მასკი ისრაელშია, ის ქვეყნის პრეზიდენტსა და პრემიერს შეხვდება - ამის მიზეზი სოციალურ ქსელ X-ის ანტისემიტიზმსა და ებრაელებისადმი სიძულვილის გაძლიერებაში დადანაშაულებაა

მასკი ისრაელშია, ის ქვეყნის პრეზიდენტსა და პრემიერს შეხვდება - ამის მიზეზი სოციალურ ქსელ  X-ის ანტისემიტიზმსა და ებრაელებისადმი სიძულვილის გაძლიერებაში დადანაშაულებაა

ილონ მასკი დღეს ისრაელის პრეზიდენტს, იცხაკ ჰერცოგს შეხვდება. შეხვედრას "ჰამასის" ტყვედ აყვანილი ებრაელების ოჯახებიც დაესწრებიან, ინფორმაციას პრეზიდენტის ოფისი აქვეყნებს.

ილონ მასკის ვიზიტის მიზეზი სამოქალაქო უფლებების დაცვის ჯგუფების ბრალდებები გახდა. ისინი მასკის სოციალურ მედიას, X-ს ანტისემიტიზმსა და ებრაელებისადმი სიძულვილის გაძლიერებაში ადანაშაულებენ. ჰერცოგის ოფისმა შეხვედრის შესახებ განცხადება კვირას ღამით გააკეთა: "პრეზიდენტი ხაზს გაუსვამს, რომ ონლაინ მზარდ ანტისემიტიზმთან საბრძოლველად მოქმედებაა საჭირო."

ისრაელის მედიის თანახმად, მასკი დღესვე შეხვდება ბენიამინ ნეთანიაჰუსაც. პრემიერ-მინისტრი მილიარდერ ბიზნესმენს კალიფორნიაში 18 სექტემბერსაც შეხვდა და მას გამოხატვის თავისუფლების დაცვასა და სიძულვილის ენასთან ბრძოლას შორის წონასწორობის დაცვა მოსთხოვა. ეს მოწოდება X-ზე ანტისემიტური შინაარსის შემცველი პოსტების მომრავლებას მოჰყვა.

მასკმა ნეთანიაჰუს უპასუხა, რომ ის ანტისემიტიზმის და იმ ყველაფრის წინააღმდეგია, რაც სიძულვილის და კონფლიქტის პროპაგანდას უწყობს ხელს. მიუხედავად ამისა, 15 ნოემბერს ბიზნესმენი X-ზე პოსტს დაეთანხმა, რომელიც ცრუ ინფორმაციას ავრცელებდა და ირწმუნებოდა, რომ ებრაელები დასავლეთის მიმართ სიძულვილს თესავდნენ. თეთრმა სახლმა დაგმო ანტისემიტური და რასისტული სიძულვილის "ამაზრზენი პროპაგანდა". მსგავსად მოიქცნენ აშშ-ს წამყვანი კომპანიებიც, მათ შორის Walt Disney, Warner Bros Discovery და NBCUniversal. მათ პროტესტის ნიშნად X-ზე თავიანთი რეკლამები შეაჩერეს.

წყარო: theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა