ავტორი:

22 წლის გოგონას სასტიკი მკვლელობა, რომელმაც იტალია ფეხზე დააყენა: აქციები და სწრაფად მიღებული კანონი ქალების დასაცავად - რა არის ცნობილი მეგობარი ბიჭის მიერ მოკლული სტუდენტის საქმეზე?

22 წლის გოგონას სასტიკი მკვლელობა, რომელმაც იტალია ფეხზე დააყენა: აქციები და სწრაფად მიღებული კანონი ქალების დასაცავად - რა არის ცნობილი მეგობარი ბიჭის მიერ მოკლული სტუდენტის საქმეზე?

11 ნოემბერს იტალიაში 22 წლის სტუდენტი ჯულია ჩეკეტინი გაუჩინარდა. მისი ცხედარი ერთი კვირის შემდეგ ტბის მახლობლად, თხრილში იპოვეს. ქალის ყოფილი მეგობარი ბიჭი კი, რომელიც გერმანიაში გაქცევას ცდილობდა, მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

ჯულიას გარდაცვალებამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია იტალიურ საზოგადოებაში; სტუდენტებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით მასობრივი საპროტესტო აქციები გამართეს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ. იტალიის პარლამენტმა სასწრაფოდ მიიღო კანონი ქალების დასაცავად პრევენციული ზომების შესახებ, მაგრამ უფლებადამცველები და იურისტები შიშობენ, რომ ეს პრობლემას ვერ გადაჭრის.

სააგენტო ANSA, გამომძიებლების დასკვნაზე დაყრდნობით წერს, რომ ჯულია მკვლელს წინააღმდეგობას უწევდა, დაახლოებით, 25 წუთის განმავლობაში - მან გაქცევა სცადა, მაგრამ მდევარი დაეწია და დანა დაარტყა.

მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე, სანამ 22 წლის ჯულია ჩეკეტინი ბიოსამედიცინო ინჟინერიის დიპლომს მიიღებდა - ის ყოფილ მეგობარ ბიჭთან, ფილიპო ტურეტასთან ერთად, გამოსაშვები სამოსის საყიდლად წავიდა.

რამდენიმე დღის შემდეგ, სათვალთვალო კამერების ჩანაწერებში ჩანს, 22 წლის ტურეტა როგორ სცემს თავის ყოფილ პარტნიორს ავტოსადგომზე მის სახლთან ახლოს. ქალმა გაქცევა სცადა, მაგრამ პროკურორების თქმით, მოძალადემ პირზე ლენტი დააკრა, მანქანაში ძალით ჩასვა და გაიტაცა.

ერთკვირიანი ძებნის შემდეგ, მისი ცხედარი თხრილში, შავ ცელოფანში გახვეული იპოვეს.

გარდაცვლილს სხეულზე აღენიშნებოდა სასტიკი მკვლელობის ნიშნები - თავსა და კისერზე მიყენებული ჰქონდა მინიმუმ 20 ღრმა ჭრილობა. ვარაუდობენ, რომ ის 11 ნოემბრის ღამეს გარდაიცვალა.

ერთი კვირის შემდეგ ტურეტა გერმანიაში, ლაიფციგის მახლობლად დააკავეს. იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, მიმდინარე წელს იტალიაში 106 ქალია მოკლული, მათგან 55 სავარაუდოდ, პარტნიორის ან ყოფილი პარტნიორის მიერ.

ჯულია ჩეკეტინის მკვლელობას აქციები მოჰყვა იტალიაში. ქვეყნის რამდენიმე ქალაქში გაიმართა მასობრივი აქციები. ბოლო ორი დღის განმავლობაში, იტალიის ძალადობის საწინააღმდეგო და თვალთვალის ცხელ ხაზზე გაორმაგებულია ზარების რაოდენობა.

"ის ნორმალური ბიჭი იყო, პრაქტიკულად სრულყოფილი", - ამბობს ნიკოლა ტურეტა, ეჭვმიტანილის მამა იტალიურ გაზეთ La Repubblica-სთან ინტერვიუში.

