ავტორი:

2023 წლის მე-3 კვარტალში ქართველებმა საზღვარგარეთ მოგზაურობისას 592 მილიონი დახარჯეს - რა მონაცემებს აქვეყნებს საქსტატი?

2023 წლის მე-3 კვარტალში ქართველებმა საზღვარგარეთ მოგზაურობისას 592 მილიონი დახარჯეს - რა მონაცემებს აქვეყნებს საქსტატი?

2023 წლის მე-3 კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 819.9 ათასი გასვლა საზღვარგარეთ, რაც 18.2 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, გასვლების უდიდესი ნაწილი, 45.4 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ. აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 647.2 ათასი შეადგინა, რაც 21.7 პროცენტით მეტია 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

„საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 397.6 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 38.2 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

ვიზიტების უმრავლესობა, 48.1 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ. ქალების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა მთლიანი ვიზიტების 48.2 პროცენტს შეადგენდა. 2023 წლის III კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი (33.4 პროცენტი) განხორციელდა საყიდლების მიზნით. ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და სომხეთში, შესაბამისად, 279.5 ათასი და 107.6 ათასი ვიზიტი.

2023 წლის III კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 7.2 ღამე შეადგინა, რაც 2022 წლის III კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (6.3 ღამე) 13.4 პროცენტით მეტია. განხორციელებული ვიზიტების 96.3 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.

2023 წლის III კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 592.4 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც 7.1 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2022 წლის III კვარტალთან შედარებით 12.0 პროცენტით შემცირდა და 915.3 ლარი შეადგინა“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.