ავტორი:

ამოქმედდა რეგულაცია: თუ ღია სივრცეში ძაღლს ალიკაპის ან საბმელის გარეშე გაიყვანთ, 150 ლარით დაჯარიმდებით

ამოქმედდა რეგულაცია: თუ ღია სივრცეში ძაღლს ალიკაპის ან საბმელის გარეშე გაიყვანთ, 150 ლარით დაჯარიმდებით

ამოქმედდა ცვლილება კანონში, რომლის თანახმად ძაღლის ღია სივრცეში საბელის ან ალიკაპის გარეშე ყოლაზე პასუხისმგებლობა მკაცრდება. შესაბამისი რეგულაცია ძალაში 22 ნოემბრიდან შევიდა.

"ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველების (ძაღლების, კატების) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 აპრილის N7-28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე" - ნათქვამია ბრძანებაში.

შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს და პარლამენტმა 76-ხმით, ერთხმად მესამე მოსმენით დაამტკიცა.

მიღებული ცვლილებების თანახმად, ძაღლის საბელის ან ალიკაპის გარეშე ქალაქის ბულვარში, პარკში ან სკვერში ყოლა (გარდა სპეციალურად გამოყოფილი ადგილებისა), გაფრთხილების ან 20-ლარიანი ჯარიმის ნაცვლად, გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, ხოლო იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით წლის განმავლობაში, გამოიწვევს მოქალაქის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით (ნაცვლად 50 ლარისა).

ამავე ცვლილებების გათვალისწინებით, თვითმმართველი ორგანოს მიერ დადგენილი წესების დარღვევით წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნა, გამოიწვევს მესაკუთრის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, ნაცვლად 20 ლარისა.

ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნა – გამოიწვევს მესაკუთრის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ნაცვლად არსებული 50 ლარისა.