ავტორი:

"ოფიციალური წერილიც კი არ არის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ჩვენთან შემოსული - რაზე აქვთ პრეზიდენტს პრეტენზია ვერ გავიგე? რამე მთხოვა და არ გავაკეთე?" - ჯაბა სამუშია

"ოფიციალური წერილიც კი არ არის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ჩვენთან შემოსული - რაზე აქვთ პრეზიდენტს პრეტენზია ვერ გავიგე? რამე მთხოვა და არ გავაკეთე?" - ჯაბა სამუშია

ვეკუთვნი თაობას, რომელიც 90-იანი წლებიდან ველოდებით იმ შანსს, როდესაც ჩვენთვის ევროპის კარი გაიღება, მათ შორის, მანამდე, სანამ ქალბატონი სალომე საქართველოში ჩამოვიდოდა, ასეთი რაღაცის გაფიქრებაც როგორ შეიძლება?! - არანაირი ოფიციალური წერილიც კი არ არის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ჩვენთან შემოსული, - ასე უპასუხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ "ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის კრიტიკას, რომ თსუ-ს რექტორი სტუდენტებს არ აძლევს უფლებას მაგიდები გაშალონ და პეტიციას ხელი მოაწერონ.

როგორც ჯაბა სამუშიამ აღნიშნა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყველასთვის ღიაა, მათ შორის პეტიციისთვის ხელის მოწერის მსურველებისთვის, მაგრამ ამასთან, არსებობს პროტოკოლი, რომლის დაცვაც სასურველია.

"არანაირი ოფიციალური წერილიც კი არ არის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ჩვენთან შემოსული. ვიღაცას ხომ უნდა გაეკეთებინა ამის ორგანიზება. მე იმის თქმა მინდა, რომ თუ ეს იყო პრეზიდენტის იმ ინიციატივის გაგრძელება, რასაც ის ახორციელებს ორბელიანების სასახლეში, მაშინ ხომ წესია პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ავტონომიის მქონე უნივერსიტეტს ერთი ფარატინა ქაღალდი მაინც გამოუგზავნოს, რომ ამაში მხარდაჭერა გამოგვიცხადეთ? ხომ არის წესი და რიგი? ერთი ფურცელი არ არის შემოსული! ცოტა სხვა პროვოკაციის თემაა იმიტომ, რომ მე ვერ ვხდები, რას ნიშნავს ეს. ერთი თხოვნის ფურცელი და მომართვა არ არის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ჩვენთან შემოსული.

მე ვეკუთვნი იმ თაობას, რომელიც 90-იანი წლებიდან ველოდებით იმ შანსს, როდესაც ჩვენთვის ევროპის კარი გაიღება, მათ შორის, მანამდე, სანამ ქალბატონი სალომე საერთოდ საქართველოში ჩამოვიდოდა. წაიკითხეთ თქვენ მიერ გამოცემულ წიგნებში ჩემი პოზიციები ევროინტეგრაციასთან, ნატო-სთან ინტეგრაციასთან, ასეთი რაღაცის გაფიქრებაც როგორ შეიძლება? ეს არის ისტორიული შანსი საქართველოსთვის, მაგრამ არსებობს პროტოკოლური თემა. ავტონომია აქვს უნივერსიტეტს და თუ ვიღაცას რაღაცა უნდა, რაღაც ფურცლით და ელემენტარული მომართვით აკეთებენ ხოლმე. ასე ხომ არ არის, მინდა და ვაკეთო! უნივერსიტეტს თავისი მართვის ორგანო ჰყავს, არის სენატი, არის აკადემიური საბჭო, გადაწყვეტილებებში უნდა ჩვენს კოლეგებსაც ვკითხოთ. მე ეს მინდოდა მეთქვა, რომ არ არსებობს ასეთი მომართვიანობა, რაზე აქვთ პრეტენზია ვერ გავიგე? რამე მთხოვა და არ გავაკეთე? და მეორე, უნივერსიტეტი აბსოლუტურად ღიაა, ნებისმიერს შეუძლია შემოსვლა, აიღოს და მოაწეროს ხელი, ვინმე რამეს ზღუდავს? პირიქით, მთელი უნივერსიტეტი ელოდება 15 დეკემბერს, რომ ეს ისტორიული შანსი ყველამ ერთად იზეიმოს“,- განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

ცნობისთვის, პრეზიდენტის განცხადებით, მას არ ესმის, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი არ აძლევს უფლებას სტუდენტებს, გაშალონ მაგიდები და ხელი მოაწერინონ ძალიან მარტივ განცხადებას.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ პოლიტიკა სხვა საკითხია, სახელმწიფო ინტერესები კი სხვა საკითხია და ის ყველა სივრცეში თავისუფალი უნდა იყოს.

ასევე იხილეთ: