ავტორი:

ორბანის ახალი კანონი კრიტიკოსების გასაჩუმებლად - რა ევალება უნგრეთის პრემიერის მიერ შექმნილ "სუვერენიტეტის დაცვის ოფისს"?

ორბანის ახალი კანონი კრიტიკოსების გასაჩუმებლად - რა ევალება უნგრეთის პრემიერის მიერ შექმნილ "სუვერენიტეტის დაცვის ოფისს"?

უნგრეთის წამყვანი სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფები ვიქტორ ორბანს კრიტიკოსთა გაჩუმების მცდელობაში ადანაშაულებენ.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა უცხოური გავლენების გამოძიების მიზნით, "სუვერენიტეტის დაცვის ოფისის" შექმნის გადაწყვეტილება მიიღო. უკვე წლებია, რაც ორბანი ავრცელებს ნარატივს, რომ გარე ძალები მისი მთავრობისთვის ძირის გამოთხრას ცდილობენ და ახალი კანონპროექტიც ამ მიზანს ემსახურება.

თუმცა სხვა აზრის არიან პრემიერის კრიტიკოსები. მათი თქმით, ორბანის რიტორიკა ოპონენტების გასაჩუმებლადაა მიმართული და ის მომავალი წლის ევროპარლამენტის და მუნიციპალურ არჩევნებს უკავშირდება. კრიტიკოსების აზრით, მთავრობა ამომრჩევლების ყურადღების გაფანტვას ცდილობს.

უნგრეთის შვიდმა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციამ ერთხმად განაცხადა, რომ "სუვერენიტეტის დაცვის ოფისის" შექმნა მთავრობის გეგმის ნაწილია, გაანადგუროს განსხვავებული აზრი. "კანონპროექტი არის მთავრობის მცდელობის ნაწილი, გააჩუმოს ყველა კრიტიკული ხმა",- აცხადებენ ისინი.

ორბანის კანონპროექტის მიხედვით, "სუვერენიტეტის დაცვის ოფისი" გამოიძიებს ყველა იმ ორგანიზაცას, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს და ასევე მათ, რომლებიც დემოკრატიულ დებატებზე გავლენის მოხდენას შეეცდებიან. ორბანი პირობას დებს, რომ დამნაშავეებს სამ წლამდე პატიმრობით დასჯის.

მთავრობის სპიკერის სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული პოსტის მიხედვით, კანონმდებლობა შიდა პოლიტიკური აქტორების უცხოური სახსრების მიღებისგან შეკავებას ისახავს მიზნად.

ორბანის დაპირების განზოგადებულმა ფორმულირებამ უნგრელ ხალხში შეშფოთება გააღრმავა. ისინი შიშობენ, რომ "სუვერენიტეტის დაცვის ოფისი" თვითნებურად ამოიღებს მიზანში იმ ჟურნალისტებს, ეკლესიებსა და კომპანიებს, რომლებიც საპირისპირო აზრის დაფიქსირებას შეეცდებიან.

წყარო: theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა