ავტორი:

"ვიხსენებ ყველა ჩალურჯებასა და დაზიანებას, რაც ჩემს შვილს აღენიშნებოდა და რატომღაც სიცელქეს ვაბრალებდი" - მშობლები164-ე ბაგა-ბაღს ბავშვზე სავარაუდო ძალადობისთვის უჩივიან

"ვიხსენებ ყველა ჩალურჯებასა და დაზიანებას, რაც ჩემს შვილს აღენიშნებოდა და რატომღაც სიცელქეს ვაბრალებდი" - მშობლები164-ე ბაგა-ბაღს ბავშვზე სავარაუდო ძალადობისთვის უჩივიან

თბილისის 164-ე ბაგა-ბაღს მშობლები უჩივიან. მათი განცხადებით, ბაღის თანამშრომლები ბავშვებზე ძალადობენ. მშობლები აცხადებენ, რომ მათ სააღმზრდელო დაწესებულების შენობაში დამონტაჟებული ვიდეოკამერების ჩანაწერებში ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები აღმოაჩინეს.

ერთ-ერთი ბავშვის მშობელი მომხდარის თაობაზე "ფეისბუქში" პოსტს აქვეყნებს.

"ეს რამდენიმე დღეა გონება სრულიად არეული მაქვს, მიჭირს კონცენტრირება და ფიქრს გავურბივარ. გაბრაზება და შიში თანაბრად გამეფებულა ფიქრის სამყაროში და სრულ ქაოსს ქმნის. ყველაზე სუსტი და დაუცველი მაშინ ვარ, როცა პრობლემა შვილს ეხება და ახლა სწორედ ასეთ მდგომარეობაში ვარ. საჯარო ბაგა-ბაღის იმ ჯგუფში, სადაც ჩემი პატარა ლუსიც დადის, ძიძები და აღმზრდელები ბავშვებზე ძალადობდნენ. ორშაბათიდან პარასკევამდე შვილები მიგვყავს საჯარო ბაგა-ბაღის პატარა ზომის ოთახში, სადაც 40-მდე ბავშვია გამოკეტილი და ვიმედოვნებთ, რომ მათ კარგად მოექცევიან, ვიმედოვნებთ, რადგან ეს სისტემა იმდენად ჩაკეტილია, რომ მშობლებს უამრავი ბიუროკრატიული ლაბირინთის გადალახვა გვიწევს, რათა მივაღწიოთ ოთახებში დამონტაჟებული ვიდეოსათვალთვალო მოწყობილობების ჩანაწერებამდე და ხშირად ამასაც ვერ ვახერხებთ. ამიტომ ხშირად მხოლოდ იმედი გვრჩება. აღმოჩნდა, რომ ჯგუფში, სადაც ჩემი შვილი ლუსი დადის, ბავშვების მიმართ სისტემატიურ ძალადობას ჰქონდა ადგილი. ეს დღეებია ვიხსენებ ყველა ჩალურჯებასა და დაზიანებას, რაც ჩემს შვილს აღენიშნებოდა და რატომღაც სიცელქეს ვაბრალებდი, ვიხსენებ მის პროტესტს ბაგა-ბაღის ჯგუფში შესვლაზე და პანიკურ ტირილს, როცა ვცდილობდი ამეხსნა, რომ ბაღში ყოფნა კარგია. ვიხსენებ მის ხასიათის ცვლილებას, სათამაშოებთან დამოკიდებულებას თამაშისას და ვხვდები, რომ ძალიან მნიშვნელოვანი რამ გამომეპარა. ძალადობის თემა გამჟღავნდა და ისიც იმიტომ, რომ იგივე ჯგუფში ამავე ბაღის დირექტორის შვილიშვილზე იძალადა ძიძამ. მხოლოდ მაშინ მოახდინა "რეაგირება" ამ "ძალადობის ფაბრიკის" დირექტორმა, როცა ეს ძალადობა მის შვილიშვილს შეეხო." რეაგირება" მართლა რეაგირება არ გეგონოს, ძვირფასო მკითხველო, დირექტორს არ მიუმართავს ბაგა-ბაღების სააგენტოსთვის, პოლიციისთვის და არც მშობლებისთვის უცნობებია. მოძალადე ძიძა დაიბარა და იძულებით დააწერინა განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ. ჩვენ, მშობლებმა სრულიად შემთხვევით და მოულოდნელად გავიგეთ სისტემატიური ძალადობის შესახებ. მიუხედავად ჩემი დაბნეული და არეული მდგომარეობისა, ერთი რაც მტკიცედ გადავწყვიტე, დაისაჯოს ყველა!" - წერს მშობელი.

  • ბავშვის მიმართ ჩადენილ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო.

ბაგა-ბაღების სააგენტოს ცნობით, აღმზრდელის თანაშემწე სამსახურიდან გათავისუფლებულია, თუმცა მშობლები მოითხოვენ ბაღის სხვა თანამშრომლების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას.

AMBEBI.GE ეცადა, ბაგა-ბაღის ადმინისტრაციასთან დაკავშირებას, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ.