ავტორი:

"კალანდია უპირობო გათავისუფლებას მოითხოვს, მორიგების მიუღწევლობის შემთხვევაში კი..." - რას აცხადებს დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულ მიხეილ კალანდიას ადვოკატი

"კალანდია უპირობო გათავისუფლებას მოითხოვს, მორიგების მიუღწევლობის შემთხვევაში კი..." - რას აცხადებს დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულ მიხეილ კალანდიას ადვოკატი

სტრასბურგის გადაწყვეტილება ამ ეტაპისთვის უმაღლესი შედეგია. მიხეილ კალანდია ახლა უკვე სახელმწიფოს მხრიდან ელოდება ნაბიჯებს, - ამის შესახებ დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებულ მიხეილ კალანდიას ადვოკატმა ზურაბ თოდუამ "ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

როგორც ადვოკატი განმარტავს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოდან მიღებული დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მთავრობას მიხეილ კალანდიასთან 2024 წლის 14 თებერვლამდე შეთანხმების წინადადება მიეცა, იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს უკვე მიღებული აქვს და ის განხილვის ეტაპზეა.

"ასეთ შემთხვევებში, ერთადერთი მოპასუხე, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით, სახელმწიფოა, მას ყველა შემთხვევაში, იუსტიციის სამინისტრო წარმოადგენს. იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში სტრასბურგის სასამართლოდან წერილი უკვე მიღებულია. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, მისი დამუშავება, განხილვა მიმდინარეობს. მიხეილ კალანდია მზად არის, ამ სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილეობა მიიღოს.

კალანდია უპირობო გათავისუფლებას მოითხოვს, დანარჩენზე მერე ვისაუბროთ. ამისთვის სახელმწიფოს 14 თებერვლამდე აქვს ვადა. მიხეილ კალანდია ახლა სახელმწიფოსგან რეაგირებას ელოდება, რა შინაარსის გადაწყვეტილებას, რა შინაარსის მორიგებას გვთავაზობენ, ეს სახელმწიფოსგან უნდა გავიგოთ. შემდეგ, მხარეებს ვალდებულება გვაქვს, რაც ამ ურთიერთობის მანძილზე მოხდა, სტრასბურგის სასამართლოს ვაცნობოთ. მორიგების მიუღწევლობის შემთხვევაში, პირდაპირ წერია, რომ საქმე განხილვის მესამე ეტაპზე გადადის, სადაც სახელმწიფოს მოუწევს, სამ გარემოებაზე პასუხი გასცეს. პირველი, იყო თუ არა კალანდია სამართლიანი სასამართლოს უფლებით უზრუნველყოფილი, ამის დასაბუთება ძალიან გაუჭირდებათ. მეორე, როცა კალანდია მის წინააღმდეგ ჩვენების მიმცემი ადამიანების დაკითხვას ითხოვდა, მიეცა თუ არა მას ამის შესაძლებლობა. მესამე, იყო თუ არა სამართლიანი და ობიექტური დროებითი საპარლამენტო კომისია, რომლის გადაწყვეტილებაც სასამართლო გადაწყვეტილებას წინ უძღოდა“, - განაცხადა თოდუამ.

ცნობისთვის, "კალანდია საქართველოს წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოდან გადაწყვეტილება დაცვის მხარეს 22 ნოემბერს ჩაბარდა. ზურაბ თოდუას განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობას მიხეილ კალანდიასთან შეთანხმების წინადადება 2024 წლის 14 თებერვლამდე მიეცა, ხოლო თუ დათქმულ ვადაში მხარეები ვერ მორიგდებიან, სასამართლო მე-3 ეტაპზე გადადის, რა დროსაც საქართველოს მთავრობამ რიგ კითხვებს პასუხები უნდა გასცეს.