ავტორი:

ისრაელელი მამაკაცები, რომლებიც დაკარგულებად ითვლებოდნენ, მოკლულები არიან - "მისი ცოლი სახლში იყო, თუმცა გაიტაცეს და..."

ისრაელელი მამაკაცები, რომლებიც დაკარგულებად ითვლებოდნენ, მოკლულები არიან - "მისი ცოლი სახლში იყო, თუმცა გაიტაცეს და..."

ორი ისრაელელი მამაკაცი, რომლებიც "ჰამასის" თავდასხმის შემდეგ დაკარგულებად ითვლებოდნენ, მოკლულები არიან. ინფორმაცია უკვე ოფიციალურად დადასტურდა. როგორც ისრაელის მედია წერს, ავივ ატსილი და ოფირ ცარფატი დაკარგულებად, ან ტყვეებად მიიჩნეოდნენ და ახლა ცნობილია, რომ ორივე მათგანი მოკლულია.

ცარფატი თავის შეყვარებულთან, შოვალთან და მეგობრებთან ერთად, წვეულებაზე იყო და 27 წლის იუბილეს აღნიშნავდა, როცა ტერორისტებმა გაიტაცეს და ღაზაში წაიყვანეს. გარდაცვალების თარიღი და სხვა დეტალები ჯერჯერობით არ სახელდება.

ვარაუდობდნენ, რომ 49 წლის ატსილიც გატაცებული იყო, რადგან 8 ოქტომბერს მისი ტელეფონის სიგნალს ღაზაში მიაკვლიეს. ვინაიდან ცხედარი არ იყო ნაპოვნი, ის დაკარგულად, ან ტყვედ გამოცხადდა.

ავივ ატსილი

მისი ცოლი, ლიატ ბეინინ ატსილი ტერორისტებმა გაიტაცეს, ღაზაში ჰყავდათ და მიმდინარე კვირაში გაათავისუფლეს.

ატსილს სამი შვილი დარჩა. ის კიბუცის, ნირ ოზის სამოქალაქო უსაფრთხოების ჯგუფის წევრი იყო, 7 ოქტომბერს, დილით, როდესაც "ჰამასის" შეჭრის შესახებ შეიტყო, წავიდა ტერორისტებთან საბრძოლველად. მისი ცოლი სახლის უსაფრთხო ოთახში დარჩა, სადაც ტერორისტებმა იპოვეს და მძევლად აიყვანეს.

წყვილის შვილები თავდასხმის შედეგად არ დაშავებულან, რადგან იმ მომენტში ბებიასთან, სხვა სოფელში იყვნენ.