ავტორი:

"უცებ მესი ადგა და ჩემკენ წამოვიდა... დავიბენი, როცა ხელი გამომიწოდა" - ხვიჩა კვარაცხელია "ოქროს ბურთის" დაჯილდოებაზე ლიონელ მესისთან შეხვედრას იხსენებს

"უცებ მესი ადგა და ჩემკენ წამოვიდა... დავიბენი, როცა ხელი გამომიწოდა" - ხვიჩა კვარაცხელია "ოქროს ბურთის" დაჯილდოებაზე ლიონელ მესისთან შეხვედრას იხსენებს

მსოფლიოში აღიარებულმა ქართველმა ვარსკვლავმა, ხვიჩა კვარაცხელიამ პარიზში, 2023 წლის "ოქროს ბურთის" დაჯილდოებაზე ლიონელ მესისთან შეხვედრის შესახებ ისაუბრა. ფეხბურთელის თქმით, ამ ეპიზოდმა მისი წარმოდგენა არგენტინელ ფეხბურთელთან დაკავშირებით მთლიანად შეცვალა:

"მესისთან შეხვედრა იყო ისტორია, რომელიც შეიძლება არ დამიჯეროთ. ამის შემდეგ ლეო ჩემთვის რადიკალურად შეიცვალა. ოქროს ბურთის დაჯილდოებისას მესი ჩემგან მარჯვნივ იჯდა. ფეხბურთელებს გვითხრეს, რომ სარეკლამო პაუზისას არ გვემოძრავა და ადგილი არ დაგვეტოვებინა.

უცებ, მესი ადგა და წარმოდგენა არ მქონდა, ეს რატომ გააკეთა. ჩემსკენ წამოვიდა, ვიყურებოდი და ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა. ხელი გამომიწოდა, დავიბენი უცებ და ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით, რის შემდეგაც თავის ადგილზე დაბრუნდა. ამხელა ფეხბურთელი რომ დგება და გამარჯობის სათქმელად შენთან მოდის, არ ვიცი, მაგარი პიროვნებაა და ძალიან ვაფასებ", - აღნიშნა ხვიჩა კვარაცხელიამ ინტერნეტ გადაცემაში "არ გაჩერდე, უგულშემატკივრე საქართველო", რომელიც საქართველოს ბანკის სპონსორობით გადის.

შეგახსენებთ, 30 ოქტომბერს პარიზში, ფეხბურთის სამყაროსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდოს "ოქროს ბურთის" გადაცემის ცერემონია გაიმართა და გასული სეზონის საუკეთესო სპორტსმენები გამოვლინდა.

ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიოს საუკეთესოთა შორის დასახელდა. "კვარამ" ოქროს ბურთის ნომინანტთა შორის მე-17 ადგილი დაიკავა და უკან ჩამოიტოვა ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან ჯუდ ბელინგემი, ჰარი კეინი და ლაუტარო მარტინესი.

ღონისძიებაზე, წითელ ხალიჩაზე ხვიჩა მეუღლესთან, ნიცა თავაძესთან მივიდა. წყვილი ემოციებით სავსე ჩანდა, რაც ბუნებრივია. ხვიჩამ ჟურნალისტებთან მცირე კომენტარიც გააკეთა და თქვა, რომ "ასეთ რამეზე ვერც იოცნებებდა".

ნახეთ ასევე: