ავტორი:

დრონების ომი, რომელშიც გარღვევა ნაკლებად სავარაუდოა - რა ნახეს დასავლელმა ექსპერტებმა უკრაინის ფრონტზე: "ბრძოლები დღის განმავლობაში თითქმის შეწყვეტილია...“

დრონების ომი, რომელშიც გარღვევა ნაკლებად სავარაუდოა - რა ნახეს დასავლელმა ექსპერტებმა უკრაინის ფრონტზე: "ბრძოლები დღის განმავლობაში თითქმის შეწყვეტილია...“

წამყვანი დასავლელი ექსპერტები, რომლებმაც უკრაინის ფრონტი მოინახულეს და უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს ესაუბრნენ, აღნიშნავენ, რომ უახლოეს პერიოდში, ფრონტზე ვერც რუსეთი და ვერც უკრაინა მნიშვნელოვან გარღვევას ვერ შეძლებს. სამხედრო ექსპერტებმა ასევე დაასკვნეს, რომ ამ ომში სულ უფრო დიდ როლს ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიები თამაშობს, როგორც FPV დრონებია.

  • ექსპერტების ჯგუფში შედიოდნენ:

მაიკ კოფმანი - კარნეგის ფონდიდან.

რობ ლი - აშშ-ის შიდა პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროსი თანამშრომელი.

ფრანც-სტეფან გედი - სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.

კონრად მუზიკა - Rochan Consulting-ის ხელმძღვანელი და სამხედრო ანალიტიკოსი.

ექსპერტების თქმით, ამ ეტაპის მთავარი დასკვნა ასეთია: უკრაინის მასშტაბური კონტრშეტევა, რომელიც ზაფხულში დაიწყო, ძირითადად დასრულდა და ახლა ომი პოზიციურ ეტაპზე გადავიდა.

ზაპოროჟიეს მიმართულებით ჩატარებული ოპერაციებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რამდენიმე ადგილას, რუსების კარგად გამაგრებული დაცვის ხაზები გაარღვიეს და რამდენიმე დასახლებული პუნქტი დაიბრუნეს.

თუმცა ოპერაციის მთავარი დავალების შესრულება ვერ მოახერხეს: ვერ მიუახლოვდნენ აზოვის ზღვას და ზაპოროჟიეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ვერ აიძულეს რუსები, რომ უკან დაეხიათ, შესაბამისად, არ მოხერხდა ყირიმის სახმელეთო დერეფნის გადაჭრა.

"უკრაინის შეტევითი პოტენციალი დიდწილად ამოწურულია", - ამბობს მუზიკა პოლონურ რადიო TOK FM-თან - შეტევითი მოქმედებები არა მხოლოდ სამხრეთში, არამედ აღმოსავლეთ მიმართულებითაც ძალიან შეზღუდულია. ლაპარაკია არტილერიასა და ადამიანურ პოტენციალზე“.

"ორივე მხარე უფრო ასაკობრივ სამხედროებს იწვევს საომრად. ისინი 18-20 წლის ბიჭები აღარ არიან. ლაპარაკია 40-50 წლის ადამიანებზე“, - ამბობს მაიკლ კოფმანი საკუთარ პოდკასტში War On The Rocks.

მაიკ კოფმანი

"არსებულ სიტუაციაში წინ სვლა ძალიან რთულია, შეუძლებელია დღეში 100 მეტრზე წინ წაწევა“ - აცხადებს რობ ლი. მისივე თქმით, რუსებმა შეტევითი მოქმედებები ფრონტის სხვადასხვა მიმართულებით გაააქტიურეს, მათ შორის ავდიევკას რაიონში და კუპიანსკთან.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ Economist-ში გამოქვეყნებულ სტატიაში, ფრონტზე შექმნილ პატის მდგომარეობაზე ილაპარაკა, თუმცა მის წერილს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უკმაყოფილება მოჰყვა.

კოფმანის თქმით, "პატის მდგომარეობა“ პოლიტიკურად დამუხტული სიტყვაა, რადგან ზალუჟნიმ თავის სტატიაში გამოიყენა.