"სკოლაში კარგად სწავლობდა, არასდროს ჰქონია პრობლემა მასწავლებლებთან და თანაკლასელებთან. არასდროს არავისთან კამათიც არ მოსვლია".

მოკლულის დის თქმით, კაცს მესაკუთრეობის გრძნობა ჰქონდა, მაგრამ ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ მას ვინმესთვის ზიანის მიყენება შეეძლო.

ჯორჯია მელონი ქალების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გამოვიდა

ჯორჯია მელონი, იტალიის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრია. მან გამოთქვა აღშფოთება ქვეყანაში პარტნიორებისა და ყოფილი პარტნიორების მიერ ქალთა მიმართ ძალადობის ხანგრძლივი ისტორიის გამო.

"ყველა ქალი მოკლულია იმის გამო, რომ ის არის „დამნაშავე“ თავის თავისუფლებაში. ამის მოთმენა შეუძლებელია, რაც მაიძულებს გავაგრძელო ამ ბარბაროსობის შესაჩერებლად არჩეული გზა“, - წერს ჯორჯია მელონი ფეისბუქზე.

იტალიის სტატისტიკის ეროვნული ინსტიტუტის (ISTAT) მიხედვით, 30-დან 69 წლამდე იტალიელი ქალების 40%-ზე მეტი არ მუშაობს, ძირითადად იმიტომ, რომ მათ არ შეუძლიათ მუშაობა და თან ოჯახზე ზრუნვა.

მემარცხენე ცენტრის დემოკრატიული პარტიის სენატორი ვალერია ვალენტე ამბობს, რომ ოჯახში ძალადობა იტალიაში ასახავს ფესვგადგმულ შოვინისტურ მენტალიტეტს. „იფიქრეთ სექსისტურ ხუმრობებზე, რეკლამებზე, შევიწროებაზე სამუშაო ადგილზე და კაცების უუნარობაზე, რომ მათ ქალის თვალში ავტორიტეტი მოიპოვონ“, - ამბობს ის. მისი აზრით, აქ საუბარია არა სისასტიკის ერთ შემთხვევაზე, არამედ ზოგად დამოკიდებულებაზე.

The New York Times-ის მიერ გამოკითხული ექსპერტები აღნიშნავენ, რომ კანონის მიღება პრობლემას ვერ გადაჭრის.

"ჩვენ გვაქვს კანონები და ისინი კარგია. პრობლემა ამ კანონების გამოყენებაშია“, - ამბობს იურისტი და ძალადობის საწინააღმდეგო ეროვნული ქსელის DiRe-ს ვიცე-პრეზიდენტი ელენა ბიაგიონი. მისი თქმით, პრობლემა "სტრუქტურულია და საზოგადოებაში ვრცელდება" და ნებისმიერ ცვლილებას დასჭირდება დრო და მუშაობა ბევრ ფრონტზე.

როსელა სილვესტრე, არაკომერციული ორგანიზაციის ActionAid-ის წარმომადგენელია. ის ეხმარება ქალებს, რომლებიც უკვე გახდნენ ძალადობის მსხვერპლნი. მისმა ორგანიზაციამ მოამზადა ანგარიში, რომელიც აჩვენებს, რომ ქალების დაცვაზე სახელმწიფო ხარჯები გაორმაგდა ბოლო ათი წლის განმავლობაში, ხოლო მათი პარტნიორების მიერ მოკლული ქალების რაოდენობა იგივე დარჩა.

ფილიპო ტურეტა, რომელსაც ჯერ ბრალი ოფიციალურად არ წაყენებია ჯულია ჩეკეტის მკვლელობაში, გერმანიაში იმყოფება და იტალიაში ექსტრადიციას ელოდება. გერმანიის ხელისუფლების განცხადებით, მას დაკავებისას პროტესტი არ გამოუთქვამს.