ავტორი:

ხელოვნური ინტელექტი სამხედრო ტექნიკაში - AI-ზე დაფუძნებული დრონი, რომელიც თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას თავდასხმის შესახებ, უკვე რეალობაა: რა არის ცნობილი ახალი თაობის იარაღზე

ხელოვნური ინტელექტი სამხედრო ტექნიკაში - AI-ზე დაფუძნებული დრონი, რომელიც თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას თავდასხმის შესახებ, უკვე რეალობაა: რა არის ცნობილი ახალი თაობის იარაღზე

აშშ უკვე დიდი ხანია მუშაობს უპილოტო საფრენ აპარატზე, რომელსაც ხელოვნური ინტელექტი ექნება ჩაშენებული. ახლა პენტაგონი ცდილობს, ახალი თაობის დრონებს ისეთი ტექნოლოგია ჩაუნერგოს, რომელიც თავდასხმაზე და ადამიანების ლიკვიდაციაზე გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად მიიღებს. მსგავსმა ავტონომიურმა დრონმა Skybord-მა პირველი საცდელი ფრენა 2021 წელს შეასრულა.

The New York Times-ის ინფორმაციით, ასეთი ტექნოლოგიების გამოგონებაში მოწინავე ქვეყნები, აშშ, ისრაელი და ჩინეთი, არ თვლიან, რომ საერთაშორისო სამართლის დონეზე რაიმე შესწორება უნდა შეიტანონ. თეორიულად, მომავალში, ხელოვნური ინტელექტის მქონე გამანადგურებელ აპარატებს და საბრძოლო საშუალებებს სხვადასხვა ლეტალური, მათ შორის, ბირთვული იარაღის გამოყენების გადაწყვეტილების მიღება შეეძლება, თუმცა ამაზე საუბარი ჯერ ადრეა.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე წლის წინ გამოცემა The Independent გაეროს მოხსენებაზე დაყრდნობით წერდა, რომ თურქული წარმოების დრონმა, Kargu-2-მა ადამიანისგან დამოუკიდებლად, ავტონომიურ რეჟიმში გაუხსნა ცეცხლი მოწინააღმდეგეებს ისე, რომ ოპერატორისგან (ადამიანი, რომელიც დრონს მართავდა) მსგავსი ბრძანება არ მიუღია. ეს სამხედრო ექსპერტებისა და ანალიტიკოსებისთვის სრული სენსაცია იყო. ამბავი 2020 წელს ლიბიაში მოხდა. დრონმა თვითონ აარჩია სამიზნეები და მიიტანა იერიში.

  • მაშინ მომხდარში ეჭვი უამრავმა ადამიანმა შეიტანა, რადგან იმ დროისთვის ჯერ კიდევ უტოპიად ითვლებოდა მსგავსი ტექნოლოგია. ახლა კი ვხედავთ, რომ რობოტიზებული ტექნიკის გამოყენება თანამედროვე ომებში, რეალურია.

1993 წელს, როდესაც მსოფლიო კინოთეატრებში "რობოტების ომი“ გამოვიდა, რობოტი-მკვლელი მალევე გახდა პოპულარული, თუმცა ეს მაინც ფანტასტიკად ითვლებოდა. დღეს ყველაფერი სხვაგვარადაა.

2020 წლის 27 ნოემბერს, თეირანში, ბირთვული ფიზიკოსი მოჰსენ ფაჰრიზადე დისტანციური მართვის ავტომატური იარაღით მოკლეს. ებრაული "მოსსადი“ ირანში ნაწილ-ნაწილ გზავნიდა 7.62 მილიმეტრის ტყვიამფრქვევს, FN MAG-სა და რობოტიზირებულ აპარატს რამდენიმე კამერით, რომლებსაც გარემოს ვიზუალური კონტროლი შეეძლოთ. ეს ყველაფერი პიკაპის ტიპის ავტომობილზე მოათავსეს, საიდანაც გაისროლეს.

  • მიუხედავად იმისა, რომ თვითონ პრიმიტიული კონსტრუქცია იყო, ამგვარი იარაღის გამოყენება ასეთი მასშტაბის სპეცოპერაციაში იმ დროისთვის საკმაოდ ორიგინალური გადაწყვეტილება იყო.

რუსეთ-უკრაინის ომმა აჩვენა, რომ დისტანციური მართვის ტექნიკა თანამედროვე ომებში უზარმაზარ როლს თამაშობს და ეს ტენდენცია კიდევ უფრო მზარდი იქნება. მთავარი დადებითი მხარე ის არის, რომ მას ადამიანი მართავს.

"ჭკვიანები“ გახდნენ არა მარტო დრონები ან უპილოტო საზღვაო კატერები, არამედ ტანკებიც, რომლებსაც კორპუსის პასიური და აქტიური დაცვის საშუალებები აქვთ. ტანკებიც იყენებენ ხელოვნურ ინტელექტებს. რაც უნდა გასაკვირი იყოს, მსგავსი ტექნოლოგია რუსებსაც აქვთ, მათ შორის ტ-80უ-მ1-ში.. საუბარია სისტემა "ИИДБМС“-ზე. ამ შემთხვევაში ხელოვნური ინტელექტი პასუხს აგებს ტანკის მართვაზე, ცეცხლზე, ასევე შეუძლია სხვადასხვა კომპიუტერული ქსელების დახმარებით თავის მოქმედებები სხვა ტექნიკასთან შეათანხმოს და მითითებები მართვის ცენტრისგანაც მიიღოს.

როგორც ნებისმიერი სამხედრო მიმართულების შემთხვევაში, ხელოვნური ინტელექტის მხრივაც, ყველა ქვეყანა იმ მიმართულებას ავითარებს, რაც მისთვის პრიორიტეტულია. მაგალითად, ჩინეთში შეიმუშავეს ალგორითმი, რომელიც ჰიპერბგერითი რაკეტების კურსს გამოთვლის. 2023 წელს ჩინეთმა განაცხადა, რომ ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე შექმნეს კონსტრუქტორი, რომელმაც 1 დღეში შექმნა სამხედრო გემის ელექტრო დიზაინი. იმავე მოცულობის სამუშაოს ადამიანი 1 წელიწადს მოანდომებდა.

ავტორი: ანრი კურტანიძე