდროს ამაყობდა, არასდროს ტრაბახობდა. დღენიადაგ ბიჭებზე ფიქრობდა და მათი პროფესიული განვითარებისთვის იღწვოდა. ფეტო ყველას გვიყვარდა და ვაფასებდით, მაგრამ განსაკუთრებით მოსწონდა ბატონ არჩილ ხოფერიას. აი, ეს არის ჯარისკაცის ეტალონიო, ხშირად უთქვამს ჩემთვის. მეამაყებოდნენ... იცით, რამდენჯერ მითქვამს სიამაყით, ესენი ქართველები არიან, ჩვენ ასეთი ბიჭები გვყავს... ასე ფიქრობდი: როცა ჩვენ წავალთ, ან ბრძოლის ველზე დავეცემით, ის და მისნაირები გააგრძელებენ საქართველოს ისტორიას-მეთქი. თურმე, ჩემზე ადრე წასვლა ეწერათ. არ ვიცი, როგორ დააფასებთ ამ ბიჭებს თქვენ ან დანარჩენები, მაგრამ მე არასდროს დავივიწყებ, საქართველოზე დარდისგან შეფიქრიანებულ და დასევდიანებულ სახეებს.

წაიკითხეთ ასევე: