ავტორი:

"თუ ჩინეთი ამ ნაბიჯს გადადგამს, ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე ხანგრძლივი ომი იქნება" - ტაივანისთვის ბრძოლა იწყება? რა სცენარისთვის ემზადებიან ქვეყნების ლიდერები (bloomberg)

"თუ ჩინეთი ამ ნაბიჯს გადადგამს, ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე ხანგრძლივი ომი იქნება" - ტაივანისთვის ბრძოლა იწყება? რა სცენარისთვის ემზადებიან ქვეყნების ლიდერები (bloomberg)

2027 წელი - ტაივანის სანაპიროებთან ჩინეთის საზღვაო ბლოკადა იქმნება, კიბერშეტევა აფერხებს კუნძულის ფინანსურ სისტემას, მედესანტეები იკრიბებიან სანაპირო აეროდრომებზე და ამერიკული ავიამზიდი იაპონიის პორტს ფლოტით ტოვებს. F-35 თვითმფრინავები სამხრეთისკენ მიემართებიან - ტაივანისთვის ბრძოლა იწყება - წერს bloomberg-ი.

ეს ჯერ მხოლოდ სცენარია, ერთ-ერთი იმ მრავალი სცენარიდან, რომლისთვისაც პეკინის, ვაშინგტონისა და ტაიპეის ლიდერები ემზადებიან. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მოწინავე იარაღის შესაქმნელად ჩინეთმა მილიარდობით დოლარი დახარჯა, არსებობს ეჭვი, რომ სახალხო განმათავისუფლებელი არმია მზად არის ბრძოლისთვის.

  • პენტაგონის შეფასებებით, ამჟამად ჩინეთს ჰყავს 2,1 მილიონზე მეტი მოქმედი ჯარისკაცი, მსოფლიოში უდიდესი სამხედრო და ასევე უდიდესი სარაკეტო ძალა, 400-ზე მეტი ხომალდი და 3100 თვითმფრინავი - ეს ფაქტი მას მსოფლიოს უდიდეს საზღვაო ფლოტს და სიდიდით მესამე საავიაციო ძალას ხდის. მისმა ბირთვულმა მარაგმა 2021 წელს 400 ქობინს გადააჭარბა და 2035 წლისთვის 1500-ს მიაღწევს.

ჩინეთი მიიჩნევს, რომ ტაივანი სეპარატისტული პროვინციაა, რომელიც საბოლოოდ კვლავ პეკინის კონტროლის ქვეშ მოექცევა, თუმცა, ტაივანი თავს დამოუკიდებელ ქვეყნად აცხადებს, რომელსაც თავისი კონსტიტუცია და დემოკრატიულად არჩეული ლიდერები ჰყავს.

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა არაერთხელ თქვა, რომ ტაივანი ჩინეთს შეუერთდება და ამ მიზნის მისაღწევად ძალის გამოყენებას არ გამორიცხავს.

ჩინეთისა და ტაივანის ისტორია

ტაივანი პირველად ჩინეთის სრული კონტროლის ქვეშ მე-17 საუკუნეში მოექცა. მოგვიანებით, 1895 წელს, პირველი ჩინურ-იაპონური ომის წაგების შემდეგ, მათ კუნძული იაპონიას დაუთმეს.

1945 წელს, მეორე მსოფლიო ომში იაპონიის დამარცხების შედეგ, კუნძული კვლავ ჩინეთის საკუთრება გახდა, მაგრამ მალე სამთავრობო ძალებსა და კომუნისტებს შორის სამოქალაქო ომი დაიწყო. კომუნისტებმა გაიმარჯვეს და 1949 წელს ქვეყანაზე კონტროლი დაამყარეს.

ნაციონალისტური პარტიის წევრები ტაივანში გაიქცნენ და მომდენო რამდენიმე ათწლეულის მანძილზე კუნძულს სწორედ ისინი მართავდნენ.

ჩინეთი დღემდე ამტკიცებს,რომ ტაივანი მისი რესპუბლიკა იყო. ტაივანელები კი ამტკიცებენ, რომ ისინი არც თანამედროვე ჩინეთის არც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ნაწილი არ ყოფილან.

ამჟამად ტაივანს სუვერენულ ქვეყნად მხოლოდ 13 ქვეყანა აღიარებს. მოსახლეობის უმეტესობა ეთნიკურად ხანი ჩინელები არიან, ბოლოდროინდელი გამოკითხვით, 83.2% თავს ტაივანელად თვლის, 6.7% ტაივანელად და ჩინელად, ხოლო 5.3% - ჩინელად.

რატომ არის ტაივანი მნიშვნელოვანი მსოფლიოსთვის?

