ავტორი:

ახალგაზრდა ფერმერი კისისხევიდან და მისი ექსპერიმენტი - როგორ მოვიყვანოთ სორგო და მარგალიტის ფეტვი

ახალგაზრდა ფერმერი კისისხევიდან და მისი ექსპერიმენტი - როგორ მოვიყვანოთ სორგო და მარგალიტის ფეტვი

"ჩემი მიზანი იყო, ისეთი კულტურები შემომეტანა, რომლებსაც საოჯახო მეურნეობაში სასურსათო მარაგის შესავსებად გამოვიყენებდი და იმისთვისაც, რომ საქართველოში ფართოდ დანერგილიყო", - გვეუბნება კისისხეველი ფერმერი გიორგი ლაცაბიძე, რომელიც კენკროვან კულტურებს აწარმოებს. ახლა საქართველოსთვის უცხო მარცვლოვნებითაც დაინტერესდა, კერძოდ, სორგოთი და მარგალიტის ფეტვით.

არსებობს სორგოს 50-მდე სახეობა, მათ შორის შაქროვანი სორგო, ცოცხის სორგო, სამარცვლე სორგო და სხვ. სორგოს მარცვლისგან მზადდება ფქვილი, ბურღული, სპირტი, სახამებელი, ხოლო შაქროვანი სახეობის სორგოს ღეროსგან - ბადაგი. ნამჯას ქაღალდის, მუყაოს წარმოებაში იყენებენ, მარცვალი და მწვანე მასა ცხოველთა კარგი საკვებია. გვალვაგამძლე მცენარე მოდის ურწყავ მიწებზე. გიორგი ლაცაბიძეL ზემოხსენებული კულტურების იმ სახეობებით არის დაინტერესებული, რომელთაც სასურსათო მნიშვნელობა აქვთ.

- კენკროვანი კულტურები მომყავს, ჩემი შემოსავლის წყარო ესაა და პოპულარიზაციას სულ ამას ვუწევ, თუმცა სხვა საკითხებიც მაინტერესებს. მაგალითად, მარცვლოვანი კულტურები. ხორბალი, სიმინდი და მრავალი სხვა დიდი ხნის განმავლობაში ინახება, არ სჭირდება მაცივარი და ა.შ. მეც მსოფლიოს მასშტაბით ისეთ კულტურებს ვეძებდი, რომლებიც საქართველოს სასურსათო მარაგის შესავსებად გამომადგებოდა და ჩვენთან ფართოდ დაინერგებოდა. ამ ძებნაში ამერიკულ ინტერნეტმაღაზიებში, რომლებიც სხვადასხვა მცენარის თესლებს ყიდიან, მარგალიტის ფეტვსა და მარცვლოვან სორგოს გადავაწყდი. დავინტერესდი, თუკი მათ ამერიკელები, ევროპელები, ინდოელები იყენებენ, ჩვენ რატომ არ შეგვიძლია გამოყენება-მეთქი და სხვადასხვა კომპანიისგან მარგალიტის ფეტვისა და მარცვლოვანი სორგოს რამდენიმე ჯიშის თესლი შევიძინე. გადავწყვიტე, ჩემს მეურნეობაში დამეთესა და გამერკვია, რა ნაყოფს გამოიღებდა. წლეულს გაზაფხულზე დავთესე, მოვიყვანე და კარგი შედეგიც მივიღე. შესანიშნავად აღმოცენდა, გაიზარდა და მოსავალიც ისეთივეა, როგორიც სხვა ქვეყნებში. ჩემი გამოცდილებიდან დასკვნა ის არის, რომ მარგალიტის ფეტვიცა და მარცვლოვანი სორგოც საქართველოში კარგად ხარობს. ორივე სიმინდის მსგავსად ითესება. აღნაგობითა და განვითარებითაც სიმინდს წააგავს. განსხვავება ის არის, რომ ორივე მარცვლოვან თავთავებს წვერში ივითარებს. იქვე, თავზევე აქვს ყვავილებიც. სორგოსა და მარგალიტის ფეტვის ყანაც სიმინდისას ჰგავს. რაც მთავარია, ორივე კულტურა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია საკუთარი ხელით მოიყვანოს. მექანიზაცია აუცილებელი არ არის, თუმცა მისი მოყვანა და მოსავლის აღება მექანიზაციითაც შეიძლება. გააგრძელეთ კითხვა