ამერიკელი დემოკრატები მასკის სოციალურ ქსელ X-ს "ჰამასის" პროპაგანდით და ომის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებით სარგებლის მიღებაში ადანაშაულებენ

ამერიკელი დემოკრატები მასკის სოციალურ ქსელ X-ს "ჰამასის" პროპაგანდით და ომის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებით სარგებლის მიღებაში ადანაშაულებენ

აშშ-ს დემოკრატების პალატის ჯგუფმა სოციალური მედია X, ყოფილი twitter-ი "ჰამასის" პროპაგანდასა და ისრაელ-"ჰამასის" ომის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებით სარგებელის მიღებაში დაადანაშაულა. დამოუკიდებელი მკვლევარების ჯგუფის დასკვნით, პლატფორმაზე არაერთი ანგარიშია, რომელიც აშშ-ს მიერ სანქცირებულ ტერორისტულ დაჯგუფებას ადიდებს.

ორ ათეულზე მეტმა ამერიკელმა კანონმდებელმა ხელი მოაწერა წერილს, რომელიც X-ის მფლობელი მასკის და კომპანიის დირექტორის, ლინდა იაკარინოს სახელზე გაიგზავნა.

"კანონმდებლები იმ აშკარა ნიშნების აღმოჩენით აღშფოთებულები არიან, რომელიც მიუთითებს, რომ პლატფორმა ჰამასის ტერორისტული პროპაგანდის გავრცელებით სარგებელს ნახულობს".

  • წერილში ნათქვამია, რომ X არა მხოლოდ ყოველთვიური გადასახადებით, არამედ იმ რეკლამებითაც იღებს შემოსავალს, რომლებსაც 'ჰამასის პროპაგანდისტები" ვებსაიტზე ავრცელებენ.

გასულ თვეში მკვლევარების მიერ გამოქვეყნებულ მოხსენებაში ნათქვამია, რომ მათ მრავალი ისეთი ანგარიში იპოვეს, რომელიც "ჰამასის" იკონოგრაფიის შემცველ ვიდეოებს ყოველდღიურად აზიარებენ. ასევე ნათქვამია, რომ იდენტიფიცირებულია ის ანგარიშებიც, რომლებიც ომთან დაკავშირებულ ცრუ ან დაუსაბუთებელ ინფორამციას ავრცელებენ. ასეთი პოსტები გლობალურად 100-მა მილიონმა ადამიანმა ნახა.

X-ის მფლობელმა, ილონ მასკმა სამშაბათს მოულოდნელად გამოაცხადა, რომ "ღაზის ომთან დაკავშირებული რეკლამებიდან მთლიან შემოსავალს ისრაელის საავადმყოფოებსა და ღაზის წითელ ჯვარს გადასცემს", თუმცა გაურკვეველია, რა სახის რეკლამებზე საუბრობდა და პირდაპირ კავშირშია თუ არა ეს განცხადება დეპუტატების წერილთან.

კომპანიის ბიზნესოპერაციების ხელმძღვანელმა, ჯო ბენაროხმა X-ის გეგმებზე საუბრისგან თავი შეიკავა, თუმცა განაცხადა, რომ შემოწირულობა სოლიდური თანხა იქნება.

წერილში დეპუტატები იაკარინოს და მასკს მოუწოდებენ, რომ ბრალდებებს 1-ლ დეკემბრამდე უპასუხონ.

წყარო: cnn

მოამზადა: ანა სიბოშვილმა