ავტორი:

სენაკელი არისტოკრატის ქალიშვილი, რომელიც გალაკტიონის მუზად იქცა - ნაკლებად ცნობილი ფაქტები მერიზე: ორი ტრაგედია შერვაშიძეების ოჯახში და გზა სამეგრელოდან პეტერბურგამდე

სენაკელი არისტოკრატის ქალიშვილი, რომელიც გალაკტიონის მუზად იქცა - ნაკლებად ცნობილი ფაქტები მერიზე: ორი ტრაგედია შერვაშიძეების ოჯახში და გზა სამეგრელოდან პეტერბურგამდე

"გალაკტიონის მუზა - მერი შერვაშიძე სენაკში დაიბადა და გაიზარდა! საკალანდარიშვილოს წმ. გიორგის ტაძრის ეზოშია მამამისის - პროკოფი შერვაშიძისა და 2 ძმის საფლავი... ციცინო ყურაშვილის საოცარი აღმოჩენა" - ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელში სულ ახალხან გავრცელდა. უნიკალურ ცნობებს და ფოტოებს ციცინო ყურაშვილი ექსკლუზიურად გვაწვდის...

- ახლახან აღმოჩნდა, რომ გალაკტიონის შედევრის ადრესატი, არისტოკრატიზმისა და სილამაზის ეტალონი, თავადის ასული მერი (მარიამ) პროკოფის ასული შარვაშიძე, 1889 წლის 17 ოქტომბერს ახალ სენაკში დაბადებულა, ეს გასაკვირი არ უნდა იყოს, რადგან, როგორც ცნობილია, იმ დროისათვის თავადაზნაურთა ოჯახები ძირითადად სოფლად, საკუთარ მამულებში ცხოვრობდნენ; აღსანიშნავია ისიც, რომ სამეგრელოში ტრადიციად იყო დამკვიდრებული, პირველ შვილზე ქალს მშობლიურ სახლში უნდა მოემშობიარებინა. მოხდა ისე, რომ 1867 წელს რუსეთის იმპერატორმა, ალექსანდრე III დაამტკიცა "ფოთი-თბილისის” რკინიგზის პროექტი, რომლის მშენებლობა 1871წელს ფოთიდან დაიწყო.

იმას, რომ რკინიგზამ დაბა სენაკზე გაიარა და პატარა სოფლური დასახლება თანდათან ქალაქური ტიპის დასახლებულ პუნქტად გარდაიქმნა, სწორედ თეკლათელი მხეიძეების მონდომებამ და ინიციატივამ შეუწყო ხელი. კერძოდ, სენაკი-ფოთის რკინიგზის მშენებლობის ერთ-ერთი დამფინანსებელი გახლდათ მდიდარი მრეწველი, კორნელი ბოროზდინის თქმით "აქაური როტშილდი", გრიგოლ ბეჟანის ძე მხეიძე - მერი შარვაშიძის ბაბუა...

მერი...

აქ, ნოვო-სენაკში (თავიდან ასე უწოდებდნენ ახლად დაარსებულ დაბას) სრულიად ახალი ტიპის ცხოვრების დასაწყებად და საცხოვრებლად ჩამოვიდნენ მაზრის სოფლებიდან გლეხები, ხელოსნები, ვაჭრები, ამას დაემატა ისიც, რომ 1882 წელს ახალ სენაკში მარტვილიდან სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელიც გადმოიტანეს და ქალაქს სკოლის მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლებიც შეემატა.

თედო სახოკია იგონებდა: სენაკი ცენტრალურ და დასახმარ ადგილად ითვლებოდა მთელი სამეგრელოს სამღვდელოებისათვის. აქ იყო ფოთი-თბილისის (ბაქომდე ჯერ არ იყო გაყვანილი რკინიგზა) რკინიგზის სადგური. მისვლა-მოსვლა თბილისს, ქუთაისსა და სხვა რკინიგზის ხაზზე მდებარე ადგილებთან, მარტვილთან შედარებით ერთი-ათად გაადვილებული იყო. აქ იყო სხვადასხვა დაწესებულებები მაზრისა: აფთიაქი, ორკლასიანი სასწავლებელი, ხაზინა, აბანო, სატუსაღო... აქ იყო ერთი ინგლისელის ეზო-ბაღი, სადაც იზრდებოდა სხვადასხვა ტროპიკული და კულტურული მცენარეები, ჩვენ ეს სასწაულად მიგვაჩნდა. იყო ბუხრიანი სახლებიც. სენაკელები მზის სინათლეს არ ჯერდებოდნენ და ღამით ხელოვნურად ანათებდნენ დაბას ნავთის ლამპებით...“( თედო სახოკია,,როგორ ვიზრდებოდით ძველად).

