უხერხულ სიტუაციებში მოხვედრილი ლიკა ქორქია ეტიკეტს არ არღვევს

უხერხულ სიტუაციებში მოხვედრილი ლიკა ქორქია ეტიკეტს არ არღვევს

მოდელსა და ტელეწამყვანს - ლიკა ქორქიას ოღონდ შოპინგზე ნუ წაიყვან და მზადაა, სახლი დაალაგოს, სადილი მოამზადოს... ლიკას თბილი ტანსაცმლის ჩაცმა არ უყვარს. ახალი წლის დღესასწაულსაც გარუჯული სხეულითა და საზაფხულო სამოსით შეხვდება.

- როცა გადაღებაზე მივდივარ, ყოველთვის კონკრეტულ ვიზაჟისტებს ვითხოვ. ასე იმიტომ არ ვიქცევი, რომ ვინმეს შრომით უკმაყოფილო ვარ. სახის კანი ალერგიული მაქვს, ამიტომ უხარისხო კოსმეტიკას ვერ ვიტან. რამდენიმე ვიზაჟისტს ვიცნობ, რომლებსაც ხარისხიანი კოსმეტიკა აქვთ. ჰოდა, მირჩევნია, გადაღებისთვის მაკიაჟი მათ გამიკეთონ. ერთ-ერთ საახალწლო პროექტთან დაკავშირებით, დღეს საინტერესო ფოტოსესიაში ვმონაწილეობდი, მაგრამ მაკიაჟზე ვერ შევთანხმდით. ამიტომ ვთქვი, - უმაკიაჟოდ გადამიღეთ-მეთქი. გარუჯულ კანზე კიდევ რაღაცას რომ გისვამენ, საშინელებაა!..

- ყოველდღიურად მაკიაჟს არ იკეთებ?

- არა. რადგან გარუჯული ვარ, სახეზე მკვებავ კრემს ვისვამ. ერთი სული მაქვს ხოლმე, მუშაობას როდის დავამთავრებ, რომ პირი დავიბანო!

- საკუთარი სურვილით, მაკიაჟს რა შემთხვევაში იკეთებ?

- ყველაფერს თავისი წესი აქვს და ეტიკეტი უნდა დაიცვა: არსებობს ადგილები, სადაც ჯინსით და კედებით ვერ მიხვალ. იმავეს თქმა შეიძლება მაკიაჟზე, ვარცხნილობაზე... პირადად მე, ძალიან მაგარ ღონისძიებებზე ხშირად, უხერხულ სიტუაციაში მოვხვედრილვარ. ვფიქრობ ხოლმე, - ყველაზე გამოპრანჭული რატომ ვარ-მეთქი?.. ასე იმიტომ ხდება, რომ ღონისძიების შესაფერის ფორმაში სხვები არ არიან. ამის გამო, უმცირესობაში ვხვდები. წესით, უნდა წავიდე და სამოსი გამოვიცვალო, მაგრამ ასე არ ვიქცევი...

- ახალი, 2011 წლის მოდის ტენდენციებში უკვე გაერკვიე? დიდ მნიშვნელობას ანიჭებ - რა არის მოდაში?

- მოდის ტენდენციებში უკვე გავერკვიე. როცა ჩემს სამუშაოს მოვრჩები, საიტებზე მოდის ტენდენციებს ვეცნობი ხოლმე. ბოლო დროს ხშირად ვაწყდები ასეთ ფაქტს: რაღაც მოდაშია, მაგრამ ადამიანს არ უხდება. ამ შემთხვევაში, მოდური სამოსის ჩაცმა აუცილებელი არ არის. შეიძლება, ხალხმა აღნიშნოს, რომ კარგი ფეხსაცმელი გაცვია, მაგრამ იმასაც იტყვიან, - ვაიმე, რა ცუდი ფეხები აქვს, ეს ფეხსაცმელი როგორ არ უხდებაო! შესაბამისად, ისეთი სამოსი უნდა ჩაიცვა, რომელშიც თავს კომფორტულად გრძნობ და დარწმუნებული ხარ, რომ ლამაზად გამოიყურები. ასეთ დროს შეიძლება, ბევრ, "მოდურად" ჩაცმულ ადამიანს სჯობდე, რომელსაც სამოსში "ისტერიკული" თანხა აქვს გადახდილი, მაგრამ გოიმურად გამოიყურება, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანს მატერიალური შესაძლებლობა აქვს, მაგრამ გემოვნება - არა.

- შენს გარდერობში ყველაზე ძვირად ღირებული რა არის?

- გარეთ რომ გავდივარ და ამდენ გაჭირვებულ ადამიანს ვხედავ, იმაზე საუბარი მერიდება, თუ რა თანხა გადავიხადე ფეხსაცმელსა და ჩანთაში, ჩემი თავის მრცხვენია... ყოფილა შემთხვევები, როცა რაღაც განსაკუთრებულად მომწონებია და ამ ნივთის ყიდვაზე უარი ვერ მითქვამს. ჩემი სისუსტე ძირითადად, ფეხსაცმელი და სათვალეა.

- შენ და შენი და - ანი ერთმანეთის სამოსს თუ იყენებთ?

