ავტორი:

"თუ წესების მიხედვით მივუდგებით, წულუკიანის განცხადებები შეიძლება განვიხილოთ როგორც თავდასხმა" - მერაბ მეტრეველი მედიაში არსებულ პრობლემებზე

"თუ წესების მიხედვით მივუდგებით, წულუკიანის განცხადებები შეიძლება განვიხილოთ როგორც თავდასხმა" - მერაბ მეტრეველი მედიაში არსებულ პრობლემებზე
  • ავტორი: თიკო გურაშვილი

"პალიტრანიუსის" პოლიტიკური გადაცემების წამყვანი, ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი ხშირად აკრიტიკებს როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას, რასაც პოლიტიკოსებიც დიდწილად კრიტიკით პასუხობენ. განსაკუთრებული სიხშირით აკრიტიკებს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი, რომელიც მის სტატუსებს საკუთარ "ფეისბუქგვერდზე" აზიარებს და კრიტიკის ქარცეცხლში ატარებს. მეტრეველი ამბობს, რომ მინისტრის ქცევა მასზე ნეგატიურ გავლენას ვერ ახდენს, პირიქით, ფიქრობს, რომ წულუკიანი რეკლამას უკეთებს.

"თუ წესების მიხედვით მივუდგებით, შეიძლება განვიხილოთ, როგორც თავდასხმა. გამომდინარე იქიდან, რომ ის არის მინისტრი, თანამდებობის პირი. საჯაროდ ჟურნალისტზე ასეთი განცხადებები, შეიძლება, განიხილებოდეს თავდასხმად, მაგრამ მე ასე არ აღვიქვამ, იმიტომ, რომ წულუკიანის კრიტიკა, არ მგონია, რამე განსაკუთრებულ გავლენას ახდენდეს ჩემზე...“ - ამბობს მეტრეველი.

ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა, როცა წულუკიანმა მეტრეველი გააკრიტიკა, დაახლოებით, ერთი თვის წინ მოხდა, როცა საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხს განიხილავდნენ.

ჟურნალისტმა საკუთარ "ფეისბუქგვერდზე" ასეთი შინაარსის სტატუსი დაწერა:

“ისე, რა მაგარი სიტუაციაა: კობახიძემ დაწერა კონსტიტუცია და ახლა სხვა ცხრა ადამიანს ეკითხება, სწორად ესმის თუ არა მას თავისივე დაწერილი კონსტიტუცია და ამ ცხრამ, ან უნდა დაუდასტუროს, ან არა. უფრო მაგარი ის იქნება, იმ ცხრამ თუ უთხრა, არ გესმის სწორადო”.

მერაბ მეტრეველის სტატუსი თეა წულუკიანმა საკუთარ "ფეისბუქგვერდზე" გააზიარა და ჟურნალისტს, ფაქტობრივად, შეურაცხყოფა მიაყენა.

"ეს უიმედოდ გაუნათლებელი ნახეთ. კანონს წერს კანონმდებელი (1), ხოლო კანონს განმარტავს სასამართლო (2). პირველი კლასის პირველი ან მეორე გაკვეთილი. სამართალზე თუ უნდა წეროს, იმ ჟურნალისტს სამართლის ზოგადი წესები არ უნდა ასწავლონ?“ მინისტრის პოსტი არც მეტრეველმა დატოვა უპასუხოდ და ვრცელად უპასუხა. ჟურნალისტი ფიქრობს, რომ დღეს საქართველოში გამოხატვის თავისუფლება არ იზღუდება, ერთ-ერთ მთავარი პრობლემა პოლარიზაციაა, როგორც პოლიტიკაში, ისე მედიაში.

  • ნახეთ ვიდეოსიუჟეტი, რომელშიც მერაბ მეტრეველი მედიაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს.