ბედიანის ფსიქიატრიული კლინიკის დირექტორის მოადგილე პროცესზე დუმილის უფლებას იყენებს. "ტვ პირველის" ინფორმაციით, ბრალდებული ვოსკან ვოსკანიანი პროცესზე ბრალდებული მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფება და ტირის. რუსთავის რაიონულ სასამართლოში პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს. ადვოკატი ამტკციებს, რომ კაცი ნაჯახით შეიარაღებული ქალისგან თავს იცავდა.
მკვლელობა წალკაში გუშინ მოხდა. მოკლულია 53 წლის ეკა გულაშვილი. მკვლელობას წინ სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა. მოკლული ქალი სავარაუდო დამნაშავის ყოფილი თანამშრომელი იყო. ის ფსიქიატრიულში მომვლელად მუშაობდა და დაწესებულებიდან რამდენიმე თვის წინ გაათავისუფლეს. არსებობს ვერსია, რომ კონფლიქტი მამაკაცსა და ქალს შორის სწორედ ამის შემდეგ დაიწყო.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 29 ნოემბერს, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბედიანში, ბრალდებულმა, შურისძიების მოტივით, დაზარალებულს, ნაჯახით, თავის არეში ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 30 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ფოტო: ტვ პირველი