ავტორი:

ხმაური გარემოს დაცვის სამინისტროსთან: აქციის მონაწილეების ინფორმაციით, პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა - რა ვითარებაა ადგილზე?

ხმაური გარემოს დაცვის სამინისტროსთან: აქციის მონაწილეების ინფორმაციით, პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა - რა ვითარებაა ადგილზე?

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მიმდინარე აქციის მონაწილეების ინფორმაციით, პოლიციამ აქციაზე რამდენიმე პირი, მათ შორის მოძრაობის - „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ვარლამ გოლეთიანი დააკავა.

მათივე თქმით, არ იციან, სად წაიყვანეს სამართალდამცველებმა დაკავებულები. ისინი პოლიციისგან აღნიშნული ინფორმაციის მიწოდებას ითხოვენ და ამბობენ, რომ აქციის მონაწილეების დაკავების საფუძველი არ არსებობდა.

გარდა ამისა, პროტესტის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ პოლიციამ მათ კარვები ჩამოართვა. მათ სამართალდამცველებს კარვების დაბრუნების მოთხოვნითაც მიმართეს.

"ხალხს იჭერენ იმის გამო, რომ კითხვებზე პასუხებს ითხოვენ“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

შეგახსენებთ, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან რაჭის ტყეებთან დაკავშირებით მიმდინარე აქციაზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. პროტესტის მონაწილეების მოთხოვნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრა და იმის გაგებაა, თუ რა გეგმა აქვს უწყებას რაჭის ტყეებთან დაკავშირებით. პროტესტის მონაწილეებს უშუალოდ სამინისტროს შენობასთან კარვის გაშლა უნდოდათ. ამასთან, მოქალაქეებს რამდენჯერმე ჰქონდათ გზის გადაკეტვის მცდელობა, რის შესაძლებლობასაც სამართალდამცველები არ აძლევენ.