ავტორი:

"სკამებზე ეძინათ და..." - რას ჰყვებიან "ჰამასის" ტყვეობიდან გათავისუფლებული ადამიანები: როგორ პირობებში უწევდათ ყოფნა და როგორ ექცეოდნენ გამტაცებლები

"სკამებზე ეძინათ  და..." - რას ჰყვებიან "ჰამასის" ტყვეობიდან გათავისუფლებული ადამიანები: როგორ პირობებში უწევდათ ყოფნა და როგორ ექცეოდნენ გამტაცებლები

ბოლო სამი დღის განმავლობაში, "ჰამასმა“ 58 მძევალი გაათავისუფლა - უმეტესობა საავადმყოფოში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. სამედიცინო პერსონალის განცხადებით, მათი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

ტყვეობის პირობების შესახებ ინფორმაცია მკაცრად კონტროლდება, მაგრამ გათავისუფლებული მძევლების ოჯახის წევრები ახლობლების მძიმე გამოცდილების შესახებ მედიასთან საუბრობენ.

  • მერავ რავივმა, რომლის სამი ნათესავი პარასკევს გაათავისუფლეს, ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მძევლებს სკამებზე ეძინათ, ძირითადად ბრინჯითა და პურით იკვებებოდნენ და ტუალეტში წასვლამდე საათობით ლოდინი უწევდათ.

  • 84 წლის იაფა ადარიც გათავისუფლებულ მძევლებს შორისაა. მედიასთან საუბრისას მისი შვილიშვილი ამბობს, რომ იაფამ წონაში საგრძნობლად დაიკლო.

”ბებიამ ახლახან გაიგო, რომ ჩვენი სახლი დაბომბვის შედეგად განადგურდა. 85 წლის ქალისთვის ამის გააზრება ძალიან რთულია. იმ სახლში წლების განმავლობაში ცხოვრობდა, იქ გაიზარდა, მოგონებები აკავშირებდა", - აღნიშნავს იაფას შვილიშვილი.

"ჰამასის“ ტყვეობაში გატარებულ დღეებს განსხვავებულად აღწერს 85 წლის იოჩევედ ლიპშიცი:

"ტყვეებს კარგად გვეპყრობოდნენ და საჭიროების შემთხვევაში, სამედიცინო დახმარებას გვიწევდნენ. დღეში ერთხელ გვაძლევდნენ ყველს, კიტრს და პიტას“, - თქვა ლიპშიცმა და აღნიშნა, რომ ტერორისტებიც იმავეს ჭამდნენ.

გათავისუფლებული მძევლების უმეტესობა ნორმალურ ფიზიკურ მდგომარეობაშია.

გათავისუფლებულ მძევალთაგან ერთ-ერთმა, 78 წლის რუთ მუნდერმა ისრაელის მე-13 ტელევიზიას განუცხადა, რომ ტყვეობაში ქალიშვილთან, კერენთან და შვილიშვილთან, ოჰად მუნდერ-ზიჩრისთან ერთად იმყოფებოდა.

"ჩვენ კარგად ვიყავით. ვჭამდით ქათამს ბრინჯით, ყველა სახის კონსერვთან და ყველთან ერთად. დილა-საღამოს ჩაის გვასმევდნენ, ბავშვებს კი ტკბილეულს აძლევდნენ“, - ამბობს რუთი.

აღსანიშნავია, რომ ისრაელის ორმა ტელევიზიამ, მე-12 და მე-13 არხებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ "ჰამასის" ერთ-ერთი ლიდერი იაჰია სინვარი გვირაბში მძევლების მოსანახულებლად იყო ჩასული, თუმცა ეს ინფორმაცია დაზუსტებული არ არის.