"არ ვფიქრობ, რომ მთლიანობაში პატის მდგომარეობაა, ფრონტის ზოგიერთ რაიონში არის ასეთი სიტუაცია, მაგრამ მთლიანობაში - არა“, - ამბობს ამერიკელი ექსპერტი.

  • რატომ მოხდა ასე?

დასავლელი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ უკრაინულმა არმიამ ზაფხულის კონტრშეტევის დროს დიდი დანაკარგები მიიღო.

"უკრაინელ ჯარისკაცებს მორალური სულისკვეთება ძველებურად მაღალ დონეზე აქვთ, თუმცა სულ უფრო მეტად იღლებიან“, - ყვება თავის პოდკასტში ფრანც-სტეფან გედი.

კონრად მუზიკა

"დანაკარგები იმდენად დიდია, რომ უკრაინელებს ზოგიერთი ბრიგადის აღდგენა 0-დან უწევთ. განსაკუთრებით მექანიზირებულ და ქვეით შემადგენლობაზე მაქვს ლაპარაკი, რომლებიც მოწინააღმდეგის დაცვის ხაზს ფიზიკურად უტევენ“, - ამბობს მუზიკა.

მისი თქმით, უკრაინის არმიამ მნიშვნელოვანი ტერიტორიების დაბუნება ვერ მოახერხა. "თუ თქვენი სტრატეგია - ყირიმამდე მისვლაა, პატარა შენაერთებით შეტევების მიტანა შედეგს არ მოგცემთ“, - დაამატა პოლონელმა ექსპერტმა.

როგორც დასავლური მედია წერს, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქში კონტრშეტევები დიდი ძალებით წამოიწყეს - ეს ტაქტიკა მათ დასავლურმა სპეციალისტებმა ასწავლეს.

თუმცა ისინი ეშელონურ და დანაღმულ გამაგრებებს წააწყდნენ, მოწინააღმდეგე გარდა ასეთი მტკიცე გამაგრებებისა, კარგად იყენებდა ვერტმფრენებს, არტილერიას, უპილოტო აპარატებს. ამის შემდეგ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უარი თქვეს დიდი ძალებით შეტევებზე და მათთვის კარგად ნაცნობი მცირე ჯგუფებით შეტევებზე გადავიდნენ, რამაც შედარებით სტაბილური შედეგები მოიტანა, ხოლო დანაკარგები შეამცირა.

ექსპერტების თქმით, ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი, რაც ორივე მხარეს ხელს უშლის გარღვევაში, მზვერავი და უპილოტო FPV დრონების აქტიური გამოყენებაა, რომლებიც იაფია და ვიდეოს ტრანსლირება დრონის ოპერატორის სპეციალურ სათვალეში ხდება.

რობ ლის თქმით, FPV დრონების მნიშვნელობა უკანასკნელ 3 თვეში მკვეთრად გაზრდილია, ხოლო რუსებს ასეთი დრონები იმდენად ბევრი აქვს, რომ არა ტექნიკაზე, არამედ განცალკევებულ უკრაინელ სამხედროებზე შეუძლიათ იერიშების მიტანა.

შედეგად, რუსები უკრაინელი ჯარისკაცების ნებისმიერ ჯგუფზე იერიშებს დრონებით ახორციელებენ.

"თუ უკრაინა ვერ შეძლებს ჯავშანტექნიკის სწრაფ და საკმარის კონცენტრაციას, ლაპარაკია - ტანკებზე, ჯავშანტრანსპორტიორებზე, მაშინ სწრაფი გარღვევა, უბრალოდ, შეუძლებელია“, - ამბობს ლი.

კოფმანის თქმით, თუ უკრაინის კონტრშეტევის საწყის ეტაპზე, მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი ნაღმები იყო, ახლა პირველ ადგილზე ზუსტად ეს დრონებია - როგორც მზვერავი, ასევე დამრტყმელი.

ამასთანავე, ექსპერტი მიიჩნევს, რომ უკრაინელებმაც ისწავლეს დრონების გამოყენებით სწრაფი და კოორდინირებული შეტევების განხორციელება.

