ავტორი:

"ინტერვიუს ორიგინალი ვნახე და ზურაბიშვილს ივანიშვილი მთლად ოლიგარქად არ მოუხსენებია... სალომე ფიქრობს მომავალზე, ეძებს "მესამე ძალას" - რა გეგმა აქვს პრეზიდენტს?

"ინტერვიუს ორიგინალი ვნახე და ზურაბიშვილს ივანიშვილი მთლად ოლიგარქად არ მოუხსენებია... სალომე ფიქრობს მომავალზე, ეძებს "მესამე ძალას" - რა გეგმა აქვს პრეზიდენტს?

საზოგადოებრივი აზრის კვლევა და მიღებული შედეგები საქართველოში კვლავაც უამრავ კითხვას ბადებს. როგორ შეიძლება ერთსა და იმავე საზოგადოებაში, ფაქტობრივად, დროის ერთ მონაკვეთში ჩატარებული გამოკითხვები ასეთ განსხვავებულ შედეგებს იძლეოდეს, რაც ბოლო ხანს ვნახეთ. ამჯერად პოლიტიკურ რეიტინგებზე გავამახვილებთ თქვენს ყურადღებას. ჩვენ უკვე ვწერდი ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით Edison Research-ის კვლევის შედეგებზე, რომლის თანახმადაც, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები იმართებოდეს, ვის მისცემდით ხმას? P- გამოკითხულთა 37% "ქართულ ოცნებას" ასახელებს, "ნაციონალური მოძრაობა"/"სტრატეგია აღმაშენებელს" - 21%, პარტიას "საქართველოსთვის" - 9%, "ლელოს" კი 5%. ამ შედეგების მიხედვით, 4 პოლიტიკურ ძალას აქვს ბარიერის გადალახვის შანსი.

ამის მერე გამოქვეყნდა ტელეკომპანია "იმედის" დაკვეთილი "გორბის" კვლევის შედეგები, რომლის თანახმადაც, იმავე შეკითხვაზე პასუხები ასეთია: "ქართულ ოცნებას" 55%, "ნაცმოძრაობა" - "სტრატეგია აღმაშენებელს" 20%. პარტიას "საქართველოსთვის" ამ გამოკითხვით მხოლოდ 3%-იანი მხარდაჭერა აქვს... 16 ნოემბერს კი გამოქვეყნდა "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IღI) კვლევის შედეგები, რომლის თანახმადაც, საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს იმართებოდეს, გამოკითხულთა 25% "ქართულ ოცნებას", ხოლო 13% "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" დაუჭერდა მხარს. გახარიას პარტიას "საქართველოსთვის" 4%-იანი მხარდაჭერა აქვს. როგორც ხედავთ, ბოლო ორი კვლევით 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი აქვს მხოლოდ 2 პოლიტიკურ ძალას. აღსანიშნავია, რომ სამივე კვლევა ჩატარებულია 8 ნოემბრამდე, ანუ საქართველოსთვის ევროკავშირის სტატუსის მისანიჭებლად ევროკომისიის მიერ გაცემულ რეკომენდაციამდე.

ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძესთან ინტერვიუ სწორედ ამ ერთმანეთისგან განსხვავებული შედეგების მქონე კვლევების თაობაზე საუბრით დავიწყეთ.

- "გორბის" კვლევით 105% რომ არა აქვს "ქართულ ოცნებას", არ გიკვირთ?.. ხუმრობა იქით იყოს და, უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს, თუ ვის გამოჰკითხავ. დარწმუნებული ვარ, "გორბში" ძალიან კარგად იციან, ამას რაოდენი მნიშვნელობა აქვს. იციან, თუ როგორ ხდება ამისთვის რესპონდენტების შერჩევა, იციან, რომ ეს უნდა იყოს მთელი ქვეყნის მასშტაბით პროპორციულად განაწილებული და ა.შ. დარწმუნებული ვარ, სწორედ ამ შერჩევის დროს გააკეთეს ყველაფერი ისე, რომ "რომელიღაც" პარტიისთვის რეიტინგი აეწიათ. მონაცემების დამუშავებას თუ ნახავთ, ვფიქრობ, იქ უზუსტობა არ იქნება, არ იქნება რიცხვები ჩასწორებული, უბრალოდ, ისე შეარჩიეს ხალხი, რომ მიეღოთ ის შედეგი, რაც წინასწარ ჰქონდათ დაგეგმილი.

