ავტორი:

სპონტანური აქცია აფხაზეთში - მოსახლეობა ე.წ. სახელმწიფო აგარაკის ტერიტორიაზე შეიჭრა: რას აპროტესტებენ ადგილობრივები?

სპონტანური აქცია აფხაზეთში - მოსახლეობა ე.წ. სახელმწიფო აგარაკის ტერიტორიაზე შეიჭრა: რას აპროტესტებენ ადგილობრივები?

ოკუპირებულ აფხაზეთში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ე.წ. სახელმწიფო აგარაკი "ახალი ათონი" კერძო ინვესტორზე გასხვისდა. მას შემდეგ, რაც ახალი ათონის მოსახლეობამ ეს ამბავი შეიტყო, საზოგადოების გარკვეული ჯგუფი "სახელმწიფო აგარაკის" ტერიტორიაზე შეიჭრა.

აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო სახელმწიფო აგარაკების მართვის ხელმძღვანელმა ბესლან კვიცინიამ უარყო ინფორმაცია ქონების გაყიდვის შესახებ.

"ახალი ათონის მოსახლეობის ჯგუფი, ჭორების საფუძველზე შევარდა აგარაკის ტერიტორიაზე, დაშალა ღობის რამდენიმე სექცია, შემდეგ კი შემოსაზღვრა სახელმწიფო აგარაკი, "ახალი ათონი“ "სახელმწიფო მმართველობაშია". მისი არც გაყიდვა იგეგმებოდა და არც გადაცემა... არც იგეგმება. ინფორმაცია, რომელმაც ახალი ათონის მოსახლეობა განარისხა, ტყუილია და რეალობას არ შეესაბამება.

ცხადია, რომ ამ მოქმედებების ავტორების ძირითადი მიზანი პროვოკაციული პოლიტიკური აქციის მოწყობა იყო“, - აცხადებს ბესლან კვიცინია.

მედიის ინფორმაციით, ძალოვნებმა აგარაკი გაძლიერებულ დაცვის რეჟიმზე გადაიყვანეს. ადგილზე მივიდნენ ე.წ. ვიცე-პრეზიდენტი ბადრა გუმბა, ე.წ. შს მინისტრი რობერტ კიუტი, ე.წ. სახელმწიფო დაცვის მეთაური დმიტრი დბარი და სხვა "მაღალჩინოსნები".

როგორც "პარლამენტის" ყოფილმა დეპუტატმა, ნატალია სმირმა განაცხადა, "ვიცე-პრეზიდენტი" ბადრა გუმბა მოსახლეობას დაპირდა, რომ აღნიშნული ობიექტი არ გასხვისდება და არ გადავა კერძო პირების საკუთრებაში და არც იჯარით გაიცემა.

  • ავტორი: ანრი კურტანიძე