ავტორი:

ისრაელმა ერთი წლით ადრე იცოდა "ჰამასის" თავდასხმის გეგმის შესახებ - რა ეწერა საიდუმლო დოკუმენტებში და რატომ არ მიაქციეს ყურადღება "იერიხონის გეგმას" ისრაელში: New York Times-ის გამოძიება

ისრაელმა ერთი წლით ადრე იცოდა "ჰამასის" თავდასხმის გეგმის შესახებ - რა ეწერა საიდუმლო დოკუმენტებში და რატომ არ მიაქციეს ყურადღება "იერიხონის გეგმას" ისრაელში: New York Times-ის გამოძიება

ისრაელის ოფიციალურმა პირებმა "ჰამასის" გეგმის შესახებ, რომელიც ისრაელზე უპრეცედენტო თავდასხმას გულისხმობდა, ერთი წლით ადრე იცოდნენ, - ამის შესახებ New York Times წერს. გამოცემის ჟურნალისტებმა ჩაატარეს გამოძიება და მოიპოვეს საიდუმლო დოკუმენტები.

New York Times-ის ცნობით, ისრაელის სამხედრო დაზვერვას ჰქონდა 40-გვერდიანი დოკუმენტი, სადაც დეტალურად იყო აღწერილი "ჰამასის" ფართომასშტაბიანი თავდასხმის გეგმა, რომლის განხორციელების შემდეგ, ისრაელში დაახლოებით, 1200 ადამიანი დაიღუპა.

დოკუმენტი დაზვერვის წრეებში კოდური სახელწოდებით - "იერიხონის კედელი“ ვრცელდებოდა. აღსანიშნავია, რომ იქ არ იყო თავდასხმის შესაძლო თარიღი დაკონკრეტებული, მაგრამ განსაზღვრული იყო ზუსტი პუნქტები და ობიექტები, რომლებზეც იგეგმებოდა შეტევა.

დოკუმენტში აღწერილი იყო ის იარაღი, რაკეტები დრონები, სისტემები, რომლითაც თავდასხმა განხორციელდებოდა, ასევე საუბარი იყო "ჰამასის" მებრძოლებზე, რომლებიც ისრაელის მხარეს გადავიდოდნენ პარაპლანით, მანქანითა და ფეხით.

როგორც New York Times-ი წერს, ისრაელის შიდა სამხედრო შეფასება ამ გეგმის მიმართ ასეთი გახლდათ - შეუძლებელი გაირკვეს, ეს გეგმა არის თუ არა მიღებული და დამტკიცებული "ჰამასის" ლიდერების მიერ. ასევე, შეუძლებელია გაირკვეს, ეს გეგმა რეალობაში რამდენად "იმუშავებს".

აღსანიშნავია, რომ როგორც გაირკვა, მიმდინარე წლის ივლისში, ელიტარული დაზვერვის განყოფილებამ არაერთხელ გააფრთხილა ისრაელი, რომ "ჰამასმა" ახლახან ჩაატარა სამხედრო წვრთნა, რომელიც მრავალი თვალსაზრისით წააგავდა "იერიხონის კედლის“ დოკუმენტის სამხედრო გეგმას. მაგრამ ღაზაზე პასუხისმგებელმა სამხედრო განყოფილების პოლკოვნიკმა ეს გაფრთხილებები უგულებელყო.

  • "მე სრულიად უარვყოფ მოსაზრებას, რომ ეს სცენარი წარმოსახვითია, ეს გეგმაა, რომელიც ომის დასაწყებად არის გამიზნული და არა უბრალოდ, სოფლის დასარბევად“, - წერდა დაზვერვის ანალიტიკოსი დაშიფრულ წერილებში, რომელიც გამოცემამ მოიპოვა.

"ჩვენ უკვე გვაქვს მსგავსი გამოცდილება - 50 წლის წინ არსებობდა გეგმა, რომელიც წარმოსახვითი ჩანდა. ჩვენი ისტორია შესაძლოა განმეორდეს, თუ ფრთხილად არ ვიქნებით“, - წერს ის კოლეგებს თითქმის წინასწარმეტყველურად და 1977 წლის იომ-ქიფურის ომზე მიუთითებს.

New York Times-ის ცნობით, უცნობია, იცოდა თუ არა "იერიხონის კედლის“ გეგმის შესახებ პრემიერ -მინისტრმა ბენიამინ ნათანიაჰუმ.

  • ავტორი: ანრი კურტანიძე