ავტორი:

რუსეთის ოლქ ბურიატიაში მიიღეს კანონი, რომელის მიხედვითაც ნებადართულია მაწანწალა ცხოველების დახოცვა

რუსეთის ოლქ ბურიატიაში მიიღეს კანონი, რომელის მიხედვითაც ნებადართულია მაწანწალა ცხოველების დახოცვა

რუსეთის ფედერაციის ოლქ ბურიატიაში მიიღეს კანონი, რომელის მიხედვითაც ნებადართულია მაწანწალა ცხოველების დახოცვა, თუ ისინი თავშესაფარში ცხოვრებიდან ერთი თვის შემდეგ ვერ გაჩუქდებიან.

  • ბურიატიის სახალხო ხურალმა, 16 ნოემბერს, შესაბამისი კანონპროექტი ერთდროულად სამი მოსმენით მიიღო. ახალი კანონის თანახმად, იმ ცხოველებსაც ჩაუტარდებათ ევთანაზია, რომლებსაც პატრონები სახელმწიფო თავშესაფარში ჩააბარებენ. ორი თვის შემდეგ კი არ დათანხმდებიან შინაური ცხოველის სახლში წაყვანაზე.

ამ ვადების გასვლის შემდეგ - 30 (უსახლკარო ცხოველებისთვის) და 60 დღე (პატრონიანი ცხოველებისთვის) - სახელმწიფო წყვეტს ცხოველის მოვლის დაფინანსებას. შესაძლოა, თავშესაფარმა უარი თქვას შინაური ცხოველის მოკვლაზე, ამ შემთხვევაში, თავშესაფარს მისი მოვლა-პატრონობისთვის სახსრების მოძიება თავად მოუწევს.

ახალი კანონით ასევე ნებადართულია ძაღლების დახოცვა, რომლებიც თავს ესხმიან ადამიანებს ან არიან "სოციალურად საშიში". ამავდროულად, კანონი არ განმარტავს, თუ რას წარმოადგენს ცხოველის „სოციალურად საშიში“ ქცევა.

გარდა ამისა, ბურიატიაში მიღებული კანონი უშვებს მაწანწალა ძაღლების ევთანაზიას, თუ ცხოველს აქვს „განუკურნებელი დაავადება“, „სიცოცხლესთან შეუთავსებელი მწვავე ტრავმა“, ასევე ძაღლი თუ მაწანწალაა, ან მას აქვს ადამიანებისთვის ან სხვა ცხოველებისთვის საშიში დაავადებები.

მიმდინარე წლის ივლისში სახელმწიფო დუმამ მიიღო კანონი, რომელიც რეგიონებს ანიჭებს უფლებამოსილებას, დამოუკიდებლად გადაწყვიტონ, რა უნდა გააკეთონ მაწანწალა ცხოველებთან დაკავშირებით. კანონი მიღებულია არაერთი რეგიონის (ძირითადად ციმბირისა და შორეული აღმოსავლეთის) ხელისუფლების მოწოდების ფონზე, დაშვებულიყო მაწანწალა ძაღლების მკვლელობა. სასტიკი ზომების მომხრეებმა ყურადღება გაამახვილეს ზოგიერთ რეგიონში მაწანწალა ძაღლების მიერ ადამიანებზე თავდასხმის რაოდენობის ზრდაზე.

ამავდროულად, რუსეთში არსებობს კანონი "ცხოველებთან პასუხისმგებლური მოპყრობის შესახებ", რომელიც კრძალავს მათ მიმართ სისასტიკეს. ამ კანონის დამრღვევებს ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

რუსეთში მოქმედი კანონმდებლობით, ცხოველებს ევთანაზიის უფლება აქვთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ავად არიან. სხვა შემთხვევაში, მაწანწალა ცხოველები უნდა დაიჭირონ, გაასტერილონ, აცრან და დააბრუნონ ყოფილ ჰაბიტატში. ბიუჯეტის ხარჯზე შესაძლებელია თავშესაფრებში ცხოველების შენახვაც.

ცხოველთა უფლებების დამცველები, საზოგადო და კულტურის მოღვაწეები აქტიურად ეწინააღმდეგებოდნენ სახელმწიფო სათათბიროს მიერ მიღებულ კანონს, რომელიც პოტენციურად უშვებს უპატრონო ცხოველების მკვლელობას.

კანონის ავტორები კი მიიჩნევენ, რომ „დაჭერა-სტერილიზება-ვაქცინაცია-დაბრუნების“ (TSVR) სქემა, რომელიც ამჟამად გამოიყენება რუსეთში, არაეფექტურია.

ისინი თვლიან, რომ სისტემის ერთ-ერთი მთავარი მინუსი ის არის, რომ "საჭიროებს მნიშვნელოვან მატერიალურ ხარჯებს".