ავტორი:

"ხვიჩა კვარაცხელიამ დამაწყებინა ფეხბურთის ყურება" - რას ამბობს ლაშა ტალახაძე "კვარაზე"?

"ხვიჩა კვარაცხელიამ დამაწყებინა ფეხბურთის ყურება" - რას ამბობს ლაშა ტალახაძე "კვარაზე"?

ქართველმა ძალოსანმა, ორგზის ოლიმპიურმა და მრავალგზის მსოფლიო ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ "TST სპორტთან" ვრცელ ინტერვიუში კიდევ ერთ წარმატებულ ქართველზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა:

- აქამდე არ მქონია საშუალება ხვიჩა კვარაცხელიაზე სადმე მესაუბრა და ჩემი შთაბეჭდილება გამომეხატა. სიმართლე გითხრათ, დიდი ნაცნობობა არ გვაკავშირებს, მხოლოდ ინტერნეტ სივრცეში, მისალოცი მესიჯებით ვურთიერთობთ ხოლმე, მაგრამ დიდი სურვილი მაქვს, პირადადაც გავიცნო. ბევრს არ ვიტყვი, პირველ რიგში, ძალიან კარგი ადამიანია, თავმდაბალია და ეს ძალიან მნიშვნელოვანი სპორტსმენისთვის. როდესაც ამდენი წარმატების შემდეგ ადამიანი არ იცვლება და კვლავ კეთილშობილების მაგალითია, იმ ადამიანის ყველაფერი გამიხარდება... თან არა მარტო მე, ძალიან ბევრ სხვა ადამიანსაც. ხვიჩა კვარაცხელიას ჯერ არ უთქვამს თავის სათქმელი. მას უფრო მეტი შეუძლია და ეს ბიჭი უფრო მეტს იტყვის.

ვერ ვიტყვი, რომ ფეხბურთის გულშემატკივრობით გამოვირჩეოდი, საქართველოში ყველა სპორტს და სპორტსმენს ვგულშემატკივრობ, მაგრამ მინდა ვთქვა და იცოდეს, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ დამაწყებინა ფეხბურთის ყურება. მის გამოჩენამდე არასდროს არ მქონდა თავიდან ბოლომდე ის 90 წუთი და + დამატებითი დრო ნანახი. არასდროს მიგულშემატკივრია საქართველოს ნაკრების გარდა, სხვა გუნდისთვის, მაგრამ როდესაც "ნაპოლის" თამაშია, ჩავრთავთ სამეგობრო და ვუყურებთ. მინდა, წარმატებები ვუსურვო, ახალგაზრდა სპორტსმენია, ძალიან წარმატებულია და წინ უფრო მეტი წარმატებები ელის. ის თავის შრომით, თავმდაბლობით და კარგი ადამიანობით ძალიან ბევრს მიაღწევს. მუდამ მესმის ლაპარაკი "ნახე, ხვიჩამ რა მაგრად ითამაშა“... უხარიათ ადამიანებს ჩვენი წარმატებები და სპორტი არის ის რაღაც, რაც ჩვენს მოსახლეობას ახარებს და აერთიანებს... მინდა, ხვიჩასაც და ყველა სხვა სპორტსმენს ბევრი წარმატებები ვუსურვო. მჯერა, რომ საქართველოში ის მომენტი დგას, როდესაც ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი სპორტსმენი გაიზრდება, ვინც თავის სათქმელს იტყვის.

  • ნახეთ ინტერვიუ სრულად