ავტორი:

29 წლის მამაკაცმა საკუთარ ქორწილში პატარძალი, სიდედრი, ცოლისდა და კიდევ ერთი სტუმარი მოკლა - ტრაგედია ტაილანდში

29 წლის მამაკაცმა საკუთარ ქორწილში პატარძალი, სიდედრი, ცოლისდა და კიდევ ერთი სტუმარი მოკლა - ტრაგედია ტაილანდში

ტაილანდელმა პარასპორტსმენმა და ყოფილმა ჯარისკაცმა საკუთარ ქორწილში პატარძალი და 3 სტუმარი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. განცხადებას ტაილანდის პოლიცია ავრცელებს.

29 წლის ჩატურონგ სუკსუკი და 44 წლის კანჩანა პაჩუნთუკი ჩრდილო-აღმოსავლეთ ტაილანდში ქორწილს იხდიდნენ, რა დროსაც საშინელი ტრაგედია დატრიალდა. გავრცელებული ინფორმაციით, სიძემ ქორწილი მოულოდნელად დატოვა და უკან იარაღით დაბრუნდა, რის შემდეგაც ცოლი, 62 წლის სიდედრი და პატარძლის 38 წლის და მოკლა. ბრმად გასროლილი ტყვია კიდევ ორ სტუმარს მოხვდა, რომელთაგან ერთი გარდაიცვალა.

პოლიციის თქმით, ჩატურონგი მთვრალი იყო, მაგრამ სროლის მოტივი გაურკვეველია. მოულოდნელი თავდასხმის შესახებ სხვადასხვა ვერსია გავრცელდა. სტუმრების თქმით, წყვილი წვეულების დროს კამათობდა, თუმცა რა თემაზე, ეს მათთვის უცნობი დარჩა. ერთ-ერთი ვერსიით, შეზღუდული უნარების გამო ჩატურონგი თავს არასრულფასოვნად გრძნობდა და ეშინოდა, რომ ცოლი მიატოვებდა. სიძემ ფეხი სამხედრო სამსახურის შესრულებისას დაიზიანა, რის შემდეგაც იძულებული გახდა, ფეხის ამპუტაციაზე დათანხმებულიყო. გამოთქმულ ვერსიებს შორის დასახელდა წყვილს შორის ასაკობრივი სხვაობაც, თუმცა მოტივზე საუბრისგან პოლიცია ჯერ თავს იკავებს და აცხადებს, რომ გამოძიება გრძელდება.

  • ტაილანდის პოლიციის ცნობით, ჩატურონგმა ცეცხლსასროლი იარაღი 1 წლის წინ კანონიერად შეიძინა.

29 წლის ჩატურონგ სუკსუკი პარაოლიმპიადაზე ცურვასა და სროლაში ტაილანდს წარმოადგენდა. მან 2022 წელს ინდონეზიის რიგით მეთერთმეტე Asean-ის პარათამაშებზე, ცურვაში ვერცხლის მედალიც მოიპოვა.

ინციდენტი რამდენიმე დღეში მოხდა მას მერე, რაც ტაილანდის შსს მინისტრმა, ანუტინ ჩარნავირაკულმა იარაღის ლიცენზიის გაცემის ერთი წლით შეჩერების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა. ეს შეზღუდვა ქვეყანაში იარაღით ძალადობის შეჩერებას ისახავს მიზნად.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა