უკრაინაში ომის მონაწილე ქართველი ექიმი, უმცროსი სერჟანტი ქეთი ლეშკაშელი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ოქროს ჯვრის სამკერდე ნიშნით დააჯილდოვა. ის "ინტერნაციონალური ლეგიონის" ჯგუფის "ბრავოს" რიგებშია და იარაღით ხელში და ზურგზე სამედიცინო აღჭურვილობით ფრონტის წინა ხაზზე მებრძოლებთან ერთად გადის.
"არასდროს მიბრძოლია მედლებისა და წოდებებისთვის, მაგრამ როდესაც გაფასებენ, გაჯილდოვებენ მეტი სტიმული გიჩნდება.პაპა სულ მეუბნებოდა, ჩემი ფრონდო პაპა, უბანში გასული ოჯახის სახე ხარო, ქალაქში გასული უბნისო, ქვეყანაში შენს ქალაქს წარმოადგენ და თუ ქვეყნიდან გახვედი, მაშინ მსოფლიოში შენს სამშობლოს სახე ხარ, ეს სულ გახსოვდესო. შენი სახელი პირველი მიდის, სანამ შენ გაგიცნობენო. როგორ მართლდება ჩემი პაპიკოს სიტყვები...", - დაწერა ქეთიმ თავის ფეისბუკის გვერდზე. ქართველი მებრძოლი ქალის ცხოვრებაში კიდევ ერთი სიახლეა, ის ცოტა ხნის წინ დაქორწინდა - პირდაპირ ფრონტის ხაზზე.
- ჩვენ ახლა ბახმუტის მიმართულებაზე ვმუშაობთ, ყოველდღე შეტევებია, ანდრეევკას დიდი ხანია გავცდით. ყოველი ნაბიჯი სისხლით არის მორწყული, მაგრამ მაინც წინ მივიწევთ... ეს კონტრშეტევა ზოგს ძალიან ადვილი ჰგონია - წახვედი, ნახე, აიღე. ასე არ არის. ხარკოვის შეტევაზეც ვიყავი, ახლა აქაც ვარ. განსხვავება ის არის, ხარკოვის ოლქში რუსები ჯერ არ იყვნენ კარგად დაფუძნებული და მარტივად შევძელით მათი გაყრა. აქ მაგრად არიან გამაგრებული, ყველაფერი დანაღმულია, ერთ ადამიანზე ასი ნაღმი მაინც მოდის, არტილერია ცალკე მუშაობს, ცეცხლსასროლი იარაღი - ცალკე. რომ ნახოთ, რას ჰგავს ეს ტერიტორია, გაოცდებით - წარმოიდგინეთ მთვარე კრატერებით. ისიც გაითვალისწინეთ, რომ დისტანციური, ქვეითსაწინააღმდეგო და ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებით სავსე კრატერების გავლა ადამიანებს უწევთ. კონტრშეტევა არ გაჩერებულა, მაგრამ წინ წაწეულ ერთ მეტრს ათი კაცის სიცოცხლე ეწირება.

- ბოლოს რომ გესაუბრეთ, თქვენი ფუნქცია ფრონტის ხაზიდან რამდენიმე კილომეტრში ყოფნა და იქ დაჭრილების დახმარება იყო.
- დიახ, ასე იყო, "მედავაკზე" (საევაკუაციო მანქანა) ვმუშაობდი, მერე ვიფიქრე, თუ დაჭრილმა ადამიანმა ფრონტის ხაზიდან ევაკუაციას გაუძლო და "მედავაკამდე" ცოცხალმა მოაღწია, ის ისედაც გადარჩებოდა, დაჭრილებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილზე დახმარება იქნებოდა. იანვარში დავიწყე ფრონტის ხაზზე სიარული და თებერვალში დამჭრეს.
- ქეთი, ომმა შეგცვალათ?
- ძალიან! ბოლო დროს ხშირად მიდგება თვალწინ წარსულის მომენტები, მახსენდება ბავშვობა, ოჯახი, მეგობრები... ის ქეთი, რომელიც ორი წლის წინ ვიყავი, რადიკალურად განსხვავდება იმ ადამიანისგან, ვისაც ახლა სარკეში ვუყურებ. ფიზიკური გარდასახვის გარდა, სულიერად უფრო შევიცვალე. ვნანობ ამ ყველაფერს? არა! დრო რომ უკან დაბრუნდეს, მაინც იმავეს გავიმეორებ. მაგრამ ნეტავ ოდესმე თუ წაიშლება იმ ასეულობით ადამიანის ყვირილი, რაც ყურებში მესმის შეუჩერებლივ? ოდესმე დამავიწყდება ტკივილისგან დამახინჯებული ანგელოზივით სახეები? თუ წაიშლება მეხსიერებიდან გაყინული თვალები? ამის მეშინია! ადრე სიკვდილი ისეთი შორი იყო ჩემთვის, ახლა კი მასთან დავმეგობრდი. ნეტავ თუ შევძლებ ისევ მეგობრებთან ერთად სეირნობას და ცხოვრებისეულ თემებზე საუბარს? თუ შევძლებ ჩემს ოჯახთან ერთად ბუნებაში გასვლას პიკნიკზე, სადაც შიში არ მექნება, რომ დანაღმულია? ნეტავ თუ შევძლებ კიდევ თვითმფრინავის ხმის ნორმალურად აღქმას?

- მაგრამ ასეთ რთულ მომენტში შეხვდით თქვენს მეორე ნახევარს. გვიამბეთ მის შესახებ.
- უკრაინელი ბიჭია, ვოვა ვეგლიჩი, ოფიცერი. სხვათა შორის, ძალიან სიმპათიურია. ერთი წელია რაც ურთიერთობა გვაქვს, ხარკოვზე კონტრშეტევის დროს გავიცანით ერთმანეთი. მერე მიმოწერა გვქონდა. ოქტომბრის თვე იყო, ფრონტის ხაზიდან ვიყავით ახალი გამოსული და ვისვენებდით. უცებ ოთახში შემოვიდა ტალახიანი, სისხლიანი, ნაომარი ბიჭი და ჩვენი მთავარი ექიმი იკითხა. მე რომ შემომხედა, მიცნო (უკრაინაში ცნობილი ვარ) და მკითხა, ქეთი ლეშკაშელი ხომ არა ხარო.

კი-მეთქი, ვუპასუხე. დავმეგობრდით. ერთ მიმართულებაზე ვმუშაობდით და როგორც ჩვენი ბატალიონის ჯარისკაცები გამომყავდა ფრონტის ხაზიდან, მისი მებრძოლებიც გამომყავდა. ორი თვის მერე მორიგი სამხედრო ოპერაციიდან გამოსულს, ხელში დიდი თაიგულით დამხვდა. ომში ყოფნამ რომანტიზმი კი დამავიწყა და გამიუფერულა, მაგრამ ის დღე ძალიან ლამაზი იყო... ასე დაიწყო ჩვენი სიყვარულის ისტორია....წაიკითხეთ სრულად