War On The Rocks-ის პოდკასტში მუზიკამ ერთი ეპიზოდი გაიხსენა, რომლის მომსწრე თავად გახდა.

"უკრაინულმა დრონმა რუსი ჯარისკაცების რაზმი აღმოაჩინა. 30 წამში მათ ნაღმმტყორცნებით შეუტიეს, 4 წუთში კი მათზე კასეტური ბომბებით შეტევა განხორციელდა. მორჩა. სულ ეს იყო. ოთხ წუთ ნახევარი - ეს დრო გაგრძელდა ბრძოლა“.

კოფმანის განცხადებით, აღნიშნული სიტუაცია ორივე მხარისთვის ართულებს შეტევით ოპერაციებს.

"ბრძოლები დღის განმავლობაში თითქმის შეწყვეტილია. ამ დროს ტექნიკაც არ გადაადგილდება. ყველაფერი ხდება გამთენიას, საღამოს ან გვიან ღამე“, - ამბობს ექსპერტი.

  • რას შეუძლია სიტუაციის შეცვლა?

არცერთი ექსპერტი არ ამბობს, რას შეუძლია უახლოეს მომავალში მდგომარეობის შეცვლა, ისინი ბრძოლის გაგრძელების კონკრეტულ სცენარებს განიხილავენ.

"უკრაინა წნეხს არ შეამცირებს და რუსეთიც არ შეჩერდება ინიციატივის მოპოვებაზე ბრძოლას. უახლოეს თვეებში გამოჩნდება, ვის ხელში იქნება ინიციატივა“, - ამბობს კოფმანი.

დასავლელი ანალიტიკოსები გვახსენებენ, რომ მიუხედავად დრონებისა და რადიოელექტრული ბრძოლისა, მნიშვნელოვან ფაქტორად, მაინც ტრადიციული შეიარაღება რჩება, როგორიც არტილერია და ჯავანტექნიკაა. არტილერიის დახმარებით, მოწინააღმდეგის პოზიციებზე ცეცხლის მიტანა ხდება, ხოლო ჯავშანტრანსპორტიორები სასიცოცხლოდ აუცილებელია მოწინააღმდეგის პოზიციის დასაპყრობად ან დაჭრილების ევაკუაციისთვის.

კოფმანი მიიჩნევს, რომ უკრაინას რუსეთის მიმართ ზოგიერთი ინოვაციური უპირატესობები აქვს და აქტიურად მუშაობს დრონების ახალ სისტემის შექმნაზე, თუმცა "უკრაინის მთავარი პრობლემა - წარმოების მასშტაბის გაზრდაა“.

რუსეთი თავის მხრივ სიტუაციაზე შედარებით ნელა რეაგირებს, თუმცა მას აქვს იმის საშუალება, რომ ოპერატიულად დაიწყოს იმ ტექნიკის წარმოება, რომელსაც ხელმძღვანელობა მეტად სასარგებლოდ მიიჩნევს.

შედეგად, ექსპერტების თქმით, ბოლო პერიოდში რუსეთს უპირატესობა აქვს, როგორც არტილერიაში, ასევე დამრტყმელ დრონებში, თუმცა ამ სიტუაციის გამოსწორება შესაძლებელი იქნება, თუკი უკრაინა დრონების მასიურ წარმოებას შეძლებს და დასავლეთიდან ჭურვებისა და ჯავშანტექნიკის საჭირო რაოდენობას მიიღებს.

ლის თქმით, ბევრი რაღაცის შეცვლა შეუძლია ასევე ბრძოლის რადიოელექტრონულ, ახალ საშუალებებს, რომლებიც უპილოტო საფრენ აპარატებს გაანეიტრალებდნენ.

გედის განცხადებით, ძალიან რთული იქნება ომის გაგრძელების პროგნოზირება, იმიტომ, რომ ორივე მხარე სწრაფად ახდენს ადაპტაციას.

"3 თვის წინ, სულ სხვა ფრონტი გვქონდა, ახლა სულ სხვაა“, - ამატებს ექსპერტი. წყარო

  • მოამზადა ანრი კურტანიძემ