ტაივანს აქვს თავისი მთავრობა, კონსტიტუცია, დროშა, ჰიმნი, არმია, საჰაერო და საზღვაო ძალები. ტაივანში პირდაპირი არჩევით ხელისუფლება მშვიდობიანად სამჯერ შეიცვალა. დღეს ტაივანში აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, თავისუფალი მედია, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა არსებობს. ყველაფერთან ერთად, ტაივანი ეკონომიკურად, ტექნოლოგიურად ძალიან განვითარებულია.

მსოფლიოს ყოველდღიური ელექტრონული აღჭურვილობის დიდ ნაწილში - ტელეფონებში, ლეპტოპებში, საათებში, სათამაშო კონსოლებში, ტაივანში დამზადებული კომპიუტერული ჩიპები არის ინტეგრირებული. ჩიპების ბიზნესი არის უზარმაზარი ინდუსტრია, რომლის ღირებულება თითქმის 100 მილიარდი დოლარია.

უკრაინის გაკვეთილები

პეკინის შეშფოთება საკუთარ შესაძლებლობებთან დაკავშირებით მხოლოდ მას შემდეგ გაიზარდა, რაც რუსეთი თავს დაესხა უკრაინას.

რუსეთის ომმა უკრაინაში ახალი გამაფრთხილებელი ნიშნები მისცა ჩინეთს. სახალხო განმათავისუფლებელი არმიის ოფიციალურმა პუბლიკაციებმა, ნათელი მოჰფინეს პეკინის შეშფოთებას იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს პოტენციური კონფლიქტი ტაივანთან დაკავშირებით.

"რუსეთის არმიას არ შეუძლია ეფექტურად განახორციელოს კომბინირებული ომი, სადაც მრავალი სახმელეთო ქვედანაყოფი ერთად მუშაობს“ - ნათქვამია PLA Daily-ის სარედაქციო განცხადებაში - "მოსკოვს ასევე უჭირს ინტეგრირებული საჰაერო-სახმელეთო ოპერაციები, რადგან რუსული საჰაერო ძალების კოორდინაცია ჯართან შეზღუდულია“.

პრაქტიკულად არცერთ ჩინელ გენერალს არ აქვს საბრძოლო გამოცდილება. PLA-ს არ უნახავს ძირითადი საბრძოლო ოპერაციები ვიეტნამთან ომის შემდეგ, 1979 წელს.

”ჩინეთს არ ჰქონია ომის გამოცდილება - ისინი უნდა შემოწმდეს, სანამ რაიმე სახის სრულმასშტაბიან შეჭრას განახორციელებენ ტაივანში“, - ამბობს ლი სიაობინგი, ცენტრალური ოკლაჰომას უნივერსიტეტის დასავლეთ წყნარი ოკეანის ინსტიტუტის დირექტორი - ”მათ სჯერათ, რომ ომის გამოცდილება აუცილებელია არა მხოლოდ მათი შესაძლებლობების დასამტკიცებლად, არამედ ერთგული, პროფესიონალი და თანამედროვე არმიის ასაშენებლად.”

"ჩინელები დიდ ინვესტიციებს დებენ თავიანთ არმიაში და ახორციელებენ მოქმედებების მთელ სპექტრს, რაც ადასტურებს მზადყოფნას გამოიყენონ სამხედრო ძალა იმისთვის, რომ მიაღწიონ სასურველს“ - განუცხადა ბლუმბერგს აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ კეტლინ ჰიქსმა.

აშშ-ის ჯაშუშების ხელმძღვანელებისა და პენტაგონის შეფასებით, სი ძინპინს სურვილია მისმა სამხედროებმა კუნძულის გადალახვა 2027 წლისთვის შეძლონ. ჩინეთის ეჭვებმა შეიძლება ასეთი კონფლიქტი ნაკლებად სავარაუდო გახადოს, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ ტაივანის ხელში ჩაგდება ან ძალიან მაღალი ფასით გამარჯვება შეიძლება კომუნისტური პარტიის დაცემას ნიშნავდეს. თუ ჩინეთი პირდაპირ შეიჭრება ტაივანში, უკრაინის სცენარის თავიდან აცილება პრიორიტეტი იქნება.

”სიმართლე ისაა, რომ არავინ იცის რამდენად მზად არის ჩინეთი ომის დასაწყებად“- თქვა კულვერმა, CIA-ს ყოფილმა ანალიტიკოსმა - "თუ ჩინეთი ამ ნაბიჯს გადადგამს, ეს ალბათ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე ხანგრძლივი ომი იქნება... წყარო