ავტორი:

"წადით, თქვენი..." - ილონ მასკი მიმართავს კომპანიებს, რომლებმაც X-თან თანამშრომლობა შეწყვიტეს

"წადით, თქვენი..." - ილონ მასკი მიმართავს კომპანიებს, რომლებმაც X-თან თანამშრომლობა შეწყვიტეს

ილონ მასკმა იმ კომპანიებს მიმართა, რომლებმაც მისი სოციალური მედიაპლატფორმა X ანტისემიტიზმის პროპაგანდის გამო მიატოვეს. "წადით, თქვენი...", - ასე მიმართა მათ მილიარდერმა.

მასკმა 15 ნოემბერს X-ზე ანტისემიტური პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ის "დიდი ჩანაცვლების თეორიას" დაეთანხმა. თეორია ამტკიცებს, რომ ებრაელები და მემარცხენეები თეთრკანიანი მოსახლეობის ეთნიკურ და კულტურულ ჩანაცვლებას აწარმოებენ და საბოლოოდ, მათი გენოციდი სურთ.

15 ნოემბრის შემდეგ მასკი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ატისემიტური პოსტის გამო კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაეხვა. მან თავდაპირველად, ბოდიში მოიხადა, თუმცა შემდეგ იმ კომპანიებს, რომლებმაც X-თან თანამშრომლობაზე უარი თქვეს, "მოღალატე" უწოდა.

მისი თქმით, რეკლამის განმთავსებელი ორგანიზაციები საერთოდ სათოფეზეც არ უნდა გაეკარონ X-ს და არც ის გაიფიქრონ, რომ მისი შანტაჟის უფლება აქვთ: "წადით, თქვენი... ",- დასძინა მასკმა.

შემდეგ იკითხა, გასაგები იყო თუ არა მისი მიმართვა ბობისთვის (მასკის განცხადებაში იგულისხმებოდა Walt Disney-ს აღმასრულებელი დირექტორი, რობერტ აიჯერი).

მილიარდერმა ასევე ისიც თქვა, რომ მის მიერ გამოქვეყნებული პოსტი მართლაც საშინელი იყო.

მასკის პოსტი თეთრმა სახლმა დაგმო და მას "ანტისემიტური და რასისტული სიძულვილის ამაზრზენი პროპაგანდა" უწოდა. პოსტის გახმაურების შემდეგ, აშშ-ს წამყვანმა კომპანიებმა, მათ შორის Walt Disney-მ, Warner Bros Discovery-მ და NBCUniversal-მა პროტესტის ნიშნად X-ზე რეკლამების განთავსება შეწყვიტეს.

ამის შემდეგ ისრაელშიც კი ჩავიდა და პრემიერ მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა. ვიზიტის დროს მან აღნიშნა, რომ ანტისემიტიზმსა და ყველაფერს, რაც "სიძულვილს და კონფლიქტს უწყობს ხელს" ეწინააღმდეგება და განაცხადა, რომ X-ი არასოდეს წაახალისებს სიძულვილის ენას.

წყარო: nypost

მოამზადა: ანა სიბოშვილმა