ავტორი:

სკანდალი ბენიამინ ნეთანიაჰუს შვილის გარეშემო: რატომ გაექცა მშობლებს ფლორიდაში და რის გამო აკრიტიკებს ისრაელის თავდაცვას - იაირ ნეთანიაჰუს ქაოსური ცხოვრება და როლი მამის პოლიტიკურ ცხოვრებაში

სკანდალი ბენიამინ ნეთანიაჰუს შვილის გარეშემო: რატომ გაექცა მშობლებს ფლორიდაში და რის გამო აკრიტიკებს ისრაელის თავდაცვას - იაირ ნეთანიაჰუს ქაოსური ცხოვრება და როლი მამის პოლიტიკურ ცხოვრებაში

ისრაელის პრემიერის ვაჟი 7 ოქტომბრის მოვლენებში ქვეყნის თავდაცვის ძალებს ადანაშაულებს - ვინ არის იაირ ნეთანიაჰუ და რა როლი აქვს მას მამის პოლიტიკურ ცხოვრებაში

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ვაჟიშვილმა, იაირ ნეთანიაჰუმ თავის "ტელეგრამზე“ გაავრცელა პოსტი, სადაც 7 ოქტომბერს ჰამასის მიერ თავდასხმაში ქვეყნის თავდაცვას, შინ ბეთსა და უმაღლეს სასამართლოს ადანაშაულებს. ინფორმაციას The Times of Israel ავრცელებს.

  • იაირ ნეთანიაჰუმ, რომელიც მაიამიში მიმდინარე წლის დასაწყისში გადავიდა და ისრაელის ომის მიუხედავად კვლავაც იქ რჩება, გააზიარა კლიპი იმის შესახებ, თუ როგორ შეცვალა უმაღლესმა სასამართლომ უსაფრთხოების ზომები და ინსტრუქციები ღაზას სექტორის საზღვარზე ცეცხლის გახსნის შესახებ.

კლიპში წარმოდგენილი იყო ვიდეო კოჰელეთის პოლიტიკის ფორუმიდან, კონსერვატიული ანალიტიკური ცენტრიდან, რომლის იდეებმაც მთავრობის სადავო სასამართლო პროგრამის იდეოლოგიური საფუძველი შეცვალა. იაირმა ასევე გააზიარა 2 ოქტომბერს ტელეკომპანია "კანში“ გასული სიუჟეტიდან სქრინი, სადაც ამბობდნენ: "შინ ბეთისა და თავდაცვის ძალების გზავნილი პოლიტიკურ ეშელონს: ღაზას სექტორში მშვიდობის შესანარჩუნებლად - ეკონომიკური ოპერაციები, რადგან ღაზამ უნდა იარსებოს".

თავის 14 ათას გამომწერს პრემიერ-მინისტრის შვილმა ასევე გაუზიარა სათაური მე-12 არხის მოხსენებიდან მოთვალთვალე ჯარისკაცების შესახებ, რომლებიც აფრთხილებდნენ „ჰამასის“ გეგმების შესახებ ღაზას საზღვარზე თავდასხმამდე თვეებით ადრე, მაგრამ მეთაურებმა ეს გაფრთხილება არაფრად ჩააგდეს.

პრემიერ-მინისტრის ვაჟი საცხოვრებლად ფლორიდაში მას შემდეგ გადავიდა, რაც სოციალურ ქსელში აქტიურობის შეწყვეტა მას დედ-მამამ სთხოვა, რადგან ეს ყველაფერი აძლიერებდა დაძაბულობას ისრაელში და ამძაფრებდა დიპლომატიურ განხეთქილებას შეერთებულ შტატებთან. მას აკრიტიკებდნენ იმისთვის, რომ ომის დაწყების მიუხედავად, ის დარჩა აშშ-ში, მაშინ როდესაც ათობით ათასი ისრაელელი სამშობლოში სწორედ 7 ოქტომბრის მერე დაბრუნდა, ხოლო 300 000-ზე მეტი რეზერვისტი პირველად წავიდა ომში. გასულ კვირას პრემიერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ იაირი მოხალისედ მუშაობდა შეერთებულ შტატებში და სამხედრო და სასწრაფო სამსახურებისთვის აღჭურვილობას ყიდულობდა.

7 ოქტომბერს ათასობით ტერორისტი ღაზას სექტორიდან სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო გზით შემიჭრა ისრაელის საზღვარზე. მათ მძევლად აიყვანეს დაახლოებით 240 ადამიანი, 1200 კი ადგილზე დაიღუპა. დაღუპულთა უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ, რომლებიც მუსიკალურ ფესტივალზე იმყოფებოდნენ.

პრემიერის უფროსი ვაჟი იაირ ნეთანიაჰუ 1991 წლის 26 ივლისს ისრაელში დაიბადა. ის არის ისრაელის პრემიერ-მინისტრის უფროსი ვაჟი.

დაამთავრა იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტი. ხელოვნების ბაკალავრის ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობებში. ნეთანიაჰუ ასევე სწავლობდა ჰერცლიის ინტერდისციპლინურ ცენტრში და დაამთავრა ხელოვნების მაგისტრის ხარისხი სამთავრობო კვლევებში. ამჟამად ის არის ისრაელელი პოდკასტერი და პოლიტიკური აქტივისტი. ნეთანიაჰუ ცნობილია მამის აქტიური დაცვით სოციალურ ქსელებში: 2017 წელს მან „ფეისბუქზე“ გააზიარა მემე, რომელიც მამამისის პოლიტიკურ ოპონენტებს განასახიერებდა, რომლებსაც ჯორჯ სოროსი აკონტროლებს. ნეგატიური რეაქციების გამო მალე მას პოსტის წაშლა მოუწია. 2018 წლის დეკემბერში „ფეისბუქმა“ ის 24 საათით დაბლოკა. მიზეზი ანტიმუსულმანური კონტენტის პუბლიკაცია იყო.

მისი ერთ-ერთი კომენტარი შემდეგი შინაარსის იყო: "სამყაროში არასოდეს იქნება მშვიდობა ადამიანებად მოვლენილ ამ მონსტრებთან ერთად, რომლებიც 1964 წლის შემდეგ თავის თავს "პალესტინელებს“ უწოდებენ“.

2018 წლის იანვარში, იგი სკანდალში გაეხვია: 2015 წელს ნეთანიაჰუს თელ-ავივის სტრიპტიზ კლუბში ვიზიტის ჩანაწერმა გაჟონა. ჩანაწერში ნეთანიაჰუმ, სტრიპტიზიორების განსჯის გარდა, განიხილა სადავო გაზის გარიგება, რომელსაც ხელი მამამისმა მოაწერა.

მალე ნეთანიაჰუმ ბოდიში მოიხადა და 1 მილიონი შეკელის ოდენობის სარჩელი შეიტანა მისი მძღოლის წინააღმდეგ, რომელმაც, სავარაუდოდ, საუბარი ჩაწერა. 2019 წლის 7 ივლისს მან მოიგო ცილისწამების სარჩელი ისრაელის ლეიბორისტული პარტიის აქტივისტის, აბი ბინიამინის წინააღმდეგ იმის გამო, რომ ეს უკანასკნელი ამტკიცებდა, რომ ნეთანიაჰუ ოფშორულ ანგარიშებში მილიონებს მალავდა.

  • მოამზადა ეკა დარჩიაშვილმა