რას ნიშნავს პირველი ციფრული საინფორმაციო ფონდი საქართველოს შესახებ, რომელიც BTU-სა და „პალიტრა ჰოლდინგის“ პარტნიორობით იქმნება?

რას ნიშნავს პირველი ციფრული საინფორმაციო ფონდი საქართველოს შესახებ, რომელიც BTU-სა და „პალიტრა ჰოლდინგის“ პარტნიორობით იქმნება?

ხელოვნური ინტელექტის გამოყენება გლობალურად იზრდება და მისი გამოყენება უკვე თითქმის ყველა სექტორს მოიცავს. ამ ფონზე, საქართველოში იქმნება მასშტაბური საინფორმაციო ბაზა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიერ მუშავდება და მისი გამოყენება სხვადასხვა მიმართულების განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

ერთიანი ციფრული საინფორმაციო ფონდის შექმნას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ტექნოლოგიების სწრაფად ცვალებად გარემოში. ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად გლობალურად იცვლება ინფორმაციის მიმღების ქცევა. მისი მიზანია მოკლე დროში სწორი და საიმედო ინფორმაცია მოიპოვოს შესაბამისი წყაროსგან. ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებით იქმნება საქართველოს მთავარი საინფორმაციო ფონდი, რომელიც ინფორმაციის მოძიების პროცესის ავტომატიზაციას მოახდენს. შედეგად გაიზრდება ძებნის ეფექტურობა და პერსონალურ საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, მოხდება ყალბი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის ბლოკირება.

ფონდი BTU-სა და „პალიტრა ჰოლდინგის“ თანამშრომლობით იქმნება. მისი მნიშვნელობისა და შესაძლებლობების შესახებ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ ბატიაშვილი გვესაუბრება.

რატომ არის მნიშვნელოვანი საქართველოს შესახებ ციფრული საინფორმაციო ფონდის შექმნა?

პირველ რიგში, ეს ინფორმაციის გამჭვირვალობასა და სანდოობას შეუწყობს ხელს. მეორე მხრივ, ზოგადად, ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტი ბევრი სფეროს განვითარებას უწყობს ხელს.

ძალიან მალე მზად ვიქნებით, საზოგადოებას წარვუდგინოთ საქართველოს შესახებ პირველი ციფრული საინფორმაციო ბაზა, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისთვის, მათ შორის: ეკონომისტებისთვის, ბიზნესმენებისთვის, განათლების სპეციალისტებისთვის, პოლიტიკოსებისთვის და სხვა. ისინი შეძლებენ, წვდომა ჰქონდეთ საქართველოში წლების განმავლობაში დაგროვებულ ინფორმაციაზე და ის საკუთარი საქმიანობისთვის გამოიყენონ. ეს ყველაფერი კი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მოხდება.

მეორე მხრივ, ფონდი მაქსიმალურად გაზრდის საქართველოს ცნობადობას საერთაშორისო ასპარეზზე, მათთვის ქვეყნის შესახებ სანდო, სწორი და მრავალფეროვანი ინფორმაციის მიწოდებით. საბოლოოდ, ეს აისახება საერთაშორისო ინვესტიციებში, ტურიზმში, ეკონომიკის განვითარებაში.

ასევე, გვსურს, საქართველო დაპოზიციონირდეს, როგორც ტექნოლოგიების კუთხით მოწინავე ქვეყანა.

პროექტის ფარგლებში, ვინ არიან თქვენი ტექნოლოგიური პარტნიორები?

ერთ-ერთი პირველი, ვისთანაც ვმუშაობთ, chatGPT. სწორედ მისი ხელოვნური ინტელექტი დაგვეხმარება ქართული ინფორმაციის მართვაში. მუშაობა მიმდინარეობს Microsoft-ის ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორიის ბაზაზე, რომელიც რამდენიმე თვის წინ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში გაიხსნა. ლაბორატორია რეგიონში ერთადერთია. Microsoft კი ტექნოლოგიების სექტორის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა გლობალურად.

შესაბამისად, ჩვენ გვაქვს კარგი ტექნოლოგიური ბაზა და გვყავს კარგი პარტნიორები, რამაც გადაგვაწყვეტინა დაგვეწყო მუშაობა პროექტზე, რომელიც იქმნება ქართულ ინფორმაციაზე დაფუძნებით და უცხოური ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით.

რა ფორმით გახდება საინფორმაციო ფონდი ფართოდ ხელმისაწვდომი? ეს იქნება მობილური აპლიკაცია თუ ვებგვერდი?

ძალიან მალე ჩვენს ფონდში თავმოყრილი და ხელოვნური ინტელექტის მიერ გადამუშავებული ინფორმაციის მიღება შესაძლებელი გახდება სხვადასხვა ტექნოლოგიის გამოყენებით. ჩვენი მიზანია, ის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს, ამიტომ ინფორმაციის მიღება შესაძლებელი იქნება როგორც ვებგვერდის, ისე მობილური აპლიკაციის საშუალებით. მათ შორის, თავისუფალი წვდომა ექნებათ chatGPT-ის მომხმარებლებსაც. თუმცა საწყის ეტაპზე, ეს შეეხება ფასიან მომხმარებლებს.

ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გამოიყენოს შესაძლებლობა, რასაც დღევანდელი ტექნოლოგიები გვთავაზობს. შემდეგი წელი ხელოვნური ინტელექტისთვის ყველაზე სწრაფად განვითარების წელი იქნება. დაიწყო ხელოვნური ინტელექტის ეპოქა, რომელიც პრაქტიკულად ყველა სფეროში ინტეგრირდება.

როდის იგეგმება პლატფორმის ოფიციალური გაშვება?

მიუხედავად იმისა, რომ უკვე საკმაოდ დიდი ბაზა გვაქვს, კვლავ ინფორმაციის მოგროვების ეტაპზე ვართ. პარალელურად, მიდის ტესტირება და მისი შესაძლებლობების ანალიზი. ფონდი არსებული ფორმით რომ გახდეს ხელმისაწვდომი, ბევრი სფეროსთვის დღეს ის უკვე სასარგებლო იქნებოდა.

მუშაობის დროს ბევრი საკითხი ჩვენს პარტნიორებზეც არის დამოკიდებული. თუმცა ვფიქრობთ, რომ პლატფორმა წლის ბოლომდე გახდება ხელმისაწვდომი.

იგეგმება თუ არა GeorgiaAI-ის ქართულენოვანი ვერსიის შექმნა?

პირველ ეტაპზე, ხელმისაწვდომი იქნება ინგლისურ ენაზე. თუმცა ჩვენი მიზანია, რომ ეტაპობრივად ქართულენოვანი ვერსიაც გაჩნდეს. ვმუშაობთ იმაზეც, რომ ხელოვნურ ინტელექტს ქართულ ენაზე ტექსტის ლინგვისტური დამუშავება ვასწავლოთ და შემდეგ უკვე ქართულენოვანი ფონდიც ხელმისაწვდომი იქნება.