ავტორი:

"არ მესმის, რა თამაშებს თამაშობენ... ვეკითხები არახამიას, - რატომ დაასმინე ასე, ბორის ჯონსონის მადლობელი არ უნდა იყო?“ - გორდონის უმწვავესი განცხადებები და კითხვები ხელისუფლებას

"არ მესმის, რა თამაშებს თამაშობენ... ვეკითხები არახამიას, - რატომ დაასმინე ასე, ბორის ჯონსონის მადლობელი არ უნდა იყო?“ - გორდონის უმწვავესი განცხადებები და კითხვები ხელისუფლებას

ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი დმიტრი გორდონი დასავლეთისა და უკრაინის რთულ ურთიერთობაზე ალაპარაკდა. გორდონის თქმით, უკრაინამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ევროპული კურსი ჰქონდეს, თუმცა, მიუხედავად ამისა, დასავლეთი არ იწვის სურვილით, რომ მათ ორგანიზაციებში თუ ალიანსებში მიიღოს.

"დასავლეთი გვეტყვის, მიდით რუსეთთან მოლაპარაკებებზე. არ ვამტკიცებ, რომ აუცილებლად ასე იქნება, მაგრამ დასავლეთი, ასე იტყვის. ნატო? ევროკავშირი? რა ნატო, რა ევროკავშირი, გგონიათ ისინი ჩვენი მიღების სურვილით იწვიან? 2013-2014 წლებში ჩვენ მაიდანზე გავდიოდით, ევროპული ასოცირების მისაღებად. ჯერ ეგეც კი არ მიგვიღია ბოლომდე. იმ ფონზე, რომ დასავლეთს არ აქვს დიდი სურვილი, რომ სადმე მიგვიღოს, იმ ფონზე, რომ დასავლეთი ვაჭრობს რუსეთთან, გასაგებია, დიდ ფულზე და ფინანსებზეა ლაპარაკი.

ისინი გვეტყვიან, და ამის შესახებ დასავლური გამოცემები, მაგალითად "ბილდი“ წერს და მოდით, სიმართლე ვთქვათ, უკვე ელჩებიც საუბრობენ, რომ საბოლოოდ მაინც მოლაპარაკებებით დავასრულებთ. რა იქნება ამ მოლაპარაკებებზე, სადაც უკრაინა ძლიერი პოზიციის გარეშეა? რა იქნება, რას გვეტყვიან? ისევ იმავეს, უარი ვთქვათ ნატოსა და ევროკავშირზე.

რუსები აღარც მალავენ სურვილს, პირდაპირ ამბობენ, სადაც ჩვენ გვყავს ჯარები, ის ტერიტორია ჩვენია, სადაც თქვენ გყავთ - თქვენიო. თან რუსების ნდობა ისევ და ისევ არ შეიძლება. აქ შეკითხვა ჩნდება არახამიასთან, 2022 წლის მარტის მოლაპარაკებების პირობები იყო უკეთესი თუ ახლანდელი? ამაშია კითხვა. წინ ზამთარია, იქნება სარაკეტო იერიშები, იქნება დანაკარგები და ტკივილი, ეს უცნაური ინტერვიუები ცალკე საკითხია, ბოლომდე რომ არ ამბობენ სათქმელს. ჩემთვის ერთი რამ გასაგებია, ყველა გვიბიძგებს რუსეთთან მოლაპარაკებებისკენ“.

ამასთანავე, გორდონმა რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარის დავით არახამიას განცხადებაზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ არ ესმის, რატომ გაახმაურა საერთოდ ეს ამბავი. იგულისხმება არახამიას ამასწინანდელი განცხადება, - როდესაც ჩვენ სტამბულის მოლაპარაკებებიდან დავბრუნდით (2002 წლის მარტი - რედ.), კიევში ბორის ჯონსონი ჩამოფრინდა და გვითხრა, - ჩვენ მათთან არაფერს ხელს არ მოვაწერთ, მოდით, უბრალოდ, ვიომოთო..."

"არ მესმის არახამიამ ეს რატომ თქვა, თითქოს ჩაუშვა, დაასმინა. დიდმა ბრიტანეთმა იმდენი რამ გააკეთა უკრაინისთვის, რომ ფეხებში უნდა ვუვარდებოდეთ. ბორის ჯონსონმა პირადად... ის უკრაინის გმირია, არ მესმის, რატომ უნდა დაესმინა, არ მესმის, რა თამაშებს თამაშობენ და რა ხდება. ვეკითხები არახამიას, - რატომ დაასმინე ასე, ამ ადამიანის მადლობელი არ უნდა იყო?“

რაზე წერს "ბილდი“? - აშშ და დიდი ბრიტანეთი იმდენ იარაღს აწვდის უკრაინას, რომ შეძლოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვა, მაგრამ არა იმდენს, რომ შეტევითი პოტენციალი ჰქონდეს. მით უფრო, რომ იმათი იარაღის მარაგიც მცირდება, მხარდაჭერა ძველებური აღარ არის. მოდით, წინ გავიხედოთ და ვიკითხოთ:

შეგვიძლია თუ არა დასავლური იარაღის გარეშე რამის გაკეთება? - არა.

გვაქვს თუ არა ძლიერი მობილიზაციის საშუალება? - არა.

ეს სულელი რუსები მოდიან ფულის სანაცვლოდ, რომ დაიღუპონ. ჩვენი საუკეთესო ხალხი უკვე დაღუპულია. ისინი პირველივე დღიდან მოხალისეებად წავიდნენ, საუკეთესოები სულ პირველები მიდიან. ახლა შეკითხვა, რუსები ზრდიან თავის წარმოებას, გვიტევენ, ჩვენ არ გვაქვს იარაღის საკმარისი მარაგი, არ გვყავს ბიჭები, რაზე მეტყველებს ეს ყველაფერი? თან რუსები ჩვენს ენერგოინფრასტრუქტურას ფიტავენ, უკრაინულ საზოგადოებას ორად ან მეტ ნაწილად ყოფენ, შეუძლიათ დასავლელი პოლიტიკოსების მოსყიდვა. მოდით, ვაღიაროთ, სანქციები არ მუშაობს. არ შეიძლება ქვეყნამ - აგრესორმა ნავთობის გაყიდვიდან 600 მილიარდი დოლარი მიიღოს, ანუ არ მუშაობს ეს სანქციები, ფული აქვთ და შემოსავლები ეზრდებათ. ჩვენ ვერ შევძელით კონტრშეტევა. დასვალეთი გვეტყვის და გვეუბნება უკვე: "ბიჭებო, ხედავთ ხომ, რომ კონტრშეტევა არ გამოგდით. ასეთი მოცულობის ფულს ვეღარ მოგცემთ, იმიტომ რომ ჩვენი გადასახადების გადამხდელ მოქალაქეებს ვერ ავუხსნით. კონტრშეტევა, რომ გამოგსვლოდათ, დავარწმუნებდით ამაში“ , - განაცხადა გორდონმა.

  • მოამზადა ანრი კურტანიძემ