ორი დანარჩენი კვლევა შედარებით რეალური ჩანს, თუმცა გამიჭირდება ამ რეიტინგების რაოდენობრივ მახასიათებლებზე ლაპარაკი, ამიტომ მხოლოდ თვისებრივ მახასიათებლებს შევეხები. საუბედუროდ, ამ გამოკითხვებშიც ჩანს, რომ ორი ძალა იბრძვის იმისთვის, რომ მათ გარდა არავინ შევიდეს მომავალ პარლამენტში. "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" სურთ, რომ მომავალი პარლამენტი მხოლოდ მათგან დაკომპლექტდეს. ჩემი დაკვირვებით, ეს არ გამოუვათ და მომავალი პარლამენტი ორპარტიული არ იქნება. თითქმის დარწმუნებული ვარ, სულ ცოტა, გახარიას პარტია შევა პარლამენტში და ვიმედოვნებ, მთავრობის დასაკომპლექტებლად კოალიციის შექმნა გახდება საჭირო. როგორი იქნება ამ კოალიციის სტრუქტურა, წესით, უკვე 4-5 თვეში უნდა გამოჩნდეს.

ვფიქრობ, 5%-იანი ბარიერის პირობებში ეს სამი პარტია აუცილებლად გავა. კი ითხოვს ოპოზიცია, მაგრამ არ ველი, რომ ხელისუფლება ბარიერს შეამცირებს. აქვე იმედს გამოვთქვამ, რომ ამ სამი პარტიის გარდა კიდევ მოახერხებს რომელიმე პოლიტიკური ძალა პარლამენტში მოხვედრას. საუბედუროდ, ამ პატარა ოპოზიციურ პარტიებში, რაც ნაკლები რეიტინგი აქვთ, მით მეტს ყვირიან - ძალიან დიდი ამბიციები აქვთ, მოწყვეტილი არიან რეალობას და ვერ ხვდებიან, რომ ეს რიგით ამომრჩეველს ძალიან აღიზიანებს. ეს არაადეკვატურობა ყოველთვის დამაზიანებელია.

ჩვენს პოლიტიკურ სპექტრში ვერ ხვდებიან, რომ მოსახლეობას ზომიერები სურს. მორჩა, დასრულდა ის დრო, როცა ძალის დემონსტრირებით და მუშტის ქნევით იწერდნენ რეიტინგებს. ჩვენი პოლიტიკოსები ვერა და ვერ გამოვიდნენ წარსულის ბურუსიდან, ნახეთ, რას აკეთებენ პარლამენტში, ლანძღვა-გინება და გაწევ-გამოწევა აქვთ ლამის ყოველდღე, არადა, ხალხს მშვიდი ცხოვრება უნდა, მოჰბეზრდა მუდმივად სტრესულ რეჟიმში ცხოვრება.

ის, რომ ამდენი ძალადობრივი დანაშაული ხდება ქვეყანაში, მამა შვილს არ ინდობს და შვილი მამას, ქორწილში მეგობრები ერთმანეთს სასიკვდილოდ იმეტებენ და ა.შ., შემთხვევით არ ხდება, თქვენ გგონიათ, ამ ყველაფერში პოლიტიკურ ელიტას არ მიუძღვის ბრალი? ჩემი აზრით, მათი როლი ამაში საკმაოდ დიდია. საზოგადოების ნაწილი, განსაკუთრებით მათი შემყურე ახალგაზრდები, მათგან ტოლერანტობას კი არა, ექსტრემიზმს სწავლობენ. თუ პარლამენტი არის ჩვენი საზოგადოების სახე, გამოდის, ისეთივე საზოგადოება გვაქვს, როგორი ლანძღვა-გინებაც ისმის დღეს პარლამენტში. პოლიტიკოსებმა უნდა გაიაზრონ, რომ ქვეყანაში არსებულ ვითარებაში მათი წვლილი უდიდესია

- პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბოლო თვეების განმავლობაში მკვეთრად დაუპირისპირდა "ქართულ ოცნებას", თუმცა თითქმის არასდროს არაფერს ამბობდა ბიძინა ივანიშვილზე, რის გამოც ოპოზიცია ხშირად აკრიტიკებდა. გასულ კვირას კი მან ფრანგულ გამოცემა "ლე მონდთან" ინტერვიუში ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენია...

- მაგ ინტერვიუს ორიგინალში ანუ ფრანგულად გავეცანი და შემიძლია გითხრათ, რომ ბევრი ნიუანსი თარგმანში დაიკარგა. ფრანგული თავისებური ენაა და იქ ნახევარტონებს, პატარ-პატარა აქცენტებს დიდი მნიშვნელობა აქვს. როდესაც ოლიგარქობაზე ლაპარაკობდა, ივანიშვილი მთლად ოლიგარქად არ მოუხსენებია, დაახლოებით ასე თქვა, ოლიგარქიული ელფერის ფიგურააო. სალომე ზურაბიშვილი არის დასავლური წესებით აღზრდილი ადამიანი და არასდროს იტყვის იმას, რისი დამტკიცებაც არ შეუძლია....წაიკითხეთ სრულად