ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში საშიშროებაა, რომ წამლისა და სურსათის მარაგის გარეშე დარჩნენ. ამის შესახებ "ეხო კავკაზა" წერს. მიზეზი ისაა, რომ ჩრდილოეთ ოსეთის ე.წ. საბაჟო პუნქტზე თანამშრომლები გაფიცვას აცხადებენ და ავტომობილები გაჩერებული ჰყავთ. თანამშრომლები აპროტესტებენ ტვირთის მოსაკრებლის დაწესებას, რომელიც თავის მხრივ ითვალისწინებს ტვირთის აწონვას, გაფორმებას, რაც აქამდე სავალდებულო არ ყოფილა.
3 დღის წინ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბიზნესმენებმა ერთ-ერთი რუსი ბროკერის განცხადება გაავრცელეს:
"23 ნოემბრიდან 15 დღით ჩრდილო-კავკასიის საბაჟო ადმინისტრაციული წნეხის გამო ვაჩერებთ იმ ტვირთების გაფორმებას, რომლებიც ცხინვალში მიაქვთ", - ნათქვამი იყო განცხადებაში.
ცხინვალელი შუამავალი, ლუდმილა ბორისოვა ჩრდილოეთ ოსეთში კოლეგებს დაუკავშირდა და მათი პოზიციის გარკვევა სცადა.
"წნეხი - ეს არის ჩრდილო-კავკასიის საბაჟო სამმართველოს მიერ ტვირთების ასპროცენტიანი შემოწმება და აწონვა. ყველა ტვირთი აწი ასეთი შემოწმების შედეგად შემოვა. სანამ სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობა არ მიიღებს რაიმე სახის ზომებს, სამხრეთ ოსეთში არა მარტო მე, არამედ საერთოდ არავინ არაფერს გააფორმებს“, - ჰყვება ერთ-ერთი ვლადიკავკაზელი ბროკერი.
ე.წ. მესაზღვრეები მზად არიან დაუბრუნდნენ სამუშაოს, თუკი დეფაქტო საზღვარზე ტვირთვის სავალდებულო შემოწმებას გააუქმებენ.
ავტორი: ანრი კურტანიძე