ავტორი:

"ოთხი-ხუთი თვე სახლიდან არ გავსულვარ, 24 საათი ვხატავდი" - 25 წლიანი პაუზა და უმოკლეს დროში შექმნილი ულამაზესი ნამუშევრები თენგიზ ყაჭეიშვილისგან, რომლის ნახატები უდიდეს ქვეყნებშია დაცული

"ოთხი-ხუთი თვე სახლიდან არ გავსულვარ, 24 საათი ვხატავდი" - 25 წლიანი პაუზა და უმოკლეს დროში შექმნილი ულამაზესი ნამუშევრები თენგიზ ყაჭეიშვილისგან, რომლის ნახატები უდიდეს ქვეყნებშია დაცული

თბილისში, გალერეა ოპიზარში თენგიზ ყაჭეიშვილის პერსონალური გამოფენა გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 26 ნახატი, რომელიც მხატვარს კუბიზმის სტილში აქვს შესრულებული. ნამუშევრები ფერთა მრავალფეროვანი კონტრასტით გამოირჩევა. თენგიზ ყაჭეიშვილის ნამუშევრები ინახება კერძო კოლექციებში საქართველოში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, საფრანგეთში, გერმანიაში და თურქეთში.

ვინაიდან თენგიზ ყაჭეიშვილის შემოქმედებამ დამთვალიერებლების დიდი ინტერესი გამოიწვია, გადავწყვიტეთ, ხელოვანი ახლოს გაგაცნოთ:

თენგიზ ყაჭეიშვილი:

- სტუდენტობის პერიოდში ვხატავდი, პროფესიით არქიტექტორი ვარ. საკმაოდ კარგად ვხატავდი, მაგრამ შემდეგ ძალიან დიდი ხნის შუალედი მქონდა, დაახლოებით 25 წელიწადი. სტუდენტობის შემდეგ საერთოდ აღარაფერი დამიხატავს...

- შემდეგ რა გახდა გარდამტეხი, რომ ისევ ხატვა დაგეწყოთ?

- არ ვიცი, ალბათ უფლის წყალობა, უფლის ნება... გულიდან წამოვიდა ეს ყველაფერი. ძალიან მინდოდა მეხატა, სულ ვფიქრობდი ბოლო ორი წლის განმავლობაში ხატვა დამეწყო, მაგრამ რაღაც მაბრკოლებდა. ძალიან მიყვარს ხატვა, ნახატები. ყველანაირი ნახატი, პატარა ბავშვიც რომ უცებ რაღაცას დახატავს, ისიც კი... ზუსტად მახსოვს, ზაფხული იყო, ივნისის თვე და უცებ, მოულოდნელად ხატვა გადავწყვიტე. საჭირო ნივთები ვიყიდე - ტილოები, საღებავები, ხატვას შევუდექი... დაახლოებით ოთხი-ხუთი თვის განმავლობაში სახლში ვიყავი, აღარ გამოვსულვარ. მხოლოდ ტილოს საყიდლად თუ გავიდოდი, დანარჩენი სულ, 24 საათის განმავლობაში ვხატავდი. ორი ან სამი საათი თუ დავიძინებდი.

- ანუ თვითნასწავლი მხატვარი ბრძანდებით?

- არქიტექტურის ფაკულტეტი დავამთავრე და მოგეხსენებათ, ჩვენს პერიოდში ამ ფაკულტეტზე ხატვაც - გრაფიკა და ფერწერა ბარდებოდა... თუმცა შემდეგ როგორც მოგახსენეთ, 25 წელი შუალედი მქონდა...

- შემდეგ თავიდან დაწყება რთული არ იყო?

- დიახ, თავიდან ნამდვილად გამიჭირდა... ესკიზებს ვხატავდი და რაც არ მომწონდა, გვერდზე გადავდებდი, ისევ ახალს ვქმნიდი. სხვა მხატვრებისგან ვიხელმძღვანელე, მეგობრებს დავურეკე, მათ რჩევები ვკითხე. პროფესიონალი მხატვრების დახმარებით რაღაცები შევძელი...

- კუბიზმის სტილი გაქვთ შერჩეული?

- დიახ, ძალიან მომწონს და მიყვარს. ალბათ ყველაზე რთული რომ არის, მაგიტომაც ავირჩიე... არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, ბევრი ძალიან კარგად ხატავს, მაგრამ მე ფოტო ნახატები არ მსურდა. ფოტო - ფოტოა და ნახატი - ნახატი.

- გამოფენის შესახებ რას იტყოდით?

- დიახ, 26 ნამუშევარი მქონდა გატანილი, რაც ბოლო ხუთი თვის განმავლობაში დავხატე. გამოფენამ საბედნიეროდ, ძალიან კარგად ჩაიარა, ნამუშევრებმა დიდი მოწონება დაიმსახურა... დამთვალიერებლებს შორის იყვნენ ნაცნობი მხატვრები, მოქანდაკეები... მათ მაღალი შეფასება მისცეს და ამით ძალიან გახარებული ვარ. მაინტერესებდა, რას იტყოდნენ, ძალიან ვნერვიულობდი, მოულოდნელი და ძალიან სასიხარულო იყო ჩემთვის მათი აღფრთოვანება. ეს ჩემი პირველი პერსონალური გამოფენა იყო. დიდი მადლობა მინდა მოვუხადო ყველა მათგანს, ვინც მოსული იყო. მათ ძალიან დიდ პატივს ვცემ..

- კონკურსებში არ მიგიღიათ მონაწილეობა?

- კონკურსში და სიმპოზიუმზე არასოდეს გავსულვარ...

- როგორც ვიცი, თქვენი ნამუშევრები სხვადასხვა ქვეყნის კოლექციებშია დაცული...

- დიახ, ხუთი ნამუშევარი ამერიკაშია, საფრანგეთში - ორი და ასევე თურქეთში...

- როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

- არ უნდა გავჩერდე, სულ უნდა ვხატო.. ამისთვის გადავდე დრო და ჩემი თავი, ხელოვნების ამ სფეროს ბოლომდე მივყვე. ღმერთმა მომცა ამის ძალა და ამ ყველაფერს უფლის სასწაულს მივაწერ.

- როგორი გარემოა დღეს ხელოვანისთვის საქართველოში?

- ნამუშევარს რომ ქმნი და მთელ სულს, გულს დებ, შემდეგ მოდიან და ზოგს სულ მუქთად უნდა. ზოგიერთი კი ხვდება და აფასებს სათანადოდ. მთლიანობაში, მეტად უნდა იყოს ხელოვნება დაფასებული.

- ქართველი ან მსოფლიო მხატვრებიდან ვინ მოახდინა თქვენზე განსაკუთრებულად დიდი გავლენა?

- ძალიან მომწონს - რუსუდან ფეტვიაშვილი... მოქანდაკე - გენო ზაქარაია, ჯონი გოგიბერიშვილი... კიდევ ბევრი არიან, რომელთა შემოქმედებას დიდ პატივს ვცემ.