ავტორი:

"სოხუმის ბულვარში ვსეირნობდით, უცებ გამოჩნდნენ მამაკაცები, ხელები ერთად შეკრეს, მედეა "ტახტრევანზე" დასვეს და ასე მიაბრძანეს თავის ვილაში" - რას ჰყვებიან ლეგენდარულ სოპრანოზე

"სოხუმის ბულვარში ვსეირნობდით, უცებ გამოჩნდნენ მამაკაცები, ხელები ერთად შეკრეს, მედეა "ტახტრევანზე" დასვეს და ასე მიაბრძანეს თავის ვილაში" - რას ჰყვებიან ლეგენდარულ სოპრანოზე

93 წლის ასაკში გარდაიცვალა სახალხო არტისტი, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, თამარ მეფისა და ღირსების ორდენის მფლობელი, ლეგენდარული სოპრანო, ქალბატონი მედეა ამირანაშვილი.

მედეა ამირანაშვილმა 1954 წელს დაამთავრა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია და იმავე წელს შედგა მისი დებიუტი ზ.ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე, რის შემდეგაც იყო ამ თეატრის წამყვანი სოლისტი და ასრულებდა სოპრანოს მთავარ პარტიებს: მარო, ეთერი და მარეხი (ფალიაშვილის “დაისი” და “აბესალომ და ეთერი”), მზია (თაქთაქიშვილის “მინდია”), ლელა (ლაღიძის “ლელა”), ტატიანა (ჩაიკოვსკის “ევგენი ონეგინი”), ზემფირა (რახმანინოვის “ალეკო”), ბატერფლაი (საერთაშორისო პრემია, ტოკიო, 1970)...

მედეა ამირანაშვილი საქართველოსა და საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, თბილისის კონსერვატორიის პროფესორი, აკადემიკოსი, ღირსების ორდენის კავალერი და საერთაშორისო კონკურსების ლაურეატია...

გია ონიანი, ტენორი:

- ცნობილი ფაქტი შემიძლია აღვნიშნო: 1970 წელს, იაპონიაში, მედეა ამირანაშვილი "საუკეთესო ბატერფლაიდ" აღიარეს. ისეთ ეპოქაში, როცა რენატა ტებალდი, ლეილა გენჩერი და მარია კალასი არსებობდნენ... მეტი რომ არაფერი გაეკეთებინა, ეს ეყოფა ადამიანს ისტორიაში შესასვლელად...

ამ დროს, ძეფირელის ფილმ-ოპერაში - "მადამ ბატერფლაი", სადაც მირელა ფრენი ასრულებს ბატერფლაის როლს, ცხოვრებაში ერთხელაც ვერ გაბედა ეგ როლი ემღერა, ფილმში კი მხოლოდ სტუდიურად ჩაწერა ჯერ და მერე გადაიღეს... ამდენად ურთულესი როლია, სოპრანოების საჯილდაო ქვა...

სიმბოლურია, რომ კალასის დაბადებიდან 100 წლისთავზე გარდაიცვალა...

მედეა ამირანაშვილი
მედეა ამირანაშვილი

მანანა ჩიქოვანი, პიანისტი, მსოფლიო ბარიტონის - ლადო ათანელის მეუღლე:

- 18 წლის ვიყავი, მედეა ამირანაშვილმა რომ მომნათლა. იმ დროს ეკლესიაში არ შეიძლებოდა წასვლა, ვინაიდან ყველას უთვალთვალებდნენ, ამიტომ, ნათლობა ჩვენთან სახლში შედგა. ჩემი მეორე ნათლია იყო გულიკო ჭარხალაშვილი, ოპერის ექიმი, ძალიან მაღალი დონის, ყველა მსახიობი, როგორც ოპერის, ასევე, დრამატული თეატრის, მასთან მკურნალობდნენ. მახსოვს, მედეამ პარიზში გასტროლის შემდეგ, წითელი კაბა ჩამომიტანა, თავისი ოქროსფერი ქამრით, ეს იყო დაუვიწყარი საჩუქარი მისგან.

მინდა გავიხსენო კურიოზი, სოხუმში ჩვენი ერთად დასვენების დღეები, ყველანი ერთად სოხუმის ბულვარში ვსეირნობდით, მე პატარა ვიყავი და სულ წინ გავრბოდი, რომ მოვიხედე, დავინახე, რომ მედეას ახალი ფეხსაცმელი, როგორც ეტყობა, ძალიან უჭერდა, გაეხადა და ფეხშიშველი მოდიოდა, უცებ გამოჩნდნენ მამაკაცები (როგორც მერე გავიგეთ, სოხუმის დრამატული თეატრის მსახიობები), რომლებმაც ხელები ერთად შეკრეს, მედეა “ტახტრევანზე” დასვეს და ასე მიაბრძანეს თავის ვილაში...

მედეა ამირანაშვილი
მედეა ამირანაშვილი

ნანა ქავთარაშვილი, სოპრანო:

- ქალბატონი მედეა იყო მეოცე საუკუნის უდიდესი საოპერო მომღერალი. ძალიან ყურადღებიანი, გულისხმიერი, სტუმართმოყვარე პიროვნება... ჩვენი თაობის მომღერლების კეთილისმსურველი და ახალგაზრდა მომღერლების დიდი გულშემატკივარი გახლდათ. მე პირადად, ახლოს გავიცანი, როცა აიდა ვიმღერე ოპერის თეატრში, სეზონის გახსნაზე, 2005 წელს. მას ძალიან მოსწონდა ჩემი ხმა და ყოველთვის მგულშემატკივრობდა. მე მათი ოჯახის ხშირი სტუმარი ვიყავი. განუწყვეტლივ სუფრა იყო გაშლილი მედეა პეტროვნას ოჯახში. ყოველთვის სტუმრები ჰყავდა სახლში, განსაკუთრებით, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები. ძალიან მეგობრული იყო, ცოცხალი, ენერგიული. ბავშვურად შემოდიოდა ყველასთან კონტაქტში. გვედაქალებოდა, არ გვერიდებოდა მასთან არც ჭორაობის, რასაც გვინდოდა, ვყვებოდით, ვხუმრობდით. განაგრძეთ კითხვა