ვინ იყო და რას წარმოადგენდა ახალი სენაკის მაშინდელი არისტოკრატია, როგორი იყო გარემო და ყოფა, სადაც დაიბადა და იზრდებოდა "კნიაჟნა" მერი?

კ.ბოროზდინის თქმით, აქაური არისტოკრატები "ქორწილსა და ტირილს დიდის ამბით იხდიდნენ. 1886 წლის მაისის თვეში ერთი ფრიად მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა: ტაძარში ჯვარი დაიწერეს აფხაზეთის მთავართა შთამომავალმა, 47 წლის თავადმა პროკოფი ლევანის ძე შარვაშიძემ და სენაკელი თავადის, გრიგოლ ბეჟანის ძე მხეიძის 23 წლის ასულმა, ნინომ. ქორწილს ესწრებოდნენ მაღალი საზოგადოების წარმომადგენლები. პატარძალი- ნინო მხეიძე გახლდათ ზემოთ არაერთხელ ნახსენები, სამეგრელოსა და სენაკში საკმაოდ პატივსაცემი მხეიძეების გვარისა და ოჯახის შვილი.

გავიდა დრო, 1889 წლის 15 ოქტომბერს, ტრადიციისამებრ, ნინო მხეიძემ მშობლების ოჯახში, დედის მზრუნველობის ქვეშ იმშობიარა და ტყუპები მერი და ლევანი დაიბადნენ. სამწუხაროდ ერთი თვის თავზე, ლევანი მეტრიკული წიგნის ჩანაწერის მიხედვით "გაცივებით" გარდაიცვალა და სენაკის სოფ.ნატოჩაოს(ახლანდელი საკალანდარიშვილოს) გორაზე აღმართულ XIII საუკუნის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის ეზოში დაკრძალეს.

მერი შარვაშიძის იშვიათი ფოტო

მალე შარვაშიძეების ოჯახში ისევ ტყუპები დაიბადნენ, ამჯერად გოგონები: ელენე და თამარი. ხუთი წლის იყო მერი, 1894 წელს მამამისი, არტილერიის პოდპოლკოვნიკი, თავადი შარვაშიძე, გადაიყვანეს აჭარაში, მიხეილის ციხესიმაგრის მეთაურად.

სწორედ ამ წელს დაიბადა ანა, სავარაუდოდ ბათუმში, რადგან ამ პერიოდში ოჯახი უკვე ბათუმში ცხოვრობდა, სადაც პროკოფი შარვაშიძე ბათუმის სათათბიროს წევრადაც იყო არჩეული სამხედრო სამსახურიდან გადადგომის შემდეგ.

  • 1895 წლის 5 დეკემბერს ბათუმში ახლანდელი აბაშიძის ქუჩის დასაწყისში მდებარე მიქაელ მთავარანგელოზის აწ უკვე დანგრეულ ეკლესიაში მონათლეს 6 წლის მერი შარვაშიძე, ნათლობის სახელით - მარიამი. მისი ნათლიები იყვნენ: თავადი ალექსანდრე ანატოლის ძე ბარიატინსკი და კონსტანტინე ოლდენბურგელის მეუღლე გრაფინია აგრაფინა.

1900 წელს პროკოფი ლევანის ძე შარვაშიძე სამხედრო სამსახურიდან გენერალ-მაიორის წოდებით გადადგა. იმავე, წელს ერთი წლის ასაკში გარდაიცვალა ნაბოლარა - გიორგი პროკოფის ძე შარვაშიძე, ისიც სენაკში ნატოჩაოს წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის სასაფლაოზე დაკრძალეს. იმავე, წელს ერთი წლის ასაკში გარდაიცვალა ნაბოლარა-- გიორგი პროკოფის ძე შარვაშიძე, ისიც სენაკში ნატოჩაოს წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის სასაფლაოზე დაკრძალეს.

