არტურ ჰეილი - მწერალი, რომელიც გადასახადებს გაექცა

არტურ ჰეილი - მწერალი, რომელიც გადასახადებს გაექცა

ბრიტანული წარმოშობის კანადელი პროზაიკოსი, მწერალი, რომლის კალამსაც რამდენიმე ბესტსელერი ეკუთვნის - არტურ ჰეილის სახელი ბევრისთვის არის ცნობილი, განსაკუთრებით ამერიკაში, სადაც მისი ცნობილი ნაწარმოების მიხედვით გადაღებული სერიალი "სასტუმრო" დიდი პოპულარობით სარგებლობდა.

არტურ ჰეილი 1920 წლის 5 აპრილს დაიბადა ინგლისში, ლუტონში. მეორე მსოფლიო ომის დასაწყისიდან - 1939 წლიდან, თითქმის 1947 წლამდე სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალებში მსახურობდა, შემდეგ კი კანადაში გაემგზავრა. რამდენიმე სამსახურის გამოცვლის შემდეგ უცებ წიგნების წერას შეუდგა.

1956 წლიდან გახდა პროფესიონალი მწერალი და ტელეარხ CBC -ზე დაიწყო მუშაობა დრამაზე "სახიფათო გაფრენა". ყველაზე დიდი წარმატება მოუტანა რომანმა "სასტუმრო" - 1965 წელს, რის შემდეგაც კალიფორნიაში გადავიდა და მცირე ხანს ამერიკაში ცხოვრობდა. 1969 წელს, უკვე საკმაოდ გამდიდრებული, ბაჰამებზე გადაბარგდა, კანადურ და ამერიკულ გადასახადებს რომ გაქცეოდა.

მის თითოეულ რომანში სხვადასხვა ფინანსური თუ ტექნიკური წვრილმანები ჩანს, ამა თუ იმ სპეციალობის ღრმა ცოდნა, რაც იმის წყალობაა, რომ მწერლობის დაწყებამდე ბევრი პროფესია გამოიცვალა და ყველა სფეროში საკმაოდ ღრმად ჩაიხედა.

კრიტიკოსები ჰეილის ხშირად კიცხავდნენ იმის გამო, რომ მისი წარმატება სხვადასხვა ლიტერატურული კლიშეს გამოყენების შედეგი იყო, მის სტილსაც აკრიტიკებდნენ, თუმცა მისი წიგნები ყოველთვის დიდი პოპულარობით სარგებლობდა მკითხველებში და ყოველი მორიგი გამოცემა აუცილებლად ბესტსელერი ხდებოდა.

ჰეილი დაახლოებით ერთი წელი ამუშავებდა სიუჟეტს, ექვსი თვე - ინიშნავდა და შავად წერდა და მხოლოდ შემდეგ, დაახლოებით წელიწად-ნახევარი წერდა წიგნს. სწორედ ასეთი თავდაუზოგავი მუშაობა სძენს მის ნაწარმოებებს რეალიზმს. ჰეილი საგულდაგულოდ კრეფდა ინფორმაციას პარტიზანული ომის შესახებ პერუს ჯუნგლებში. მაშინ 67 წლის იყო და არ დაზარებია ტყე-ღრეში ხეტიალი. ამ შრომის შემდეგ შეიქმნა 1990 წელს "საღამოს ახალი ამბები", ხოლო "სასტუმროს" დაწერამდე 27 წიგნი წაიკითხა სასტუმრო ბიზნესის შესახებ.

არტურ ჰეილის წიგნებს "ნიუ-იორკ ტაიმსი" ხშირად ათავსებდა რეიტინგებში წამყვან პოზიციებზე. მსოფლიოში მისი წიგნების 170 მლნ-ზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული და 40 ენაზეა თარგმნილი. "სასტუმროს" მიხედვით ტელესერიალია გადაღებული, "აეროპორტის" მიხედვით კი ჰოლივუდში შესანიშნავი სპეცეფექტებით ფილმი შეიქმნა.

ჰეილის შვილები კანადასა და კალიფორნიაში ცხოვრობდნენ. თავად ჰეილი კი ძვირფას ვილაში ცხოვრობდა ნიუ-პროვიდენსის კუნძულზე, ბაჰამის არქიპელაგზე, თავის მეორე ცოლ შეილასთან ერთად. სხვათა შორის, შეილამ 1978 წელს ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა: "მე ბესტსელერს გავყევი ცოლად". ჰეილის ოთხი შვილიშვილი ჰყავს. ერთ-ერთი მათგანი - რაიან ჰეილი ნიჭიერი ბასგიტარისტი და ჯგუფ Erogenous Jones-ის ვოკალისტია.

ცნობილი მწერალი 2004 წელს გარდაიცვალა თავისივე ვილაში.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს