ავტორი:

"მათ არ სჯერათ პოლიტიკური საზღვრების, მათ სურთ მთლიანი რასა გაანადგურონ" - "ჰამასის" თანადამფუძნებლის შვილი დაჯგუფების წინააღმდეგ

"მათ არ სჯერათ პოლიტიკური საზღვრების, მათ სურთ მთლიანი რასა გაანადგურონ" - "ჰამასის" თანადამფუძნებლის შვილი დაჯგუფების წინააღმდეგ

"ჰამასის" თანადამფუძნებლის, შეიხ ჰასან იოსეფის ვაჟმა, მოსაბ ჰასან იოსეფმა გაეროში ისაუბრა ისრაელზე ტერორისტული თავდასხმის შესახებ. მოსაბი მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა ისრაელის დაზვერვის სამსახურში. ის დიდი ხანია "ჰამასის" ოპონენტია.

20 ნოემბერს გაეროში დოკუმენტური ფილმის, "7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტის მტკიცებულების" ჩვენება გაიმართა. შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა მოსაბ ჰასან იოსეფი.

მისი თქმით,"ჰამასს“ არ სჯერა "პოლიტიკური საზღვრების" და ტერორისტული დაჯგუფების მთავარი დანაშაული ბავშვების ინდოქტრინაციაა, რომლებსაც ადრეული ასაკიდან ასწავლიან ისრაელის სახელმწიფოს განადგურების აუცილებლობას.

"დღეს მე შემიძლია ვისაუბრო საკუთარი გამოცდილებით, იმ ადამიანის გამოცდილებით, რომელიც პალესტინაში გაიზარდა. ჰამასზე საუბრისას, ვსაუბრობთ რელიგიურ ჯგუფზე, რომელსაც არ სჯერა პოლიტიკური საზღვრებს და სურს, გაანადგუროს მთელი რასა, რათა ააშენოს ისლამური სახელმწიფო. არ ვიცი, სხვა რა შეიძლება ითქვას ამაზე და არ ვიცი, რატომ არ არის ეს ყველასთვის აშკარა".

მუსაბ ჰასან იოსეფი 1978 წელს დაიბადა. ის შეიხ ჰასან იოსეფის ოჯახში უფროსი ვაჟი იყო და მის მთავარ მემკვიდრედ ითვლებოდა. მამის ბრძანებების შესრულება მოზარდობის ასაკში დაიწყო. 10 წლის იყო, როცა პირველად დააკავეს - ებრაელებს ქვებს ესროდა.

იოსეფმა რამდენიმე წელი გაატარა ისრაელის ციხეში. 1996 წელს იგი ისრაელის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმატორი გახდა. 10 წლის განმავლობაში მუშაობდა კოდური სახელით "მწვანე პრინცი".

მისგან მიღებული ინფორმაციის წყალობით, სადაზვერვო სამსახურებმა თავიდან აიცილეს ათობით ტერორისტული თავდასხმა და დააკავეს "ჰამასის“ მრავალი ლიდერი.

2007 წელს იოსეფმა ახლო აღმოსავლეთი დატოვა და პოლიტიკური თავშესაფარი შეერთებულ შტატებში მიიღო - ის ახლა ამერიკის მოქალაქეა.

მოსაბ ჰასან იოსეფის მამა, შეიხ ჰასან იოსეფი, ჰამასის ხელმძღვანელობის წევრია და ჯგუფის ერთ-ერთ სულიერ ლიდერად ითვლება. ის ისრაელის ხელისუფლებამ არაერთხელ დააკავა. ჯამში მან ციხეში 20 წელზე მეტი გაატარა.