თავადი პროკოფი ლევანის ძე შარვაშიძე

შერვაშიძეების ოჯახი 1906 წლამდე საქართველოში ცხოვრობდა და აქედან ჰქონდა მერის სამშობლოს, დედულეთის და სანათესაოს სიყვარული.

პროკოფი შარვაშიძე 1906-1907წლებში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრად აირჩიეს. ის იყო რუსეთის I და III მოწვევის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი სოხუმის ოკრუგიდან და ბათუმის ოლქიდან. ამიტომ XX საუკუნის ათიან წლებში შარვაშიძეების ოჯახი პეტერბურგში გადავიდა საცხოვრებლად, ამ დროისათვის თავადის ასული მერი უკვე 15-16 წლისა იქნებოდა. პეტერბურგში მერიმ და მისმა დებმა საუკეთესო განათლება მიიღეს და თავიანთი წარმომავლობის წყალობით იმპერიის დედაქალაქის საზოგადოების მაღალ წრეებში ტრიალებდნენ. რაც შეეხება, ,"კნიაჟნა“ მერის, არაჩვეულებრივი სილამაზის, არისტოკრატიზმის, განათლების, დახვეწილი მანერების გამო დედოფლის ფრეილინად იქნა დანიშნული და 1916 წლამდე იმყოფებოდა პეტერბურგის სამეფო კარზე, სადაც სილამაზისა და სინატიფის ეტალონად იყო აღიარებული.

მერი შერვაშიძე ფრეილინას მოოქროვილ სამოსში

მერი და მისი დები იმპერიის დედაქალაქიდანაც რომ ხშირად სტუმრობდნენ სენაკს და ნათესავებს, იმდროიდან შემორჩენილი რამდენიმე ფოტოც ადასტურებს(ფოტოები ინტერნეტიდანაა გადმოღებული).

1914 წლის დეკემბრის ბოლოს სენაკში ავადმყოფობის შემდეგ 75 წლისა გარდაიცვალა გენერალ-მაიორი პროკოფი ლევანის ძე შარვაშიძე (1840-1914). სენაკელმა საზოგადოებამ პატივი მიაგო რუსეთის იმპერიის გენერალ მაიორს, დუმის სათათბიროს დეპუტატს, არაერთი ორდენის კავალერს.

ოჯახის უფროსის გარდაცვალების შემდეგ შარვაშიძეები ქუთაისში დაბინავდნენ, ამბობენ, სწორედ აქ ნახა გალაკტიონმა "თავისი" მერი, ალბათ სწორედ მაშინ დაწერა ლექსი, რომელიც 1915 წელს, სწორედ მერის პეტერბურგიდან დაბრუნების წელს დაიბეჭდა და პოეტისთვის წინასწარმეტყველური გამოდგა: 1918 წელს მერი შარვაშიძემ ქუთაისში ჯვარი დაიწერა იმპერატორ ნიკოლოზ II-ის ადიუტანტზე გიგუშა ერისთავზე (გიორგი ნიკოლოზის ძე ქსნის ერისთავი) და შემდეგ ოჯახთან ერთად ემიგრაციაში წავიდა. როცა თვალს გადაავლებ ზემოთ მოთხრობილ ამბებს და ხედავ, რომ ამდენი რამ აკავშირებდა ამ პატარა ქალაქთან შარვაშიძეების ოჯახს, ჩნდება განცდა, რომ მერი არა მარტო დაიბადა აქ, აქ აღიზარდა კიდეც მის დებთან ერთად ბებია-ბაბუებისა და ახლო ნათესავების გარემოცვაში. პეტერბურგში წასვლამდე ძირითადად ახალ სენაკში ცხოვრობდა, ან ხანგრძლივად სტუმრობდა მას. აქვეა მერის მამის და ძმების ძვალთშესალაგიც. თუმცა, ბედის უკუღმართობით უკვე დაოჯახებული მერი შარვაშიძე-ერისთავისა, მისი დედა და დები ემიგრაციაში უცხო მიწამ მიიბარა.