- კი, თან - ისე ხშირად, რომ ხალხს ერთმანეთში ვეშლებით (იცინის). სამოსთან დაკავშირებით, ბავშვობაში ვკამათობდით, რადგან მე მოწესრიგებული ბავშვი ვიყავი - მეორე დღისთვის ჩასაცმელ სამოსს ღამით ვაუთოებდი. ანი ჩემზე ადრე იღვიძებდა და ჩემ მიერ გამზადებულ ტანსაცმელს იცვამდა. ამიტომ ვეჩხუბებოდი. ახლა საერთოდ არ ვჩხუბობთ. ტანსაცმელს ყოველთვის ანი ყიდულობს. შოპინგი ყველაზე მეტად მეზარება. შემიძლია, სახლი დავალაგო, სადილი მოვამზადო, ოღონდ შოპინგზე ნუ წამიყვან! სამაგიეროდ, როცა საქმე კოსმეტიკას ეხება, ყოველთვის მზად ვარ!.. როცა ევროპაში მივდივარ, ყოველთვის მიმაქვს სია, თუ რა სამოსი სჭირდება ანის. ჩემთვის ვერაფერს ვარჩევ. ამ ცოტა ხნის წინ, ლექციის შემდეგ, მაღაზიაში შევედი. ტანსაცმელს იმდენი ხანი ვარჩევდი, რომ გამყიდველი ძალიან შეწუხდა. მოთმინების ძაფი რომ გაუწყდა, მკითხა: - გოგონა, რაიმეს ყიდულობთო? - კი, - ვუპასუხე და რაღაც ჯემპრს დავავლე ხელი, - ეს მინდა-მეთქი. თურმე ბიჭის უზარმაზარი ჯემპრი ყოფილა, მაგრამ მაინც ვიყიდე. ნაცრისფერი, "მახინჯი" სამოსია, ტანზე ხალათივით მაქვს, მაგრამ ძალიან თბილია.

- გაცვია ხოლმე?

- კი, როგორ არა?! შინ ვიცვამ... ანიმ ეს ჯემპრი რომ ნახა, მითხრა: რა თქმა უნდა, მაღაზიაში ბევრი კარგი რაღაც იყო, შენ კი ვერაფერი შეარჩიე და ამას "მიადექიო"...

- ტელეეთერისთვის სამოსს ვინმე გირჩევს?

- თავად ვარჩევ.

- შენთვის ესეც მოსაბეზრებელი პროცესია?

- უფრო დავიძაბებოდი, ჩემს ჩაცმულობაზე სხვას რომ ეზრუნა.

- შენი სამოსის მიხედვით შენი განწყობილების გამოცნობა იოლია?

- კი, ძალიან. ყველა მეუბნება, - რომ გიყურებ, ბედნიერი ვარო (იცინის). მართალია, შავი ფერის სამოსი ძალიან ლამაზია, მაგრამ რატომღაც, ცუდ განწყობილებაზე მაყენებს. სხვათა შორის, შავი ტანსაცმელი გუშინ მეცვა, მაგრამ ამჯერად, ჩემს ხასიათზე ცუდად არ უმოქმედია. ჩემი საყვარელი ფერებია: წითელი, თეთრი, ლურჯი, იისფერი... მოსაწყენი ფერები ჩემს ხასიათზე უარყოფითად მოქმედებს.

- შენთვის განსაკუთრებულად საყვარელი სამოსი რომელია?

- ჯინსის შარვლები და მაისურები მიყვარს! ტანსაცმლის "ამოჩემება" ბავშვობაში უფრო მჩვეოდა. 5 წელია, გარეთ ჯემპრი არ მცმია. ზამთარშიც თხელი სამოსით დავდივარ. არასოდეს მცივა. ძალიან ცივ ამინდში მაისური და ქურთუკი მაცვია ხოლმე.

- თმა თუ შეგიღებავს?

- ჩემთვის ეს ძალიან "რთული" თემაა: ღია ფერის თმა მაქვს; ზღვაზე ყოფნისას, ისე მიხუნდება, რომ მელოტი გეგონებით. ანიმ მითხრა: სასწრაფოდ უნდა შეიღებო, თორემ რას ჰგავხარ, ვერ გავიგეო! შავგვრემანი, მუქთმიანი გოგონები ძალიან მომწონს. გადავწყვიტე, "გავმუქებულიყავი". ასეც მოვიქეცი, მაგრამ ერთ კვირაში თმიდან საღებავი მომშორდა და იძულებული გავხდი, ყოველკვირა შემეღება. ბოლოს თმა დამეწვა. დილით რომ ვიღვიძებდი, ჩემი დამწვარ-დახვეული თმა "გაგიჟებული" იყო. სტილისტმა მითხრა, - ასეთი თმით ჩემთან აღარ მოხვიდეო. ვუპასუხე, - რაც გინდა, ის ქენი-მეთქი, - მან კი თმა შემჭრა... სხვათა შორის, თმაში დიდი ენერგიაა: ოდნავ რომ შევიჭრი, თავისუფლად ვგრძნობ ხოლმე თავს.

- სალონებს ხშირად სტუმრობ?

- კი, მაგრამ რომ გითხრა, ძირითადად, იქ თმის დასავარცხნად მივდივარ-მეთქი, სიმართლე არ იქნება. სალონში ორთქლის აბაზანებს, თმის ნიღბებს ვიკეთებ.

- ახალი წლის დღესასწაულს სად შეხვდები, უკვე გადაწყვიტე?

- მეგობრებთან ერთად, ბარსელონაში წასვლას ვაპირებდი. ამისთვის Aენერგიულად ვემზადებოდი. ყოველდღე თითო მეგობარი "მაკლდებოდა" - გადაწყვეტილება შეცვალეს. ბოლოს ანიმაც მითხრა: მგონი, ბარსელონაში გამგზავრება მეზარებაო... მერე გუდაურში წასვლა მინდოდა, მაგრამ იქ გაურკვეველი სიტუაციაა - თოვლი არ მოსულა. შემდეგ, ბათუმში წასვლას ვაპირებდი, მაგრამ თავი შევიკავე... მოკლედ, ახალ წელს თბილისში, მეგობრებთან ერთად შევხვდები.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები