ავტორი:

"მითხრა, მთვრალი იწვები ღობის ძირში და ასე დაასრულებ კარიერასო" - უკრაინელი მომღერლის სკანდალური ინტერვიუ: ანასტასია პრიხოდკო ამბობს, რომ კონსტანტინე მელაძე მუდმივად ამცირებდა

"მითხრა, მთვრალი იწვები ღობის ძირში და ასე დაასრულებ კარიერასო" - უკრაინელი მომღერლის სკანდალური ინტერვიუ: ანასტასია პრიხოდკო ამბობს, რომ კონსტანტინე მელაძე მუდმივად ამცირებდა

უკრაინელი მომღერალი ანასტასია პრიხოდკო კომპოზიტორ და პროდიუსერ კონსტანტინე მელაძესთან თანამშრომლობის შოკისმომგვრელ დეტალებს ავრცელებს.

ქალმა უკრაინული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში აღიარა, რომ მათ შორის ურთიერთობა 2009 წლის "ევროვიზიის“ შემდეგ გაუარესდა. ანასტასია ამბობს, რომ პროდიუსერი მის სიმღერებს სხვა მომღერლებს აძლევდა და თავად ნასტია მოსკოვიდან კიევში გაგზავნა. შემსრულებელი დარწმუნებულია, რომ მელაძეს მისი, როგორც მომღერლის განადგურება სურდა.

"ევროვიზიის შემდეგ კონსტანტინე მელაძემ დაიწყო ჩემი სიმღერების სხვებისთვის მიცემა, თითქოს ანასტასია პრიხოდკოს პროექტის დანგრევა სურდა. ხმის ჩამწერმა სტუდიამ კონტრაქტი გამიწყვიტა, დილის შვიდ საათზე ბილეთი მიყიდეს და მითხრეს, რომ კიევში დავბრუნებულიყავი.

"წარმოიდგინეთ, გუშინ აპლოდისმენტებს იღებდი მთელი ევროპიდან, დღეს კი სახლში ზიხარ და არავინ სჭირდები. გესმის, რომ არც სიმღერები გაქვს და არც პროდიუსერი გყავს", - ამბობს ინტერვიუში ქალი.

პრიხოდკო იხსენებს, რომ რუსეთიდან უკრაინაში დაბრუნების შემდეგ, მან დამოუკიდებელი კარიერა დაიწყო და სცადა სცენაზე დაბრუნება. როდესაც მის კარიერაში აღმასვლა დაიწყო, მელაძე კვლავ გამოჩნდა. მელაძემ უთხრა, რომ ისინი პროექტში 1+1 დუეტში იმღერებდნენ. იქვე პროდიუსერმა მომღერალს შეახსენა, რომ მას ჯერ კიდევ ჰქონდა ხელმოწერილი კონტრაქტი, ამიტომ სხვა გზა არ ჰქონდა თანხმობის გარდა. ეს თანამშრომლობა შემსრულებლისთვის ახალ გამოწვევად იქცა.

"უცებ კონსტანტინე მელაძე ჰორიზონტზე ჩნდება და ამბობს, რომ პროექტში 1+1-ში მივიღებდი მონაწილეობას. მომეჩვენა, რომ ეს იყო კიდევ ერთი საშინელი დღე ჩემს ცხოვრებაში. აქვე მითხრა, რომ ანაზღაურებას, რომელსაც როგორც დუეტი მივიღებდით, თავად აიღებდა და მე მხოლოდ 10%-ს გადამიხდიდა. ეს მეორე დარტყმა იყო, მაგრამ მაინც გადავრჩი. იმ შემთხვევაში თუ არ დავთანხმდებოდი, მითხრა, "მთვრალი იწვები ღობის ძირში და ასე დასრულდება შენი კარიერა“ - იხსენებს ცნობილი სახე.

ანასტასია პრიხოდკო ამბობს, რომ მათი თანამშრომლობის დროს ბევრი ნეგატიური რამ მოხდა. კერძოდ, ის მუდმივად განიცდიდა დამცირებას პროდიუსერის მხრიდან. საბოლოოდ, ეს მათი თანამშრომლობის ბოლო წვეთი იყო.

"ბევრი რამ მოხდა. ბევრ რაღაცას კიდევ არ გეტყვით. მან ძალიან დამამცირა. ამიხსნა, რომ ამ გზით ცდილობდა ჩემთვის ვარსკვლავური ციებ-ცხელება აერიდებინა. მაგრამ მე არ დავივიწყებ ამ დამცირებას. მეუბნებოდა, რომ ძალიან ცუდად ვმღერი და ჩემი არ სჯერა“, - იხსენებს მომღერალი.

შეგახსენებთ, რომ ნასტია პრიხოდკომ და კონსტანტინე მელაძემ თანამშრომლობა მას შემდეგ დაიწყეს, რაც გოგონა რუსული "ვარსკვლავების აკადემია 7"-ის გამარჯვებული გახდა. 2009 წელს მომღერალი „ევროვიზიაზე“ რუსეთის ფედერაციიდან უკრაინული სიმღერით Мамо წავიდა, სადაც მე-11 ადგილი დაიკავა. შემდგომში მათი თანამშრომლობა დასრულდა. პრიხოდკოს არაერთხელ უთქვამს, რომ ზიზღს გრძნობდა ყოფილი პროდიუსერის მიმართ.